სიახლეები

პატიმრობა ტელეფონისა და პაემნით სარგებლობის გარეშე

10.10.2015 • 1316
პატიმრობა ტელეფონისა და პაემნით სარგებლობის გარეშე

 

 

გასულ კვირას სასამართლო პროცესზე მოწმის სტატუსით პროკურორი თურმანიძე უნდა დაეკითხათ, რადგან მისი ჩვენება თავდაპირველად სადაოდ მიაჩნდათ ბრალდებულებს. თუმცა, მოსამართლემ როცა მათ ჰკითხა, ცნობდნენ თუ არა ვლადიმერ თურმანიძის ჩვენებას სადაოდ, ბრალდებულებმა უპასუხეს: “არა, ყველაფერს ვხდით უდაოდ, ჩვენ ვართ დამნაშავეები… აღარ შეგვიძლია ამხელა გზაზე მგზავრობა და სასამართლო პროცესებზე სიარული, გთხოვთ მოგვისაჯოთ“. ისინი სასჯელს ქუთაისში იხდიან.

 

სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდა საქმის პროკურორი შოთა ხორავა. ხორავას შემცვლელს პროკურორ დავით კირჩხელს, წესით, ამ სასამართლო პროცესზე დასკვნითი სიტყვა უნდა ეთქვა, თუმცა მან მოსამართლეს უთხრა, რომ მზად არ არის დასკვნითი სიტყვისთვის: `შოთა ხორავა ქუთაისშია მივლინებაში. მე საქმის გადადებას ვითხოვ, რადგან საქმის გაცნობა ვერ მოვახერხე”.

 

პროკურორის ამ განმარტებას ბრალდებულების პროტესტი მოჰყვა. მათ მიაჩნიათ, რომ პროკურატურა საქმის გამოძიებას შეგნებულად აჭიანურებს. ბრალდებულებს განსაკუთრებით ერთი რამ აწუხებთ _ უკვე ორი წელია სხვა საქმის გამო პატიმრობაში მყოფები, პაემნისა და ტელეფონის გამოყენების უფლებით იმიტომ ვერ სარგებლობენ, რომ მათ წინააღმდეგ ახალ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.

 

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა ბრალდებულებს განუმარტა, რომ ამჟამად წარმოებაში არსებულ საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეფარდებული არ აქვთ, წინა ბრალდებაზე კი მათ სასამართლომ განაჩენი გამოუტანა. შესაბამისად, გასამართლებულ პირებს აქვთ როგორც პაემნის, ისე ტელეფონით სარგებლობის უფლება. “დაწერეთ განცხადება, მოითხოვეთ თქვენი უფლებებით სარგებლობა”, – ურჩია მოსამართლემ ბრალდებულებს.
ბრალდებულმა გიორგი გაბისონიამ მოსამართლეს უთხრა, რომ განცხადებით ციხის ადმინისტრაციას უკვე რამდენჯერმე მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.

 

გიორგი გაბისონიას, ჯონი ცინცაძესა და მათთან ერთად დაკავებულ კიდევ რამდენიმე პირს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით პატიმრობა ცოტა ხნის წინ მიუსაჯა. სწორედ მაშინ, როცა მოსამართლე განაჩენს აცხადებდა, ბრალდებულებმა უშვერი სიტყვებით მიმართეს პროკურორ თურმანიძეს, რომელმაც ამის გამო პატიმრების წინააღმდეგ პროკურატურას გამოძიების დაყების მოთხოვნით მიმართა.

 

ბრალდებულების ადვოკატმა დავით კეკენაძემ მოსამართლეს მისი ვარაუდი გაუზიარა: “პროკურატურა ცდილობს ბრალდებულებმა საბოლოო სიტყვა არ უთხრან სასამართლოს, ამიტომ აჭიანურებენ საქმის დასრულებას“.
თავისი მოსაზრება გამოთქვა მოსამართლემაც, თამარ ბეჟანიშვილის აზრით, საქმის ზედამხედველი პროკურორი შოთა ხორავა არ მოიქცა სწორად, როცა სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდა. თუმცა, მოსამართლემ განმარტა, რომ პროკურორს კანონით აქვს უფლება, დასკვნითი სიტყვის მოსამზადებლად დრო ითხოვოს. “პროკურორები კანონით კი არ მოქმედებენ, მაგათ პირადი ინტერესი ამოძრავებთ, ჩვენ ჯანმრთელობა გვაქვს ცუდად და არ შეგვიძლია ამხელა გზაზე სიარული“, – უთხრეს ბრალდებულებმა მოსამართლეს.

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ამბობენ, რომ მსჯავრდებულისთვის, რომელსაც სხვა საქმეზე აქვს ბრალდებულის სტატუსი და განსახილველ საქმეში აღკვეთი ღონისძიების სახედ არ არის გამოყენებული პატიმრობა, პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობაზე (პაემანი, სატელეფონო საუბარი და სხვა) სასჯელაღსრულების დაწესებულების მიერ უარის თქმა დაუშვებელია – აღნიშნული ამძიმებს მსჯავრდებულის სამართლებრივ მდგომარეობას.
საიას იურისტი პაატა დიასამიძე ამბობს, რომ ანალოგიური პრობლემები აქვს მათი დაცვის ქვეშ მყოფ პატიმარს, რომელიც ბათუმის მე-3 დაწესებულებაშია მოთავსებული. ამ პატიმარს ბათუმის ციხის დირექტორმა უარი უთხრა ტელეფონით სარგებლობისა და პაემნის უფლებაზე. საიამ მე-3 დაწესებულების ხელმძღვანელს სასამართლოში უჩივლა.


საია ითხოვს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ #3 დაწესებულებას დაავალოს ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა, რომლითაც მისი დაცვის ქვეშ მყოფ მსჯავრდებულს ხანგრძლივი პაემნის უფლება მიენიჭება. საიას იურისტის შეფასებით, დაწესებულების დირექტორის მხრიდან ხანგრძლივ პაემანზე იმ მოტივით უარის თქმა, რომ მსჯავრდებული სხვა სისხლის სამართლის საქმეშია ბრალდებული, უსაფუძვლოა.

 

რატომ ვერ სარგებლობენ მსჯავრდებულები პაემნითა და სატელეფონო ზარების უფლებით? – „ბათუმელების“ ამ კითხვაზე სასჯელაღსრულების სამინისტროში განუმარტეს: „ეს ადამიანები არიან ბრალდებულები და შეიძლება მიეცეთ მხოლოდ ხანმოკლე პაემნის უფლება გამომძიებლის ან პროკურორის ნებართვით, ასევეა სატელეფონო ზარებზეც. მათ არ აქვთ ეს ნებართვა და ამიტომ ვერ სარგებლობენ. ერთ საქმეზე უკვე არსებობს განაჩენი, მაგრამ, რადგან მეორე საქმეზეც არიან ბრალდებულები, მათზე ეს წესი მოქმედებს”.

 

გადაბეჭდვის წესი