სიახლეები

“თუ მოვლენ, აქ დავხვდებით” – ბათუმში ენმ-ის ოფისთან აქციას აანონსებენ

20.10.2015
“თუ მოვლენ, აქ დავხვდებით” – ბათუმში ენმ-ის ოფისთან  აქციას აანონსებენ

 

ორგანიზაცია „თავისუფალი თაობის“ აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ჯემალ დუაძე ამბობს, რომ დღეს ნაციონალური მოძრაობის ბათუმის ოფისთან შეიკრიბება რამდენიმე ასეული ადამიანი და მოითხოვენ ამ პარტიის პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვას.

 

„დღეს შევეცდებით შევიდეთ პარტიის ოფისში და ავუხსნათ პარტიის ხელმძღვანელებს ჩვენი პოზიცია. ოფისში შევა საინიციატივო ჯგუფი“, – ამბობს ჯემალ დუაძე.

 

თუ არ შეგიშვებენ ოფისში, მაშინ რას აპირებთ? – ამ კითხვის პასუხად ჯემალ დუაძე ამბობს, რომ „შესვლას შეეცდებიან“.

 

ჯემალ დუაძის თქმით, „თავისუფალი თაობა“ ბათუმიდან დღეს თუ არა ხვალ გადაინაცვლებს ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან და იქ დაიწყებენ შიმშილობას იმავე მოთხოვნით – აეკრძალოს „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკური საქმიანობა.

 

„ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის რაიონული ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი თავართქილაძე ამბობს, რომ მათთვის დაგეგმილი აქციის შესახებ სოციალური ქსელებიდან გახდა ცნობილი.

 

ირაკლი თავართქილაძე: „თუ მოვლენ, აქ დავხვდებით… ჩვენ 15:30 საათზე პრევენციულად დავურეკავთ პოლიციას და შევატყობინებთ, რომ მოვიდნენ და დაიცვან ჩვენი უსაფრთხოება. ჩვენი მოლოდინი არის ის, რომ ან კვერცხებს ისვრიან ოფისის მიმართულებით, ან საღებავებს. არ ვიცი. ჩვენ ვართ მუშა პროცესში, დღეს ოფისის საგამოფენო სივრცეში ორი ბათუმელი მხატვრის ნამუშევრების გამოფენა იგეგმება“.

 

„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან, როგორც ორგანიზატორები უწოდებენ, „გამაფრთხილებელი აქცია“ ბათუმში გუშინაც გაიმართა. გუშინ აქციის მონაწილეებმა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის კარების აჭედვა სცადეს, მაგრამ მათ ამაში ხელი პარტიის წარმომადგენლებმა შეუშალეს. შს სამინისტრომ ამ ფაქტთან დაკავშირებით გუშინ განაცხადა, რომ აქციის მონაწილეებს ადმინისტრაციული კოდექსი არ დაურღვევიათ.

 

გუშინ საპროტესტო აქციები „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან ბათუმის გარდა კიდევ სამ ქალაქში გაიმართა.

 

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: