სიახლეები

წამების კადრების გავრცელებით არღვევს თუ არა „ობიექტივი“ კანონს?

27.10.2015 • 1943
წამების კადრების გავრცელებით არღვევს თუ არა „ობიექტივი“ კანონს?


ნათია კაპანაძე, მედიასამართლის სპეციალისტი
ნათია კაპანაძე, მედიასამართლის სპეციალისტი

მაუწყებილის ქცევის კოდექსი და მაუწყებლობის შესახებ კანონი, ამ ორი აქტით რომ ვიმსჯელოთ, რამდენად კანონიერია წამების კადრების გავრცელება ტელევიზიის ეთერში?

მაუწყებლობის შესახებ კანონში წერია, რომ „არსებობს პროგრამული შეზღუდვები მაუწყებლებისთვის და ამ დროს აკრძალულია ისეთი გადაცემები, სადაც რაიმე ფორმით მოხდება შუღლის გაღვივება, დისკრიმინაცია, ძალადობის წაქეზება. ასევე აკრძალულია პორნოგრაფიის, ადამიანის ღირსებისა და ძირითად თავისუფლებათა შემლახავი ისეთი გადაცემების ან რეკლამის განთავსება, რომელიც შეიცავს უხამსობას.

 

მაუწყებელთა ქცევის კოდექსში უშუალოდ არის ჩამოთვლილი ის რეგულაციები, მსგავსი შემთხვევები როგორ უნდა გაშუქდეს. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ მსგავსი მასალები შეიძლება გაუშვას მაუწყებელმა დილის 06 საათიდან 24:00 საათამდე დროის შუალედებში.

 

„ობიექტივი“ თავის განცხადებაში ამბობს კიდეც, რომ წამების კადრებს ავრცელებს ღამის პირველის ხუთი წუთიდან. შესაბამისად, ირღვევა თუ არა კანონი?

გარდა საათობრივი შეზღუდვისა, რომელიც არეგულირებს მსგავსი მასალების განთავსებას ეთერში, მაუწყებელთა ქცევის კოდექსში არის მითითებები, მაგალითად, დანაშაულის და ანტისოციალური ქმედების გაშუქებაზე – ამ შემთხვევაში მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს ეჭვმიტანილთა, მოწმეთა, დაზარალებულთა და მათი ოჯახის წევრების კანონიერი ინტერესების დაცვა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს  ახალი დანაშაულის წახალისება – კონკრეტულმა გადაცემამ არ უნდა გამოიწვიოს ანტისოციალური ქცევები. მნიშვნელოვანია, რომ მედიასაშუალებამ თავი აარიდოს ძალადობის სენსაციად გადაქცევას, ხოლო მსგავსი კადრების ეთერში მოხვედრით, ძალადობის ფაქტების სენსაციად გადაქცევას  გვერდს ვერ ავუვლით.

 

ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ შოკისმომგვრელი მასალების გამოყენებისას ფრთხილი ანალიზი ჩაატაროს მაუწყებელმა, რადგან აუდიტორიის საავარაუდო რეაქცია უნდა გაითვალისწინოს. ანუ უნდა გაითვალისწინოს მსგავსი კადრების გავრცელების შემთხვევაში მოყვება თუ არა ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა და ახალი დანაშაულებრივი ქმედება ხომ არ იქნება წახალისებულ-წაქეზებული. ეს არის ზოგადი წესები, რომელიც ვრცელდება მთლიანად 24 საათზე.

 

თუკი არსებობს ასეთი რისკი, შეუძლებელია მსგავსი კადრების ტირაჟირება გამართლდეს საზოგადოებრივი ინტერესით, რადგან მოლოდინი, რომ ახალი დანაშაულის წაქეზებით უფრო მეტი ზარალი დაუდგება საზოგადოებას, არის ძალიან მაღალი.

 

მარეგულირებელი კომისია თუ მიიჩნევს რომ კანონს არღვევს „ობიექტივი“, მაშინ რა მოხდება მაუწყებელთან მიმართებაში?

მაუწყებლობის შესახებ კანონში, სანქციების ნაწილში წერია, რომ კონკრეტული შემთხვევა დამოკიდებულია იმაზე, აქვს თუ არა წლის განმავლობაში მაუწყებელს სხვა სანქცია მიღებული.

 

არსებულ მოცემულობაში მარეგულირებელ კომისიას შეუძლია დაანონსებული ერთკვირიანი ჩვენება შეზღუდოს, კანონმდებლობით არსებობს ამის მექანიზმი?

ძირითადი მექანიზმი დანაშაულისა და ანტისოციალური ქმედების გაშუქების დროს არის მაუწყებელთა ქცევის კოდექსი. ამ კოდექსის თანახმად, თვითრეგულირების გამოყენებით უნდა შეჩერდეს მსგავსი ქმედება. მაგრამ გამომდინარე იქედან, რომ წამების კადრების ნაწილი შეიცავს უხამსობას, პორნოგრაფიის ნიშნებს, მნიშვნელოვანია მარეგულირებელმა იმსჯელოს რამდენად ცდება ეს თვითრეგულირების ფარგლებს და უნდა მიიღოს თუ არა კონკრეტული გადაწყვეტილება. ასეთ შემთხვევაში არ არის ნათელი, როგორი შეიძლება იყოს მარეგულირებლის გადაწყვეტილება. თუმცა, მე ვფიქრობ, მითითებაც კი, რომ ეს არ არის ქცევის კოდექსის შესრულება, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება სხვა მაუწყებლებისთვისაც და კონკრეტული ერთკვირიანი ანონსისთვისაც.

 

შეიძლება თუ არა მოხდეს ისე, რომ კომისიამ ვერ გასცეს თავისი რეკომენდაცია ერთ კვირაში?

ამის შესაძლებლობა არსებობს, რადგან ადმინისტრაციული წარმოება თავისთავში მოიცავს ვადებს, მაგრამ შესაძლოა ადმინისტრაციული წარმოების ვადები დაჩქარდეს. კომისიას შეუძლია ეს საკითხი სწრაფად განიხილოს.

 

თქვენ, პირადად, ხომ არ გაქვთ ინფორმაცია ამის თაობაზე – ახერხებს თუ ვერა უახლესი ერთი კვირის ვადაში განცხადების გავრცელებას კომისია?

ზუსტად არ მაქვს ინფორმაცია, მაგრამ მარეგულირებელი კომისიის გამოხმაურებები ბოლო პერიოდში იყო მყისიერი და მეტ-ნაკლებად იმოქმედა არსებულ სიტუაციაზე, ხარვეზების გამოსწორებაზე მედიაში. მგონი, კომისია შეძლებს სწრაფ რეაგირებას და, შესაბამისად, შეჩერდება გაშუქების ის ტენდენცია, რომელიც დღეს გვაქვს.

 

ხომ შეიძლება მაუწყებელმა არ გაიზიაროს რეკომენდაციები და ეთერში წამების კადრების განთავსება გააგრძელოს, როგორც ეს არის დაანონსებული…

ვარაუდი იმისა, რომ შესაძლოა ეს მასალები ბოლომდე ისე გავიდეს, როგორც დაანონსებულია, რა თქმა უნდა, არსებობს. მაგრამ გარდა იმ საათობრივი შეზღუდვისა, რომელიც არსებობს ქცევის კოდექსში, არსებობს სხვა რეგულაციები, რომელიც ძალადობის გაშუქებას ეხება. თუმცა, თუ კომისია გადაწყვეტს, რომ თვითრეგულირების ფარგლებშია საჩივარი განსახილველი, ეს დროში გაიწელება, რადგან ამ შემთხვევაში არსებობს 21-დღიანი ვადა. ამიტომაც ვფიქრობ, რომ მარეგულირებლის განცხადება შეიძლება იყოს შემაკავებელი ამ პროცესში.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: