Batumelebi | ასწრებს თუ ვერა აჭარის ტელევიზიის მოქმედი მრჩეველთა საბჭო ახალი დირექტორის არჩევას ასწრებს თუ ვერა აჭარის ტელევიზიის მოქმედი მრჩეველთა საბჭო ახალი დირექტორის არჩევას – Batumelebi
RU | GE  

ასწრებს თუ ვერა აჭარის ტელევიზიის მოქმედი მრჩეველთა საბჭო ახალი დირექტორის არჩევას

დღეს, 27 აგვისტოს, აჭარის უმაღლესმა საბჭომ აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს 4 წევრის შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა.

საქმიანობის უფლებამოსილების ვადა ეწურებათ და საბჭოს დატოვებენ: ნატა იმედაიშვილი, ირაკლი დარცმელიძე, ბეჟან გობაძე და გიორგი ირემაძე. საბჭოში დარჩება მხოლოდ ერთი წევრი, გიგა ჩხარტიშვილი, რომელიც ერთი წლის წინ აირჩიეს მრჩეველთა საბჭოს წევრად.

ამჟამად აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს გამოცხადებული აქვს კონკურსი აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის შესარჩევად. საბჭო აპრილის შემდეგ უკვე მეოთხედ ცდილობს ტელევიზიის დირექტორის არჩევას, წინა სამ ჯერზე კონკურსი ჩაიშალა, რადგან ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო გამარჯვებისთვის საჭირო, 3 ხმის მიღება.

მრჩეველთა საბჭოს ამჟამინდელ შემადგენლობა აჭარის უმაღლესმა საბჭომ 2013 წლის 17 ოქტომბერს დაამტკიცა, შესაბამისად, საბჭოს ამა წლის 17 ოქტომბრამდე აქვს მუშაობის ვადა.

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის კონკურსზე განაცხადები 24 სექტემბრის ჩათვლით მიიღება, შემდეგ მოხდება საბუთების შერჩევა და გაიმართება გასაუბრება კანდიდატებთან. აქამდე არსებული პრაქტიკით, მრჩეველთა საბჭო საშუალოდ 3 დღეს ანდომებს კანდიდატებთან გასაუბრებას და გასაუბრების დასრულებისთანავე მართავს კენჭისყრას. ასე რომ, მრჩეველთა საბჭოს ამჟამინდელ შემადგენლობას შეუძლია მეოთხე ცდაზე აირჩიოს აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის ადგილი 19 აპრილიდანაა ვაკანტური, როცა მრჩეველთა საბჭომ ნათია კაპანაძე თანამდებობიდან გადააყენა, თუმცა აპრილიდან ამ დრომდე საბჭომ ვერ შეძლო ახალი დირექტორის არჩევა.

პირველ კონკურსში ორი ხმა მიიღო მერაბ წულიკიძემ, ერთი ხმა – ნათია ზოიძემ, ერთი – ირმა ზოიძემ და ერთი ხმა მიიღო ბაჩო გურაბანიძემ. მეორე ჯერზე კონკურსში ორი ხმა მიიღო მერაბ წულუკიძემ და ორი ხმა – თინა ცისკარაძემ, საბჭოს ერთმა წევრმა კი ბიულეტენზე ძველი დირექტორის, ნათია კაპანაძის სახელი წააწერა; მესამე კონკურსში მოულოდნელად ორი ხმა მიიღო გიორგი კოხრეიძემ, რომელიც წინა ორ ჯერზე გამოცხადებულ კონკურსშიც მონაწილეობდა, მაგრამ არც ერთი ხმა არ მიუღია და ერთი ხმა მიიღო თინა ცისკარაძემ. მესამე კონკურსში კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო ბეჟან გობაძემ, ხოლო საბჭოს წევრი გიორგი ირემაძე სხდომას არ ესწრებოდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com