მთავარი,სიახლეები

„კურიერის“ წამყვანებმა რუსთავი 2 პირდაპირ ეთერში დატოვეს [ვიდეო]

20.08.2019
„კურიერის“ წამყვანებმა რუსთავი 2 პირდაპირ ეთერში დატოვეს [ვიდეო]

20 აგვისტოს, საღამოს ცხრა საათზე, რუსთავი 2-ზე „კურიერი“ ჩვეულ ფორმატში არ გავიდა. „კურიერის“ წამყვანებმა, დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა, არხი პირდაპირ ეთერში დატოვეს.

„13 წელია ამ სტუდიიდან გესალმებით და დღეს იმაზე მეტად ვღელავ, ვიდრე მაშინ, როდესაც პირველად ვთქვი: “ეთერშია კურიერი 9 საათზე”…

მე და ჩემმა კოლეგებმა ამ არხზე ბევრი ომი გამოვიარეთ, რუსთავი 2 და კურიერი არ დამიტოვებია არც მაშინ, როდესაც ახალი ამბების სტუდია რუსული ბომბდამშენების სამიზნე იყო.

მე ამ სივრცეში გამოვიარე ყველაფერი, ყველა დრო და განსაკუთრებული თავისუფლება მოიტანა  ბოლო შვიდმა წელმა, რისთვისაც მადლობა მინდა ვუთხრა ნიკა გვარამიას.

კურიერის თავისუფლების ხარისხის გარანტი ასევე იყო ნოდარ მელაძე, ის დღეს ივანიშვილის რეჟიმმა გაათავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან. რუსთავი 2 ეს არ არის ლოგო, ეს იყო ჩვენი ცხოვრება და როგორც ნოდარ მელაძემ ერთ-ერთ თავის ბოლო ეთერში თქვა – თავისუფლების ტერიტორია. ეს არხი პროფესიონალი და ერთგული ადამიანების ერთობაა. ყველას წარმატებას ვუსურვებ, მათაც, ვისაც ჯერ კიდევ სჯერა, რომ ბიძინა ივანიშვილის ტელევიზიაში შეინარჩუნებს თავისუფლებას.

მე, დიანა ჯოჯუა, აფხაზეთიდან კრემლის მიერ გამოგდებული, ვერც ერთი მიზეზით, ვერანაირი დაშვებით, ვერ დავჯდები იმ ეთერში, რომელიც ამ ქვეყანაში კრემლის მთავარი მსახურის, ბიძინა ივანიშვილისაა. დღეს მე იძულებული ვარ გითხრათ ნახვამდის. ჩვენ ვიომეთ, თუმცა დღეს ბიძინა ივანიშვილმა საბოლოოდ მოახდინა არხის ოკუპაცია. ჩვენ წაგვართვეს თავისუფალი სიტყვა“.

დღეს „რუსთავი 2-ის“ გენერალურმა დირექტორმა თანამდებობიდან გაათავისუფლა საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ნოდარ მელაძე და არხის სხვა თანამშრომლების გათავისუფლების შესახებაც დაანონსა.

 

https://www.facebook.com/batumelebi/videos/1195386600664676/

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: