სიახლეები

გველის ნაკბენი – როგორ უნდა დავეხმაროთ ადამიანს

16.07.2019 • 4332
გველის ნაკბენი – როგორ უნდა დავეხმაროთ ადამიანს

მსოფლიოში გველის 600-მდე  სახეობაა, რომელთა 70% შხამიანია. საქართველოში გველგესლას გვარის 4 სახეობის გველია გავრცელებული, რომელთაგან ყველაზე შხამიანია გიურზა. იგი აღმოსავლეთ საქართველოს ნახევრადუდაბნო ტერიტორიებზე ცხოვრობს. აღსანიშნავია, რომ ახალგამოჩეკილი გველის შხამი ისევე საშიშია, როგორც ზრდასრულის. საქართველოში კლიმატური პირობების გათვალისწინებით გველი აქტიურდება აპრილიდან და მისი აქტიურობა ოქტომბრის ბოლომდე გრძელდება. საკვებისთვის უმთავრესად ღამით გამოდის, მაგრამ გაზაფხულზე, ძლიერი სიცხის დადგომამდე, შეიძლება დღისითაც შეგვხვდეს, მაღალი ტემპერატურის დროს კი გრილ და ჩრდილიან ადგილებში ისვენებს.

გველის ნაკბენი, ჩვეულებრივ, უმტკივნეულოა. ძირითადად გვხვდება მცირე ზომის ჭრილობა ან ნაკაწრი, რომელიც შესაძლოა შეუმჩნეველიც იყოს. ჭრილობას შეიძლება თან ახლდეს სისხლჩაქცევა, სისხლდენა, ლოკალური შეშუპება, რეგიონალური ლიმფადენოპათია.

შხამიანი გველისგან დაგესვლის სიმპტომატიკა გველის სახეობასა და შესაბამისად მისი შხამის შემადგენლობაზეა დამოკიდებული. ხშირად დაგესვლის შემდგომ ვითარდება:

კანზე გველის კბილის ნიშანი; სისხლმდენი ჭრილობა; მხედველობის ბუნდოვნება; დაკბენის ადგილის წვა; კრუნჩხვა; დიარეა; თავბრუსხვევა; ოფლიანობა; გრძნობის დაკარგვა; ცხელება; წყურვილის შეგრძნება; ქსოვილის ლოკალური კვდომა; კუნთების მუშაობის კოორდინაციის დაკარგვა; გულისრევა, ღებინება; გაშეშება, ჩხვლეტა სხეულის გაშეშებულ ნაწილში; პულსის აჩქარება; მწვავე ტკივილი; კანის გაფერმკრთალება; ნაკბენის შეშუპება; საერთო სისუსტე.

გართულებების თავიდან ასაცილებლად გველის დაგესვლისას კატეგორიულად არ შეიძლება:

[crosslist]

  • ნაკბენიდან სისხლის გამოწოვა;
  • ნაკბენის გაკვეთა;
  • მოწვა;
  • ასეპტიური ნივთიერებით დამუშავება (იოდი, ბრილიანტის მწვანე, სპირტი);
  • ლახტის დადება;
  • ყინულის დადება;
  • სპირტიანი სასმელის მიღება;
  • არ მოიბანოთ დაკბენილი ადგილი;

[/crosslist]

პირველი დახმარება გველის ნაკბენის დროს:

[checklist]

  • დაკბენილი ადამიანი დააწვინეთ ბრტყელ ზედაპირზე, სიცივის შეგრძნებისას გადააფარეთ საბანი ან პლედი;
  • გველის კბენის შემთხვევაში, კლინიკაში მიყვანამდე დაზარალებულმა უნდა მიიღოს დიდი რაოდენობით სითხე, ანაფილაქსიური შოკის პრევენციისთვის სასურველია ალერგიის საწინააღმდეგო და სტეროიდული საშუალებების მიღება, ხოლო ტკივილის დროს ასევე რეკომენდებულია ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების მიღება;
  • დაუყოვნებლივ დაუკავშირდით და მიმართეთ ექიმს, რომელიც ნაკბენის მიხედვით გაარკვევს, დაგესვლა არის შხამიანი თუ უშხამო გველისგან;
  • ეცადეთ, დაკბენილიც და თანმხლებიც იყოთ მშვიდად. დაკბენილი პიროვნება დაარწმუნეთ, რომ ექიმი ეფექტურად უმკურნალებს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნება.
  • დაზიანებული (დაკბენილი) არე უმჯობესია იყოს გულის დონეზე ოდნავ დაბლა;
  • თუ კბენა მოხდა ხელის არეში, მოიხსენით ბეჭედი ან სხვა რაიმე მორთულობა, რაც დაზიანებულ არეზე ან მის ახლოს გიკეთიათ, ვინაიდან ნაკბენისათვის დამახასიათებელია შეშუპება;
  • თუ დაზიანებული ადგილი შეშუპდა და კანმა ფერი შეიცვალა, სავარაუდოა, რომ გველი შხამიანი იყო;
  • რეგულარულად აკონტროლეთ დაზარალებულის სასიცოცხლო ნიშნები – ტემპერატურა, პულსი, სუნთქვის სიხშირე, სისხლის წნევა;
  • თუ დაკბენის შემდგომ მოკლავთ გველს, ხელი არ მოკიდოთ მანამ, სანამ არ დარწმუნდებით სრულ უსაფრთხოებაში. თუ დამკბენი გველის მოკვლა ვერ მოახერხეთ, ნუ დაკარგავთ დროს და ზედმეტად ნუ გარისკავთ. ტრანსპორტირების შემთხვევაში მკვდარი გველი მოათავსეთ მყარ ყუთში ან მკვრივ ტომარაში (პარკი). მიუხედავად ამისა, მკვდარი გველის თავთან იყავით ფრთხილად, ვინაიდან რეფლექსურად 1 საათის განმავლობაში მას კიდევ შეუძლია კბენა.

[/checklist]

ნაკბენთა უმეტესობა გამოწვეულია დაზარალებულის მიერ გველის პროვოცირებით (გაღიზიანებით). რაც შეეხება პრევენციას, არსებობს კონკრეტული რეკომენდაციები, თუ როგორ შეიძლება ავირიდოთ თავიდან გველის კბენა:

  • მინდვრად, ტყეში ან სხვაგან ყოფნისას თუ მიწაზე შენიშნავთ ჭრელ, ლამაზ ჯოხს ან მსგავს საგანს, არ ეცადოთ მისი ხელში აღება ან ფეხის დადგმა, ეს შესაძლოა გველი იყოს.
  • მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში გავრცელებული გველების უმეტესობა არ არის შხამიანი, თავი აარიდეთ ხელის ხლებასა და მათთან თამაშს, თუ არ გაქვთ სპეციალური მომზადება გავლილი.
  • თუ ხართ გველების გავრცელების ტერიტორიაზე, ან გეეჭვებათ ამ ადგილას გველების არსებობა, ჩაიცვით გრძელი შარვალი და მაღალყელიანი ფეხსაცმელი (ჩექმა).
  • თუ თან გაქვთ ჯოხი, სიარულისას აკაკუნეთ, რადგან მსგავსი გამაფრთხილებელი ხმის გაგონებისას გველი თვითონ მოგერიდებათ.

მომზადებულია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციაზე დაყრდნობით. 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: