განათლება,მთავარი,სიახლეები

მანანა რატიანი პარლამენტში გავრილოვის მიწვევაზე: ყველამ უნდა დატოვოს მანდატი

21.06.2019 •
მანანა რატიანი პარლამენტში გავრილოვის მიწვევაზე: ყველამ უნდა დატოვოს მანდატი

საქართველოს განათლების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე მანანა რატიანი, საქართველოს პარლამენტის წინ 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებს საკუთარი ფეისბუქის გვერდზე ეხმაურება.

„რომელ დეპუტატსაც თავში მოუვიდა ასეთი პროვოკაციული საქციელი, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად ჩართულები იყვნენ ჩვენს წინასაინფარქტო მდგომარეობამდე მიყვანაში, მანდატი უნდა დატოვონ, მომავალში უკან შემობრუნების შესაძლებლობის გარეშე და ასევე ყველა სამომავლო პრივილეგიის ჩამორთმევით.

არ მინდა სიცოცხლის ბოლომდე ჩემი გადასახადიდან ხელფასს და პენსიას იღებდნენ! ვის ხელშიც გაიარა ამ ანტისახელმწიფოებრივი შეხვედრის საორგანიზაციო საკითხებმა, სირცხვილი!“- წერს მანანა რატიანი.

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებლური საერთაშორისო ასამბლეა მიმდინარეობდა, რომელსაც რუსეთის დელეგაციაც ესწრებოდა. რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში იჯდა და სხდომას რუსულ ენაზე წარმართავდა.

პარლამენტის წინ ასობით ადამიანმა გააპროტესტა მომხდარი. აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ რუსულ ოკუპაციას და მოითხოვდნენ იმ პირების პასუხისმგებლობის დაყენებას, რომლებმაც რუსი დეპუტატი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩასვეს.

აქციის მონაწილეები პოლიციამ ცრემლსადენი გაზით დაშალა, ასევე, გამოყენებული იყო რეზინის ტყვიები, რის შედეგადაც ორმა ადამიანმა თვალი დაკარგა, დაშავდა 240 ადამიანი.

გუშინდელ მოვლენებს განათლების მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძეც გამოეხმაურა ფეისბუქში, სადაც წერს, რომ „ყველა აგებს პასუხს, ვინც ვერ მიაქცია სათანადო ყურადღება იმას, რომ ეს გაუგებრობა არ მომხდარიყო“.

 

ამავე თემაზე:

როგორ მუშაობს რუსული რბილი ძალა საქართველოს სახელმწიფოებრიობის განადგურებისთვის – ინტერვიუ 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: