მთავარი,სიახლეები

კარტოფილის და ბენზინის გაძვირება მაისში ინფლაციის მატების მთავარი მიზეზი იყო – სები

28.06.2019
კარტოფილის და ბენზინის გაძვირება მაისში ინფლაციის მატების მთავარი მიზეზი იყო – სები

საქართველოს ეროვნული ბანკის [სებ] ინფორმაციით, 2019 წლის მაისში წლიურმა ინფლაციამ 4.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო აპრილთან შედარებით ფასების საერთო დონე 0.5 პროცენტით გაიზარდა.

სების მონაცემებით, თუ აპრილში ინფლაციის მაჩვენებლის [4.1 პროცენტით] მატების მთავარი მიზეზი სიგარეტისა და კარტოფილის გაძვირება იყო, მაისში აპრილთან შედარებით ინფლაციის მატებაზე მნიშვნელოვნად კარტოფილის და ბენზინის გაძვირებამ იმოქმედა, რომლებიც შესაბამისად 31 და 5 პროცენტით გაძვირდა.

„საპირისპიროდ, სეზონური ფაქტორების გამო, ყველის და ზოგიერთი ბოსტნეულის გაიაფებამ ინფლაციის მაჩვენებელზე შემცირების მიმართულებით იმოქმედა“ – აღნიშნულია სების მაისის თვის მიმოხილვაში.

მიმოხილვის მიხედვით, წლიურ გამოხატულებაში, მაისში სამომხმარებლო კალათაში ფასის ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება 2019 წლის დასაწყისში სიგარეტზე აქციზის გადასახადის ზრდის [შედეგად, სიგარეტის გაძვირების] გამო მოხდა. იმპორტირებული და ადგილობრივად წარმოებული ფილტრიანი სიგარეტი, შესაბამისად, 30 და 31 პროცენტით, ხოლო ადგილობრივად წარმოებული უფილტრო სიგარეტი 104 პროცენტით გაძვირდა.

მაისში სურსათის ინფლაციამ 8.4 პროცენტი შეადგინა. აქედან ყველაზე დიდი წვლილი პურის გაძვირებაზე მოდის, რომელიც გასული წლის დეკემბერში
გაძვირდა და, შესაბამისად, მაისში წლიურად 15-პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა. საპირისპიროდ, წლიურად მნიშვნელოვნად გაიაფებული იყო ვაშლი [36 პროცენტით].

„გრძელდება ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ბოლო წლებში ჩამოყალიბებული გაიაფების ტენდენცია. ამ ჯგუფის ფასები წინა წლის მაისთან შედარებით საშუალოდ 7 პროცენტით დაბალი იყო. საბაზო ინფლაცია, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან გამორიცხავს მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლების და თამბაქოს ფასებს, მაისში მთლიან ინფლაციაზე მნიშვნელოვნად ნაკლები იყო და 1.1 პროცენტს შეადგენდა… დაბალი საბაზო ინფლაცია მომავალში მთლიანი ინფლაციის მაჩვენებლის შემცირების სიგნალს იძლევა“ – აღნიშნულია ბანკის ანგარიშში.

ამ თემაზე:

სიგარეტისა და კარტოფილის გაძვირება – სები აპრილში ინფლაციის მატების მთავარ მიზეზს ასახელებს

https://netgazeti.ge/news/359819/

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: