სიახლეები

რატომ სჭირდება კერძო სკოლის მოსწავლეს რეპეტიტორი?

14.10.2015
რატომ სჭირდება კერძო სკოლის მოსწავლეს რეპეტიტორი?

 

„სკოლაში აბიტურის საათები იმიტომ გვაქვს, რომ აბიტურიენტები რეპეტიტორთან აღარ წავიდნენ. თუმცა არის შემთხვევები, როცა მოსწავლეები დამატებით მაინც ემზადებიან. შარშან 25 აბიტურიენტიდან რვა რეპეტიტორთან დადიოდა“, – ამბობს კერძო სკოლა „ევრო 2000“-ის დირექტორი მარინე ცივაძე. 

 

დირექტორის აზრით, რადგან ეროვნულ გამოცდებზე გრანტის საკითხს ზოგადი უნარების შედეგები წყვეტს, ბევრი ბავშვი მაინც ფიქრობს, რომ დამატებითი მომზადებით უკეთეს შედეგს მიიღებს: „არიან ბავშვები, რომლებსაც ეს უნარები კარგად აქვთ განვითარებული და სკოლის მომზადებაც საკმარისია, ზოგიერთს კი უფრო მეტი სჭირდება“.

 

დირექტორის თქმით, მოსწავლეები რეპეტიტორებს იმ შემთხვევაშიც მიმართავენ, თუ ისინი სხვა სკოლებიდან გადმოდიან: „ჩვენთან არის გაძლიერებული გერმანულის და, ზოგადად, უცხო ენების სწავლება. ბავშვი, რომელიც სხვა სკოლიდან გადმოდის, ბუნებრივია, ვერ აკმაყოფილებს ჩვენი სკოლის დონეს და მშობელს მიჰყავს რეპეტიტორთან, რომ ჩვენს დონეს დაეწიოს. სკოლა ახალ მოსწავლეს დამატებით მომზადებასაც სთავაზობს, თუმცა მშობლები, დროის სიმცირის გამო, მაინც რეპეტიტორის დახმარებას არჩევენ. ჩვენ გვაქვს A, B და C ჯგუფები, ამიტომ ყველა მშობელი ცდილობს ბავშვი B ჯგუფში მაინც მოხვდეს და ამიტომ მიდის რეპეტიტორთან“.

 

მარინე ცივაძის თქმით, მისი სკოლის მოსწავლეები მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში სკოლის გარეთ არ ემზადებიან.

 

„16 საათი ქართული და 10 საათი უცხო ენა ტარდება. აბიტურის საათებზე ბავშვები იმ საგნებში ემზადებიან, რის ჩაბარებასაც აპირებენ ეროვნულ გამოცდებზე. მეცადინეობა მიმდინარეობს შაბათ დღესაც. თუმცა, ცალკეული შემთხვევები მაინც არის. მე-11 კლასში როცა იყო ჩემი შვილი, კერძო სკოლაში სწავლობდა, მაგრამ რეპეტიტორთან მაინც დამყავდა, არა იმიტომ, რომ მეცადინეობა აკლდა, უბრალოდ მინდოდა, რომ თავისუფალი დრო სწორად გამოეყენებინა.“

 

სკოლა „თაობა 21“-ს დირექტორის ომარ მიქელაძის აზრით, რეპეტიტორებს „ამპარტავანი მშობლები“ მიმართავენ: „რაც უფრო მეტ ფულს იხდიან, უფრო კარგი ჰგონიათ. როცა ბავშვი კერძო სკოლაში მიგყავს, წესით, უნდა ენდო, მაგრამ ნდობის საკითხი ჯერჯერობით არ არის, რატომ, არ ვიცი~.
ომარ მიქელაძე ამბობს, რომ მშობლებს ყველაზე მეტად ზოგადი უნარების გამოცდების ეშინიათ: „შიშობენ, რომ შეიძლება სათანადო ქულები ვერ აიღონ ბავშვებმა“.

 

„ბათუმელების“ კითხვაზე, რატომ ვერ ახერხებს კერძო სკოლა მიაწოდოს მოსწავლეს სერვისი, რომელიც ყველაზე მოთხოვნადია, დირექტორი პასუხობს: „როგორც საგანი, ზოგადი უნარები არ არსებობს, იბეჭდება სხვადასხვა არაგრიფირებული წიგნები და ასე ასწავლიან. თუმცა სკოლას განათლების სამინისტრო არ აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ამისთვის ცალკე საათები გამოყოს“.

 

სკოლა „ახალგაზრდობას“ დირექტორის ტარიელ ქობულაძის აზრით კი, თუ სკოლას კარგი აბიტურის საათები აქვს, მისი მოსწავლე რეპეტიტორს არ მიმართავს.

 

„ჩვენ გვაქვს გახანგრძლივებული საათები, მაგრამ თუ მოსწავლე აცდენს და არ სწავლობს, შემდეგ რეპეტიტორთან უწევს მომზადება. ამიტომ მშობელმა უნდა მიაქციოს ყურადღება და გადაამოწმოს, მისი შვილი ესწრება თუ არა გაკვეთილებს“.

 

კერძო სკოლა „გორდას“ დირექტორი ნინო მურვანიძე დარწმუნებულია რომ მისი სკოლის მოსწავლეები რეპეტიტორს არ საჭიროებენ.

 

დირექტორის თქმით, სკოლას საკმარისი აბიტურის საათები აქვს გამოყოფილი, რაც მოსწავლის სრულყოფილი მომზადებისთვის საკმარისია. „ჩვენ ბოლო გამოცდამდე ვმუშაობთ მოსწავლესთან.“


გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: