მთავარი,სიახლეები

რომელი ნარკოტიკის გამო აღარ დაგაპატიმრებენ – ნარკოლოგის განმარტება

03.08.2019 • 3726
რომელი ნარკოტიკის გამო აღარ დაგაპატიმრებენ – ნარკოლოგის განმარტება

ექიმი-ნარკოლოგი ლია ჯინჭარაძე ამბობს, რომ რთულია ნარკოტიკული საშუალებების იმ ჯგუფებად დაყოფა, რაზეც გუშინ, 2 აგვისტოს, საკონსტიტუციო სასამართლომ თავისუფლების აღკვეთა და პატიმრობა გააუქმა. სასამართლომ მიიჩნია, რომ არ უნდა ისჯებოდნენ ის ადამიანები, რომლებიც იყენებენ ნარკოტიკს, მაგრამ იგი „სწრაფ შეჩვევას და აგრესიულ ქცევას არ იწვევს.“ საკონსტიტუციო სასამართლოს არ უმსჯელია, რომელი ნარკოტიკი შეიძლება იყოს ასეთი.

საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ იმ ნარკოტიკული საშუალების მცირე რაოდენობით გამოყენება, ან მისი დამზადება, შეძენა და შენახვა, რომელიც არ ქმნის საზოგადოებრივ საფრთხეს და არ იწვევს აგრესიულ ქცევას, არაადამიანურია სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება.

„ალბათ, საჭიროა პროფესიული მსჯელობა და შესაბამისი სიების შედგენა… მე ასე ცალსახად ვერ გამოვყოფდი ნარკოტიკულ საშუალებას, რომელიც სწრაფ შეჩვევას და აგრესიულ ქცევას არ იწვევს. „ექსტაზი“ შემიძლია გამოვყო, რომელიც არ იწვევს სწრაფ შეჩვევას, მაგრამ თუკი ადამიანი მიდრეკილია აგრესიული ქცევისკენ, შესაძლოა, მივიღოთ აგრესიული ქცევა. აგრესია იქნება დიდი ალბათობით მაშინაც, თუ ადამიანმა ექსტაზი მიიღო სხვა ნივთიერებასთან ერთად კომბინაციაში,“ – გვითხრა ლია ჯინჭარაძემ.

ნარკოლოგის განმარტებით, ნარკოტიკული საშუალებები უმჯობესია დაჯგუფდეს „სწრაფი შეჩვევის“ და „აგრესიული ქცევის“ კუთხით. ამის მაგალითად ექიმი მარიხუანას ასახელებს, რომელიც სწრაფ შეჩვევას არ იწვევს, მაგრამ შესაძლოა ახასიათებდეს აგრესიული ქცევა, „ჰეროინი“ კი პირიქით, სწრაფ შეჩვევას იწვევს და არ იწვევს აგრესიულ ქცევას.

„ჰეროინის  და, ზოგადად, იპიუმიდების ჯგუფს არა ახასიათებს აგრესიული ქცევა უშუალოდ ზემოქმედების დროს. აგრესიული ქცევა შესაძლოა მივიღოთ აღკვეთის დროს, ანუ როცა ნარკომომხმარებელი ნარკოტიკულ საშუალებას ვეღარ იღებს,“ – განმარტავს ლია ჯინჭარაძე.

ნარკოტიკული საშუალებები დღეს მოქმედი კანონმდებლობით უკვე დაყოფილია რამდენიმე ჯგუფად, მაგალითად, ნარკოტიკები, რომელთა მოხმარება აკრძალულია, შეზღუდული ფსიქოტროპულია, პრეკურსორები…

ნარკოტიკული საშუალებები დაყოფილი სამედიცინო ლიტერატურაშიც: ჰალუცინოგენების ჯგუფი, ოპიუმიდები, კარაბინოიდები და ასე შემდეგ.  ექიმ-ნარკოლოგის თქმით, დღეს არ გვაქვს დაყოფილი ნარკოტიკული საშუალებები იმ ჯგუფებად, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ გააჟღერა.

„არ ვიცი, რამდენად შესაძლებელი იქნება ასე დაჯგუფება… ასე ალკოჰოლის მოხმარებაც იწვევს აგრესიულ ქცევას, გააჩნია პიროვნების ხასიათს. არც სხვა ქვეყნებში მსმენია მსგავსი დაყოფის შესახებ. ზოგადად, ევროპულ ქვეყნებში არის დეკრიმინალიზაციის ტენდენცია,“ – აღნიშნა ლია ჯინჭარაძემ „ბათუმელებთან“.

ამ თემაზე:

ვეღარ დააპატიმრებენ პირს, ვინც „მძიმე ნარკოტიკს“ არ მოიხმარს – ბექა წიქარიშვილის მოსაზრება

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: