მთავარი,სიახლეები

აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს 4 წევრის შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა

27.08.2019 • 1364
აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს 4 წევრის შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა

დღეს, 27 აგვისტოს, აჭარის უმაღლესმა საბჭომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს 4 წევრის შესარჩევად ღია კონკურსი გამოაცხადა.

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს 4 წევრს: ნატა იმედაიშვილს, ირაკლი დარცმელიძეს, გიორგი ირემაძეს და ბეჟან გობაძეს უფლებამოსილების ვადა ოქტომბერში ეწურებათ, საბჭოში რჩება ერთი წევრი – გიგა ჩხარტიშვილი, რომელიც 2018 წლის პირველ ნოემბერს აირჩია უმაღლესმა საბჭომ აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრად.

მრჩევლობის კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი, უნდა ჰქონდეს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიერი ხარისხი და არანაკლებ 10-წლიანი მუშაობის გამოცდილება, მათ შორის 5 წელი ჟურნალისტიკის, ადამიანის უფლებათა დაცვის, საფინანსო, ელექტრონული კომუნიკაციების, სახელოვნებო, სამწერლო ან/და სამეცნიერო-პედაგოგიურ სფეროში.

მრჩევლობის კანდიდატთა განაცხადები მიიღება აჭარის უმაღლეს საბჭოში 2019 წლის 26 სექტემბრის ჩათვლით.

მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის ანაზღაურება 2 900 ლარია, მოადგილის – 2 700 ლარი, წევრის კი – 2 625 ლარი. აჭარის უმაღლესი საბჭო ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრს 6 წლის ვადით ირჩევს.

კანონის თანახმად, მრჩეველთა კანდიდატურების წარდგენის ვადის ამოწურვიდან 5 კალენდარული დღის ვადაში იქმნება 5 წევრისაგან შემდგარი საკონკურსო კომისია. საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში უნდა შედიოდნენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

მრჩეველთა საბჭოს წევრობის მსურველი ვალდებულია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს წარუდგინოს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს განვითარების კონცეფცია, რომელიც საჯაროდ უნდა გამოქვეყნდეს, ასევე, კანდიდატმა მონაწილეობა უნდა მიიღოს დებატებში, რომელიც გაიმართება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ მრჩეველთა არჩევამდე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: