სიახლეები

რატომ შემცირდა მსუბუქი ავტომობილების იმპორტი

10.10.2015 • 2875
რატომ შემცირდა მსუბუქი ავტომობილების იმპორტი

„ავტომობილებზე ფასები, ძირითადად, უცვლელია. უბრალოდ, მყიდველი როგორც ყოველთვის, ცდილობს გაცილებით იაფად და თან უფრო ეკონომიური მანქანები შეიძინოს – „ტოიოტა პრიუსები”, ზოგადად, “ჰიბრიდები”. „მერსედესს”, „პასატს”, „აუდს” – აღარ ყიდულობენ. „აუდიზე“ დიდი მოთხოვნა იყო ადრე, მაგრამ ახლა არავის უნდა  საწვავის გამო,” – ამბობენ ბათუმელი ავტომოვაჭრეები, მათ ავტომობილები, ძირითადად, ამერიკიდან და იაპონიიდან შემოაქვთ. 
„ამერიკა და იაპონია მუშაობს დღეს კარგად, გერმანიაში კი საერთოდ ძვირია მანქანები. მე ამერიკულ აუქციონზე ვყიდულობ 2007-2008 წელში გამოშვებულ მანქანებს. რაც შეეხება გერმანიას უნდა ჩახვიდე, ვიღაც ნახო და ა.შ. თან ძვირია იქ. ძველი მანქანის შემოყვანას კი უკვე აზრი არ აქვს, ძველს აქაც ნახულობს მყიდველი,” – ამბობს ერთ-ერთი ავტომოვაჭრე.
შპს „ჯორჯიან იმპორტის” დირექტორი აკაკი ბერძენიშვილი ამბობს, რომ 20 წელია ამ ბიზნესშია. მისი თქმით, ავტომანქანების იმპორტი ძირითადად შემცირებული იყო მარტი-მაისის თვეებში, ხოლო ბოლო პერიოდში იმპორტმა იმატა: „თუმცა, იაპონიიდან მარჯვენასაჭიანი, დაბალფასიანი, ძველი და უხარისხო ავტომობილების ხარჯზე, რომელიც აზერბაიჯანში აღარ გაყავთ. დაახლოებით 60%-ით არის შემცირებული აქედან ნაკადი ბაქოში”.

„განბაჟების წესიც თავის დროზე არასწორად არის შემუშავებული. ამიტომ ვმუშაობ პროექტზე, რომ მოხდეს ძველი, მარჯვენასაჭიანი მანქანების განბაჟების ფასის გასამმაგება, სანაცვლოდ კი ახალი ავტომობილების, ჰიბრიდებისა და ელექტრომობილების, ზოგადად, ეკოლოგიურად სუფთა მანქანების განბაჟების ფასი იმის მესამედი გახდეს, რაც დღეს არის. ელექტრომობილების განბაჟება ისედაც უფასოა, მაგრამ გარკვეულ მოსაკრებელს მაინც იღებს საბაჟო და ის რომ გაუქმდეს. სადღაც ახალი წლისთვის წარვადგენთ, ალბათ, ამ ინიციატივას შესაბამისი პროცედურების დაცვით”, – ამბობს აკაკი ბერძენიშვილი.

ავტოდილერები ამბობენ, რომ ფასს, ზოგადად, გაზრდის მარჯვენასაჭიანისა და 2001-2002 წლებში გამოშვებული ავტომობილების შემოტანის შეზღუდვა, თუმცა გაიაფდება 2011 წელში გამოშვებული ავტომობილები. 
აკაკი ბერძენიშვილი ამბობს, რომ შეზღუდვების დაწესება გაზრდის ახალი ავტომანქანების იმპორტს, რომლებიც „მეტად გაიწოვება საქართველოდან და ეს საცობებიც არ იქნება, არც თბილისში და არც ბათუმში. დღეს რა ხდება – ახლები მიჰყავთ ბაქოში, ვინაიდან იქ „ევრო-4″ სტანდარტი აქვთ [ჩვენთან „ევრო-2-იც არ არსებობს] და ძველი ავტომობილები, რომლებიც ამავდროულად რადიაციულია, რჩება ჩვენთან, ეს ქმნის ამ წუთში პრობლემას”.

“ეკოლოგიური თვალსაზრისით, დღეს გამონაბოლქვი ქუჩებში დაშვებულ ნორმებს აღემატება როგორც თბილისში, ასევე ბათუმშიც. ეს იმის ბრალია, რომ ტენდენციად იქცა – ბოლო ოთხი თვეა ბევრი ავტომობილი შემოდის პროცენტულად იაპონიიდან. თან შემოდის 2002-2003 წლის მანქანები, რომლებიც ადგილზე 2-5 და 10 დოლარი ღირს [ესაა იქ ჩარჩენილი და რადიაციული მანქანები]. ამას ემატება იაპონიაში დილერის, კონტეინერის ხარჯი და 1000 დოლარი უჯდებათ აქ ჩამოყვანა. შემდეგ 1600-1900-2000 დოლარად ყიდიან, მაგრამ ვერც ყიდიან, იმიტომ, რომ აქაც ჩარჩენილია, ისედაც ბევრია უკვე საქართველოში შემოტანილი. 200 კონტეინერი მარტო სამეგობრო წრეში ვიცი, რომ შემოდის. ზოგში 6 მანქანა დევს და ზოგში – 5.” – ამბობს აკაკი ბერძენიშვილი.

აკაკი ბერძენიშვილის თქმითვე, „გაზრდილი გამონაბოლქვი უნდა შემცირდეს და ამისი ერთი პირობა არის სწორედ ავტოპარკის გაახალგაზრდავება. ამასთან, იაპონიიდან ბოლო დროს შემოტანილი მანქანები რადიაციულია, თუმცა მაჩვენებელი არ აჭარბებს დაშვებულ ნორმას. ეს ერთი მანქანის შემთხვევაში დარღვევა არ არის, თუმცა, ასეთი 100 მანქანა რომ დგას მაგალითად რუსთავში, იქ, იკრიბება ეს რადიაცია და ადამიანს მინიმუმ თავის ტკივილი ეწყება. 
ჩემი აზრით, მსუბუქი ავტომობილების იმპორტის 65-85% უნდა იყოს ამერიკიდან და გერმანიიდან, როგორც ადრე იყო. ამით გაიზრდება ექსპორტი აზერბაიჯანში და სხვაგანაც”. 
ავტომოვაჭრეები მარჯვენასაჭიან ავტომობილებზე აკრძალვა-შეზღუდვებს, ამ ეტაპზე მაინც, იმიტომ არ ელოდებიან, რომ „გაისად არჩევნებია და ეს დიდ ბუმს გამოიწვევს”.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ვახტანგ ლაშქარაძე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება, რაც მსუბუქი ავტომობილების ბიზნესს უკავშირდება, შემოსავლების სამსახურში არ იგეგმება: „რაც შეეხება მარჯვენასაჭიან ავტომანქანებს, რამდენადაც მაქვს ინფორმაცია ამ საკითხზე და, ზოგადად, კომპლექსურად _ უსაფრთხო გადაადგილების მოწესრიგებაზე, მუშაობს შსს და საკმაოდ დიდ პროექტს ამზადებს”.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილებით მოვაჭრეებისთვის მიმდინარე წელს მნიშვნელოვანი შეღავათი იყო ის, რომ პირველი მარტიდან პირველ სექტემბრამდე ავტომობილების გაყიდვის ან განბაჟების შემთხვევაში ავტომობილის მფლობელებზე საჯარიმო სანქციები არ გავრცელებულა. პარალელურად განბაჟების უფასო ვადა 45 დღიდან 60 დღემდე გაიზარდა: „ქართველი ავტომოვაჭრეები ცუდ სიტუაციაში მას შემდეგ აღმოჩნდნენ, რაც აზერბაიჯანმა 2014 წლის აპრილიდან „ევრო 4″-ის სტანდარტი აამოქმედა – ავტომობილის გამონაბოლქვის შემცირების გზით გარემოსთვის ნაკლები ზიანის მიყენების მიზნით. 2015 წელს კი აზერბაიჯანმა ავტომობილზე აქციზის გადასახადიც გაზარდა.

ჩვენ ვადები შევათანხმეთ ბიზნესთან და ამით ამოსუნთქვის საშუალება მივეცით. პირველ მაისამდე შემოტანილ ავტომანქანებზე ნებისმიერ სასაქონლო ოპერაციაში, ვისაც დარღვეული ჰქონდა ან შემდეგში დაარღვევდა კანონს, იმ მიზეზით, რომ ვერ გაყიდა ავტომობილი, პირველ სექტემბრამდე გავათავისუფლეთ ყველა სანქციისგან. ეს კანონის ნორმა იყო და ჩაიკეტა პირველი სექტემბრიდან და დღეს ჩვეულებრივ რეჟიმში გადავიდა განბაჟება, თუმცა დარჩა ის, რომ განბაჟების 45-დღიანი ვადა გაიზარდა 60 დღემდე, ამასთან, გადავადებისთვის შემოსავლების სამსახურში მოსვლას სავალდებულოდ არ ვთვლით”,- აცხადებს ვახტანგ ლაშქარაძე.

შემოსავლების სამსახურში ამბობენ, რომ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი შემცირებულია 20-25 %-ით. ამაზე თავისთავად იმოქმედა იმან, რომ აზერბაიჯანში, ყაზახეთსა და სომხეთში საქართველოდან ძველი ავტომობილები აღარ გადის. ამასთან, აზერბაიჯანმა და განსაკუთრებით სომხეთმა, თავად დაიწყეს ავტომობილების გადატანა თავიანთი გადამზიდავი საშუალებებით ფოთიდან [საქართველოს იყენებენ ტრანზიტად] და ქართულ ბაზარს ესეც დააკლდა. 
„ბოლო პერიოდში გაიზარდა იაპონურის რიცხვი, რაც შეეხება გერმანულ პროდუქტს, მას შეეხო კლება, თუმცა თავისი ნიშა ეკავა და უკავია დღესაც. უფრო ამერიკული ჩაანაცვლა იაპონურმა… ახლა ჩვენთვის მთავარია ეს ბიზნესი უფრო მყარად დადგეს ფეხზე და შემოსავალი მიიღოს, და თუ რამე უჭირთ, არ ერიდებათ და გვეუბნებიან… მაგრამ სხვა საკითხია რეალიზაცია, მე ვერ გავუყიდი მანქანას,” – ამბობს ვახტანგ ლაშქარაძე.

ავტომობილი, რომელიც ვერ გაყიდა ავტომოვაჭრემ, არ არის სავალდებულო მან აუცილებლად განაბაჟოს, მთავარია, სასაქონლო ოპერაცია. როგორც შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, ეს გულისხმობს ავტომობილის საბაჟო საწყობის რეჟიმში მოთავსებასაც. 
„ჩვენ საკმაოდ გავამარტივეთ საწყობის რეჟიმი მსუბუქი ავტომობილებისთვის. გარკვეული პერიოდით ასეთი სახის მანქანების ამ რეჟიმში მოთავსება შესაძლებელი იქნება არა მხოლოდ სპეციალურ საბაჟო საწყობში, არამედ სხვა ადგილებშიც. ნებისმიერს, ვისაც პირობები აქვს [შემოღობილი უნდა იყოს ტერიტორია და სხვა], შეუძლია მოვიდეს, განაცხადოს ავტოსაწყობის მოწყობაზე და მივცემთ ნებართვას დააყენოს ასეთი ავტომობილები [ეს უკვე ცალკე, კერძო ბიზნესია]. ამიტომ, თუ თანხა არ აქვს განსაბაჟებელი ავტომოვაჭრეს, მოვიდეს, განაცხადოს საბაჟოზე, რომ ვადის დაცვით ამ მანქანას ვერ ანბაჟებს და საწყობში ინახავს და რამდენ ხანსაც უნდა, იმდენ ხანს ჰყავდეს, შეზღუდული არ არის”, – ამბობს ვახტანგ ლაშქარაძე და დასძენს, `რაც შეეხება იმას, თუ როგორ აისახა ლარის კურსის ცვალებადობა მსუბუქი ავტომობილების ბიზნესზე, ამის ანალიზი არ არის მარტივი გასაკეთებელი. ეს ბიზნესთან ერთად უნდა გაკეთდეს. ჩვენ ვუყურებთ ფასებს და სტატისტიკით რაც ჩანს, ჩემი აზრით, ბიზნესზე კურსის ცვლილებას მაინცადამაინც არ უმოქმედია”.

მსუბუქი ავტომობილების ბიზნესი საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესია სასაქონლო პოზიციების მიხედვით, როგორც იმპორტის, ასევე ექსპორტის მხრივ. ბოლო ხუთი წლის სტატისტიკურ მონაცემებს თუ ავიღებთ, ქვეყანაში ნავთობის/ნავთობპროდუქტებისა და სამკურნალო საშუალებების შემდეგ ყველაზე მეტი მსუბუქი ავტომობილია შემოტანილი, ხოლო საქართველოდან სპილენძის მადნებისა და ფეროშენადნობების შემდეგ ყველაზე მეტი სწორედ მსუბუქი ავტომობილია გატანილი. 
2013 წელს საქართველოში შემოტანილი იყო 710 მილიონი აშშ დოლარის მსუბუქი ავტომობილი, შარშან – 715 მილიონის, ხოლო მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში მხოლოდ 317 მილიონი აშშ დოლარის.

რაც შეეხება ექსპორტს   ქვეყნიდან 2013 წელს ექსპორტირებული იყო 704 მილიონი დოლარის ღირებულების ავტომობილი, შარშან – 518 მილიონის, ხოლო მიმდინარე წლის 8 თვეში მხოლოდ 125 მილიონი დოლარის ავტომობილია გატანილი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: