კულტურული მემკვიდრეობა,მთავარი,სიახლეები

338 ათასი ლარი გორგასლის ქუჩაზე ძეგლის სარეაბილიტაციოდ

03.07.2019
338 ათასი ლარი გორგასლის ქუჩაზე ძეგლის სარეაბილიტაციოდ

ბათუმში, გორგასლის ქუჩაზე, N24-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს სრულ რეაბილიტაციას ჩაუტარებენ. XX საუკუნის დასაწყისში აშენებული ორსართულიანი სახლის სარეაბილიტაციოდ 338 ათასი ლარია გათვალისწინებული. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ ტენდერი უკვე გამოაცხადა. ძეგლზე სამუშაოები 2020 წლის პირველ მარტამდე უნდა დასრულდეს. სახლის რეაბილიტაცია იმ პროექტის შესაბამისად უნდა ჩატარდეს, რომელიც სატენდერო დოკუმენტაციას ახლავს.

რესტავრაცია-რეაბილიტაციის კვლევითი და სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაცია 2017 წელს მომზადდა. ამ დოკუმენტის მიხედვით, „ნაგებობა გორგასლის ქ. #24-ში, XX საუკუნის დასაწყისის საცხოვრებელი სახლია. იგი იმ ეპოქისთვის სტრუქტურული თვალსაზრისით ახალი ტიპის ნაგებობა იყო;

სახლი ორგანულად არის ჩაწერილი ბათუმის ისტორიულად ჩამოყალიბებულ გარემოში და მორგებულია ადგილმდებარეობას. თავისი სტრუქტურით ეს ნაგებობა
საინტერესოა, როგორც XX საუკუნის დასაწყისის ბათუმის საცხოვრებელი სახლების განსაზღვრული ტიპი და სამშენებლო ხელოვნების ერთ-ერთი ეტაპის ამსახველი
რეალობა. სახლი თავისი საფასადე სტრუქტურით მკაფიო აქცენტს ქმნის და განსაზღვრავს განაშენიანების ხასიათს.“

შენობას პირველ და მეორე სართულებზე აქვს საშუალო და დიდი ზომის ბზარები [ერთი მათგანი გამჭოლია]; სახურავი დაზიანებულია, ჩამოდის წყალი; მოსალოდნელია შენობის წინა ფლიგელის და სახურავის ჩამოშლა. შენობის დაზიანებული ნაწილი გასამაგრებელია, სახურავის კონსტრუქცია და ბურული აღსადგენია.

კვლევითი და საპროექტო დოკუმენტის მიხედვით, ბათუმის ამ უბანში ქუჩების ქსელი ჩაისახა XIX ს-ის შუა პერიოდში და ჩამოყალიბდა XIX ს-ის ბოლოს. თავიდან ბათუმის გეგმებზე ქუჩების სახელწოდებები ჯერ კიდევ არ იყო აღნიშნული. სახელწოდებები მათ დაერქვა მხოლოდ XIX ს-ის ბოლოს. ამჟამინდელი გორგასლის ქუჩა სახელის გარეშეა 1878 წლის გეგმაზე; კათოლიკური – ამ სახელითაა 1914 წლის გეგმაზე; ცხაკაიას – 1920-იანი წლებიდან და ვახტანგ გორგასლის ქუჩა – 1990-იანი წლებიდან  დღემდე.

გორგასლის 24-ში მდებარე სახლის „შემკვეთი იყო ბათუმელი მოქალაქე (გვარი არ არის ცნობილი); არქიტექტურული სტილი – ფსევდორენესანსული, მოდერნის ჩანართებით [უცნობია არქიტექტორის ვინაობაც]. თავდაპირველად შენობა კერძო მფლობელის საცხოვრებელი სახლი იყო; შემდეგ რამდენიმე მფლობელის, ამჟამად კი კერძო მფლობელების საცხოვრებელი სახლია.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ „ამ სახლის თავდაპირველად ჩამოყალიბებული ზოგადი სახე და გეგმარება ძირითადად შენარჩუნებულია. სამწუხაროდ, არქივებში არ აღმოჩნდა დაცული ნაგებობის თავდაპირველი პროექტი. რაც შეეხება მეზობელ ნაგებობებს – სახლის აღმოსავლეთ ყრუ კედელზე მიდგმული იყო ფონური ნაგებობა [N22-ში], რომელიც დაანგრიეს და მის ნაცვლად რამდენიმე წლის წინ მიადგეს ხუთსართულიანი მასიური სახლი…“

ძეგლის რეაბილიტაციაზე გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 2019 წლის 18 ივლისს დაიწყება და 23 ივლისს დასრულდება. ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2014 წლის პირველი იანვრიდან 2019 წლის 2 ივლისამდე პერიოდში უნდა გააჩნდეს დღგ-ის ჩათვლით არანაკლებ 200 000 ლარის ჯამური ღირებულების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დასრულებული სამშენებლო/სარეკონსტრუქციო/სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების გამოცდილება.

სარეაბილიტაციო ძეგლი ბათუმში, გორგასლის ქუჩა N24-ში

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: