ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ადლიის გამწმენდ ნაგებობას გააფართოებენ – პროექტი 12 მილიონი ევრო ეღირება

19.06.2019 • 2143
ადლიის გამწმენდ ნაგებობას გააფართოებენ – პროექტი 12 მილიონი ევრო ეღირება

ბათუმში, ადლიის გამწმენდი ნაგებობის გაფართოებას დაახლოებით 12 მილიონამდე ევრო დასჭირდება. ნაგებობის გაფართოება აუცილებელია იქედან გამომდინარე, რომ აქ სამომავლოდ თავი უნდა მოიყაროს საკანალიზაციო წყლებმა ბათუმს შემოერთებული ტერიტორიებიდან.

შემოერთებულ ტერიტორიებზე [მახინჯაური, მწვანე კონცხი, ხელვაჩაური, ადლია, კახაბერი, აეროპორტის დასახლება, მეჯინისწყალი] საკანალიზაციო სისტემის მოწყობა და ადლიის წყალარინების გამწმენდი ნაგებობის გაფართოება ერთიანი პროექტით განხორციელდება, რომლისთვისაც გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკი [KFW] 60 მილიონამდე ევროს სესხს გამოყოფს.

გამწმენდი ნაგებობის გაფართოებაში ასევე იგულისხმება ისიც, რომ საკანალიზაციო წყლის გაწმენდას დაემატება ახალი ეტაპი – აზოტისა და ფოსფორის გაუვნებელყოფა.

18 ივნისს, „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, ადლიის წყალარინების გამწმენდ ნაგებობაზე სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის სამხრეთ კავკასიის ოფისის დირექტორი კლაუს ვაიგელი, სამხრეთ კავკასიის ენერგო-სატრანსპორტო სექტორის დირექტორი ჰანს რიკი, გერმანიის საელჩოს თანამშრომლობის განვითარების ხელმძღვანელი დანიელ ჰაასი და გერმანიის თანაშრომლობის სამინისტროს ოფიცერი კარინ იარ დე გუერერო.

„სტუმრებმა განიხილეს გამწმენდი ნაგებობის გაფართოების სამომავლო გეგმები. ასევე შეფასდა მზის ენერგიის გამოყენების პერსპექტივები ალტერნატიული ენერგიის წყაროს სახით“, – აღნიშნულია „ბათუმის წყლის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამწმენდმა ნაგებობამ ალტერნატიული ენერგიის წყაროდ არა მარტო მზის, არამედ შესაძლოა ის ენერგიაც გამოიყენოს, რომელსაც ნაგებობაზე ბიოგაზების დაჭერით მიიღებს.

„ამ კუთხით ცალკე მიდის სამუშაოები. პროექტი გულისხმობს იმას, რომ არსებული აუზები გადაიხუროს, მოხდეს გაზების დაჭერა და ამ გაზების გარდაქმნა ენერგიად. შემდეგ შეიძლება ეს ენერგია ამავე ნაგებობის განათებისთვის გამოიყენონ. ღირებულება ჯერ არ არის დათვლილი, თუმცა დაფინანსებისთვის, ალბათ ცალკე გრანტის მოსაპოვებლად შეიძლება ვიმუშაოთ“, – გვითხრა ჯაბა ტუღუშმა, ბათუმის მუნიციპალიტეტის საინვესტიციო პოლიტიკისა და საგრანტო პროგრამების მართვის განყოფილების უფროსმა.

„ბათუმის წყალმა“, დაახლოებით ერთი წლის წინ განაცხადა, რომ ადლიის წყალარინების გამწმენდ ნაგებობაზე არის გოგირდ-წყალბადის სუნი და აპირებდა მის გაუვნებელყოფას. თუმცა, „ბათუმის წყალში“ ისიც განაცხადეს, რომ ეს არ არის ის სუნი, რასაც ადლიის მოსახლეობა ხშირად უჩივის: „სუნი, რომელიც მოსახლეობას აწუხებს, ადლიის ნაგავსაყარიდან მოდის“.

ამ თემაზე:

ბათუმის საკანალიზაციო ქსელი და გაზრდილი ქალაქი

მთავარი ფოტო: ადლიის გამწმენდი ნაგებობა / ფოტო: „ბათუმის წყალი“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: