სიახლეები

ქალი და მამაკაცი თანაბარი უფლებით

27.10.2015 • 3209
ქალი და მამაკაცი თანაბარი უფლებით

დისკუსია ღორჯომის საჯარო სკოლაში

 

მალხაზ ჭკადუა, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ბათუმის ოფისის კოორდინატორი, მომხსენებელი: როცა ვსაუბრობთ გენდერულ თანასწორობაზე, ხშირ შემთხვევაში სიტყვა გენდერი იწვევს გაუგებრობას, ბევრს არ გვესმის ან არასწორად გვესმის. გენდერი – ეს არის ქალისა და მამაკაცის თანასწორობა, როგორ უნდა იყვნენ თანასწორნი? ამაზე შემდგომ ვისაუბრებთ, მანამდე კი გიჩვენებთ შვიდწუთიან ანიმაციას „არის თუ არა ოცნება რეალური”. ეს არის მულტფილმი ქალაქში მცხოვრები ოჯახის შესახებ, სადაც გადმოცემულია რამდენიმე ოჯახური პრობლემა, ყურადღებით უყურეთ ანიმაციას და თქვენთვის გონებაში მოინიშნეთ რა დაგამახსოვრდათ, დააკვირდით ქალის საქციელს, დააკვირდით მამაკაცის საქციელს, დააკვირდით შვილების საქციელს…



რა არის თქვენ გარშემო მცხოვრებ ოჯახებთან საერთო ან რა განასხვავებს? ვინ ოცნებობს და რაზე ოცნებობს თქვენი შეფასებით ამ ვიდეოს მიხედვით?


მანანა ქათამაძე, ღორჯომის საჯარო სკოლის მოსწავლე: ანუ ოჯახში ყველაფერი ქალზე იყო დამოკიდებული, სიზმარში კი ქალი ოცნებობდა, რომ ყველა საქმე თანაბრად გაენაწილებინა მეუღლესთან.
მალხაზ ჭკადუა: როგორ ფიქრობთ, საქართველოში ყველაფერი ქალებზეა დამოკიდებული, თუ ქალები და კაცები თანაბრად ინაწილებენ [მაგალითად, ბავშვის მოვლის, დაუთოვების, გარეცხვის თუ ა.შ.] საქმიანობას?

მელანო ქათამაძე, ღორჯომის საჯარო სკოლის მოსწავლე: ორივეს ვხედავთ. ანუ არის ოჯახები, სადაც თანაბრად ინაწილებენ და არის შემთხვევები, როდესაც მხოლოდ ქალზეა ყველაფერი დამოკიდებული. დღეს, ჩემი აზრით, მოვალეობები არ არის თანაბრად გადანაწილებული.

მალხაზ ჭკადუა: თქვენ როგორ ფიქრობთ, რა ასაკში შეიძლება ოჯახი შეიქმნას?
მენალო ქათამაძე, ღორჯომის საჯარო სკოლის მოსწავლე: 25-30 წლის ასაკში.
მალხაზ ჭკადუა: მეც ვფიქრობ, რომ 25 წელი არის მინიმალური ზღვარი, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ ხდება, საქართველოს ბევრ რეგიონში, განსაკუთრებით ქვემო ქართლში, გოგონებს ათხოვებენ ძალიან ადრე, უმეტეს შემთხვევაში მათ არ აქვთ საშუალება მიიღონ განათლება… აღმოსავლეთ ევროპაში არასრულწლოვანი გოგონების გათხოვების სტატისტიკით მე-2 ადგილას ვართ. თქვენი აზრით, რა შეიძლება იყოს ნაადრევი ქორწინების მიზეზი?

ეკა წინწკილაძე, დისკუსიის მონაწილე: ზოგიერთი ფიქრობს, რომ შეიძლება გაუთხოვარი დარჩეს, ალბათ ეს მშობლებზეა დამოკიდებული, რადგან ისინი ამბობენ, რომ თუ 15 წლის ვერ გათხოვდები, მაშინ შინაბერად ითვლები.
მალხაზ ჭკადუა: საქართველოსთვის უცხო არ ყოფილა ნაადრევი ქორწინება, დღესაც ავღანეთში, ინდოეთში არის ტრადიცია რვა-ცხრა წლის გოგონებს ათხოვებენ უფროსი ასაკის მამაკაცებზე – ეს არის გამოცხადებული პედოფილია, ეს არის დანაშაული, ამიტომ ჩნდებიან ბავშვები თანდაყოლილი დაავადებებით. გარდა იმისა, რომ ეს არის სოციალური სიმახინჯე, ეს არის ბიოლოგიური სიმახინჯის წყაროც, 11-12 წლის გოგონა ფიზიოლოგიურად არის აბსოლუტურად მოუმზადებელი იმისთვის, რომ შვილი გააჩინოს. სამწუხაროდ, აჭარა არის მესამე ადგილზე თბილისისა და ქვემო ქართლის შემდეგ ნაადრევი ქორწინების სტატისტიკით.თუ გახსოვთ რამდენმა გოგონამ ჩააბარა წელს ეროვნული გამოცდები, რამდენი წავიდა სოფლიდან?

 

შორენა ქათამაძე, ღორჯომის საჯარო სკოლის მასწავლებელი: წინა წლებთან შედარებით მოთხოვნა გაიზარდა გოგონებში. გაითავისეს, რომ უნდა ჩააბარონ ეროვნული გამოცდები, რომ განათლება აუცილებელია, 21-ე საუკუნეა და მიხვდნენ განათლების საჭიროებას. ხშირად არის შემთხვევა, როდესაც გოგონას უნდა განათლების მიღება, მაგრამ მშობლები არ აძლევენ ამის საშუალებას, შემდეგ გოგონები იძულებული ხდებიან გათხოვდნენ.

გვანცა ლომაია, იურისტი: მე დღეს მინდა გელაპარაკოთ არა როგორც იურისტი, არამედ როგორც ქალი, რომელმაც გადავწყვიტე, რომ მესწავლა და ჩემი კარიერა გამეკეთებინა, ვყოფილიყავი დამოუკიდებელი. მინდა გითხრათ, რომ ამ არჩევანით ვარ ბედნიერი. გენდერული ბალანსის დარღვევა თავისთავად გულისხმობს ოჯახში ძალადობას, საქართველოში ყოველი მე-11 ქალი არის ოჯახში ძალადობის მსხვერპლი. საქართველოს კონსტიტუციით თქვენ გაქვთ განათლების, შრომის, უსაფთხოების, ჯანმრთელობის უფლება, ძალადობა კი გულისხმობს ადამიანის კონსტიტუციით აღიარებული უფლებების ხელყოფას: ეკონომიკურ, სექსუალურ, ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობას. მოხდება თუ არა ოჯახში ძალადობა, აუცილებლად უნდა დაუკავშირდეთ საპატრულო პოლიციას, საპატრულო პოლიცია კი გაატარებს შესაბამის ღონისძიებებს. საქართველოში საზოგადოება არ ლაპარაკობს ოჯახურ ძალადობაზე, არის ტაბუდადებული. ბევრს მიაჩნია, რომ ეს არის ოჯახის პრობლემა და ამაზე არ საუბრობენ ხმამაღლა, არ გაქვთ იმისი ვალდებულება, თავი დაუხაროთ და აიტანოთ ძალადობა, რომელმაც შეიძლება მთელი თქვენი ცხოვრება გაანადგუროს და თავი გაგრძნობინოთ უბედურად.


გადაბეჭდვის წესი


ასევე: