ნეტგაზეთი • RU

ეროვნული ბანკის ყოფილი შენობა 5,85 მილიონ დოლარად არ გაიყიდა

 

ბათუმში, ევროპის მოედანთან,  მ. აბაშიძისა და კ. გამსახურდიას ქუჩების კვეთაში, მდებარე შენობა, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს აუქციონზე 5 850 000 აშშ დოლარად ჰქონდა გატანილი. ორი კვირის განმავლობაში აღნიშნული შენობით არავინ დაინტერესდა და შესაბამისად, აუქციონიც არ შედგა.

  

აუქციონზე შენობასთან [არასაცხოვრებელი ფართობი ჯამში: 2 706,9  კვ/მ] ერთად,  მასთან დაკავშირებული ძირითადი საშუალებები და იაფფასიანი ინვენტარიც იყიდებოდა. აღნიშნულ შენობაში ადრე ეროვნული ბანკი ფუნქციონირებდა, წინა ხელისუფლების დროს კი მას გუმბათი მიაშენეს. მომავალმა მესაკუთრემ უნდა გაითვალისწინოს, რომ შენობის გუმბათზე დამონტაჟებული საათი წარმოადგენს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებას.

 

აუქციონის პირობების მიხედვით, მომავალმა მყიდველმა უნდა გაითვალისწინოს, რომ შენობის პირველ სართულზე არსებული 148,7 კვ/მ და 72,8 კვ/მ არასაცხოვრებელი ფართობები  2015 წლის ივლისში გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად სარგებლობაში გადაცემულია 2 წლის ვადით; ხოლო ასევე შენობის პირველ სართულზე არსებული 21,2 კვ/მ არასაცხოვრებელი ფართობი 2014 წლის  ივლისში გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად სარგებლობაში გადაცემულია 5 წლის ვადით. 

 

ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო აცხადებს, რომ უძრავი ქონების პრივატიზების შემთხვევაში, ქონების [148,7 და 72,8 კვ/მ] მოსარგებლე ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე სამინისტროს შეტყობინების მიღებიდან 1 თვის ვადაში უზრუნველყოფს ფართობის გამოთავისუფლებას, ხოლო რაც შეეხება   21,2 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართობს, მყიდველი ვალდებული იქნება უზრუნველყოს  საქველმოქმედო ფონდი „საქართველოს კარიტასი“-ს მიერ  იჯარით აღებული ფართობის სარგებლობის უფლება უზრუნველყოს ხელშეკრულების ვადის გასვლამდე (დასაშვებია საქველმოქმედო ფონდი “საქართველოს კარიტასი”-სა და ქონების შემძენს შორის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე სარგებლობის ვადაში შეტანილ იქნას ცვლილებები).

 

ქონების მყიდველს ნასყიდობის საფასურის გადახდა ორ ნაწილად შეეძლება, კერძოდ: პირველი ნაწილის (საპრივატიზებო ღირებულების 50%-ის) არაუგვიანეს 2016 წლის 1 ივნისამდე და მეორე ნაწილის (დარჩენილი საპრივატიზებო ღირებულების) სრულად დაფარვა არაუგვიანეს 2016 წლის 10 დეკემბრამდე, გადახდის დღისათვის არსებული ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით. ქონების გაყიდვაზე აუქციონი 4 ნოემბერს არ შედგა. ქონება ხელახლა აუქციონზე სამინისტროს ჯერ არ გაუტანია.

 

ბათუმი / ეროვნული ბანკის ყოფილი შენობა მარჯვნივ/

 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
" ბათუმელები"