მთავარი,სიახლეები

სამი გოგო საზღვაო სამართალს საზღვარგარეთ ისწავლის

19.07.2019 • 3412
სამი გოგო საზღვაო სამართალს საზღვარგარეთ ისწავლის

მარიამ მგელაძე, მარიამ ძიძიგური და ნინო პატარაია საზღვაო სამართალს საზღვარგარეთ ისწავლიან. „ქალის როლის გაძლიერება საზღვაო სფეროში“ – ამ კამპანიას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ახორციელებს. კამპანიის ფარგლებში გოგონები უნივერსიტეტებთან დააკავშირა და შემდეგ რეკომენდაცია საღვაო ტრანსპორტის სააგენტომ გაუწია.

ნინო პატარაია შვედეთის ქალაქ მალმოში მსოფლიო საზღვაო უნივერსიტეტში ისწავლის. იგი საზღვაო სამართლის და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამას გაივლის. ნინომ ევროპის საზღვაო უსაფრთხოების სააგენტოს დაფინანსება მოიპოვა.

„ძალიან ბევრი გამოწვევა დგას ამ სფეროში, მათ შორის, უსაფრთხოების, გარემოს დაცვის კუთხით… საერთაშორისო კონვენციების მიუხედავად, ისევ იტაცებენ მეზღვაურებს. ამას სჭირდება კომპლექსური მიდგომა და უფრო მეტი თანამშრომლობა ალბათ,“ – გვითხრა ნინო პატარაიამ. იგი ფოთში ცხოვრობს და ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აქვს დასრულებული საერთაშორისო სამართლის სპეციალობით.

ნინო პატარაია გამოწვევად მიიჩნევს მეზღვაურების შრომით კონტრაქტებსაც. იგი მიიჩნევს, რომ მთავარი მაინც ინფორმირებაა. „მთავარი პრობლემა მაინც ინფორმაციის ნაკლებობაა, როცა ისინი კონტრაქტს აწერენ ხელს,“ – დასძინა ნინო პატარაიამ.

ჯერჯერობით არ იცის რა მიმართულებით იმუშავებს მარიამ ძიძიგური. იგი ბათუმელია და ბათუმის საზღვაო აკადემიის ადმინისტრაციაში მუშაობს.

„რაც უფრო მეტი სპეციალისტი გვეყოლება ამ კუთხით, მით უფრო გაუმჯობესდება ვითარება, მათ შორის, მეზღვაურების უფლებების დაცვის კუთხით. ასევე, აკადემიის სტუდენტებს უფრო კარგი განათლების მიღების შესაძლებლობა ექნებათ,“ – ამბობს მარიამ ძიძიგური.

მარიამ ძიძიგური მალტის საერთაშორისო საზღვაო სამართლის ინსტიტუტში საერთაშორისო საზღვაო სამართლის მაგისტრატურაზე ისწავლის.

ჰამბურგში, გერმანიაში საერთაშორისო საზღვაო სამართლის ტრიბუნალის საზაფხულო აკადემიაში უკვე სწავლობს მარიამ მგელაძე.

„დღეს, საზღვაო სამართლის უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა საზღვაო გარემოს დაცვისა და საზღვაო რესურსებით სარგებლობის, საზღვაო უსაფრთხოებისა და უშიშროების, მეზღვაურთა დასაქმებისა და შრომის უფლებების დაცვის საკითხები…  ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, საქართველოს უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ვალდებულებასა და  გამოწვევას წარმოადგენს  საკანონმდებლო სივრცის ევროპის საკანომდებლო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის, ქართველ მეზღვაურთა დასაქმებისა და საზღვაო გარემოს დაცვის საკითხები,“ – აღნიშნავს მარიამ მგელაძე.

მთავარი ფოტო: მარიამ ძიძიგური

მარიამ მგელაძე

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: