მთავარი,სიახლეები

ბათუმელი მაშველების ნაამბობი ისტორიები ადამიანების გადარჩენაზე

19.06.2019 • 3668
ბათუმელი მაშველების ნაამბობი ისტორიები ადამიანების გადარჩენაზე

21 წლის მაშველი ანრი ნემსაძე ბათუმის სანაპიროზე სამი წელია მუშაობს. ამ ხნის მანძილზე ანრიმ ზღვაში დახრჩობას 200-მდე ადამიანი გადაარჩინა. სანამ მაშველად დაიწყებდა მუშაობას, ანრი წყალბურთელი იყო და სპორტი იმის გამო მიატოვა, რომ გუნდი დაიშალა. „არ დაგვაფინანსეს და აუზის უქონლობის გამო დავიშალეთ, ასე რომ არ მომხდარიყო, სპორტულ კარიერას გავაგრძელებდი,“ – გვეუბნება ანრი.

სპორტის მიტოვებაზე გული წყდება, თუმცა ამბობს, რომ კომპენსირებას მაშველად მუშაობით ახერხებს. წელს ანრი ნემსაძეს, გრიგოლ აზნაურაშვილსა და მანუჩარ წულუკიძეს სამაშველო ღონისძიებებში გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის საპატიო სიგელიც გადასცეს.

„ვცდილობ შევინარჩუნო ფორმა, მაგრამ ის ვარჯიშები, რაც წყალბურთის დროს გვჭირდებოდა და აუცილებელი იყო, ვთქვათ, დღეში 3-4 კილომეტრის გაცურვა, ამას ფიზიკურად ვეღარ მოვახერხებ“, – ამბობს ანრი.

ანრი ნემსაძე საზღვაო აკადემიაში გემის მექანიკოსის პროფესიას ეუფლება და პარალელურად მაშველის პროფესიაშიც იმაღლებს უნარებს.

ანრი ნემსაძე, მაშველი

ანრი ნემსაძის თქმით, მაშველის მთავარი თვისება ყურადღებაა. ასევე გონების მოკრეფა, რომ პერიმეტრი ასი პროცენტით იყოს დაცული. „მე სადაც ვმუშაობ, აჭარული სახლის და კოშკის წინ, ამ პერიმეტრზე არასდროს არ ყოფილა ადამიანის დაღუპვის შემთხვევა. ყოველ 5-10 წუთში შემოვლას ვაკეთებთ, ვაკონტროლებთ პერიმეტრს. თუ შევნიშნეთ, რომ ვიღაც შევიდა ზღვაში და ვეღარ გამოდის, პირველ რიგში გადავცემთ ინფორმაციას რაციით, რომ ადამიანი შორს არის გასული და ვიძახებთ სკუტერს“.

იმ შემთხვევაში, თუ დრო არ ითმენს, კატერის მოსვლამდე მაშველები ზღვაში შედიან და ადამიანს „მალიბუს“ ან კამერას აწვდიან.

თუ თავიანთ საკონტროლო პერიმეტრზე სხვა ადამიანი შემოდის სხვა სექტორიდან, ინფორმაციას ამის შესახებაც რაციით გადასცემენ მომიჯნავე სექტორის მაშველებს.

20 წლის მაშველი თემურ ცეცხლაძე ბათუმის პლაჟზე მესამე წელია მუშაობს. მაშველობა ადრეც სურდა, თუმცა ამბობს, რომ რადგან არასრულწლოვანი იყო, მუშაობის უფლება არ ჰქონდა. „მომწონს როცა ვარ ხალხის სამსახურში და მაშველობა ერთ-ერთი გზაა იმისთვის, რომ ადამიანებს დაეხმარო“ – გვეუბნება ის.

თემურ ცეცხლაძე

თემურ ცეცხლაძე მოკრივეა და პარალელურად, ბათუმის უნივერსიტეტში ეკონომიკასაც სწავლობს. მისი აზრით, მაშველისთვის ფიზიკურ მომზადებაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი გამოცდილებაა.

„ყველაფერთან ერთად, ფსიქოლოგიურ მომზადებასაც გავდივართ, რომ რისკები მაქსიმალურად იყოს შემცირებული“ – ამბობს თემური.

თემური მე-9 პოსტზე მუშაობს, რესტორან „სან-რემოს“ ტერიტორიაზე. „2017 წელს იყო შემთხვევა, როცა რუსი ტურისტი შევიდა შტორმში ნასვამ მდგომარეობაში, მივეცი გაფრთხილება, წითელი დროშებიც იყო გამოფენილი, თუმცა მაინც არ მოგვისმინა. ბუნებრივია, შტორმში მუშაობა ბევრად რთულია, რადგან საკუთარ სიცოცხლეზეც ფიქრობ და სხვაზეც. ხშირად მიწევს ბავშვების გამოყვანა, ყველაზე ბევრი ბავშვი „ალი და ნინოს“ მიმდებარედ ბანაობს ხოლმე და იქ ხშირია გადარჩენის ფაქტები“.

თემურის აზრით, ადამიანი სამაშველო სამსახურში მხოლოდ ხელფასის გამო ვერ გაძლებს, თუ მისთვის ადამიანის სიცოცხლე მნიშვნელოვანი არ არის.

21 წლისაა პაატა სალაძე მაშველად მეორე წელია მუშაობს და ამბობს, რომ წინა წელმა დიდი გამოცდილება მისცა:

„ოთხი ადამიანი გადავარჩინე. ერთი შემთხვევა უფრო რთული იყო, რადგან შტორმში შევიდა ახალგაზრდა კაცი და გამოვიყვანეთ“. პაატა ამბობს, რომ ყველაზე ჯიუტები ქართველი დამსვენებლები არიან რადგან „ისინი ნაკლებად ემორჩილებიან მაშველის მითითებებს“.

პაატა სალაძე

გიგა კონჯარია წელს პირველად იმუშავებს მაშველად. ის საზღვაო აკადემიაში სწავლობს. „წვრთნები მომეწონა და ვაპირებ მომავალშიც გავაგრძელო“ – გვეუბნება გიგა.

ცურავს ბავშვობიდან, გვიყვება, რომ სოფელში ყოფნისას მდინარეში მყოფი ბავშვები გადაარჩინა: „ხიდზე ვიდექი და ვხედავდი ბავშვები ვერ გამოდიოდნენ, გადავხტი და ორივე გამოვიყვანე“.

თუკი დამსვენებელი ზღვაში ნაპირიდან 30-40 მეტრის დაშორებით შევიდა, მაშინ მაშველები აკვირდებიან და იმ შემთხვევაში, თუ გაჩნდა ეჭვი, რომ ადამიანი ნაპირზე გამოსვლას ვეღარ ახერხებს, სამაშველო რეაგირებას იწყებენ.

გიგა კონჯარია

თითო სექტორში ორ-ორი მაშველი მუშაობს. ისინი დილის ცხრიდან საღამოს ცხრა საათამდე მუშაობენ და შესვენებაზე საათნახევრით გადიან. მაშველის ანაზღაურება თვეში 500 ლარია, წელს შესაძლოა ანაზღაურება 50 ლარითაც გაეზარდოთ.

მაშველების პრაქტიკა აჩვენებს, რომ ხშირია შემთხვევები, როცა ზღვაში ადამიანები ნასვამ მდგომარეობაში შედიან ან ძლიერი შტორმის დროს და საფრთხეს უქმნიან არა მარტო საკუთარ სიცოცხლეს.

„წინა წელს მქონდა შემთხვევა, როცა ხუთბალიან შტორმში შევიდა ნასვამი ადამიანი, მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე მივეცი გაფრთხილება. ავიღე მალიბუ, შევედი და გამოყვანის დროს ორივეს დაგვარტყა ძლიერმა ტალღამ და სხვადასხვა მხარეს გადაგვისროლა. ისევ შევედი ზღვაში და მალიბუ გადავეცი, შემდეგ მოვიდა დამხმარე ჯგუფიც და გამოვიყვანეთ,“- ყვება ანრი.

მაშველი ამბობს, რომ ამ ხნის მანძილზე, რაც ადამიანები ზღვიდან გამოუყვანია, სულ ცოტა 70 პროცენტს მადლიერებაც კი არ გამოუხატავს მაშველის მიმართ ან თუნდაც სინანული, რომ მაშველის რჩევა არ გაითვალისწინა.

„ერთადერთი შემთხვევა მახსოვს, როცა 18 წლის ბიჭი გადავარჩინე და მადლობა გადამიხადა,“- გვეუბნება ანრი.

მაშველები ტექნიკური აღჭურვილობით კმაყოფილი არიან, თუმცა მათი თქმით, კარგი იქნება, თუ ზღვაზე სამაშველო სკუტერების რაოდენობა გაიზრდება.წელს ბათუმის სანაპიროზე მაშველი დრონიც გამოჩნდა. დრონის ფუნქცია შორს მანძილზე სამაშველო რგოლის გატანა და ადამიანის გამოყვანაა.

ანრი ამბობს, რომ მთელი დღე ზღვის სანაპიროზე ყოფნა საკმაოდ რთულია, შეიძლება ეს ჯანმრთელობაზეც აისახოს. ყოფილა შემთხვევა, როცა მეორე წელს მაშველს მუშაობა აღარ გაუგრძელებია, თუმცა ანრის აზრით, „თუ ვაჟკაცობა და გმირული სული გაქვს, მოტივაციას მოგცემს იმისთვის, რომ შენი საქმე აკეთო და არც მზემ და არც სხვა გარემოებებმა ხელი არ შეგიშალოს“.

მაშველები სეზონის წინ და ინდივიდუალურადაც ემზადებიან ფიზიკურად. აბარებენ ნორმატივებს, რაც ითვალისწინებს გარკვეული მანძილის დაფარვას გარკვეულ დროში. წელს ბათუმის სანაპიროზე ქალი მაშველებიც იმუშავებენ, რაც ბიჭების აზრით, მისასალმებელია.

მაშველი ბიჭების თქმით, ის დამოკიდებულება, რომელიც მაშველი კაცებისა თუ ქალების ფიზიკურ აღნაგობაზე არსებობს, სტერეოტიპულია და კარგი მაშველისთვის მაინც და მაინც კუნთები არ არის აუცილებელი.

„ბათუმის სანაპიროზე ბევრი ტურისტი შემხვედრია ევროპის ქვეყნებიდან, რომლებსაც უთქვამთ, რომ თვითონაც მაშველებად მუშაობენ და არც ერთი არ ყოფილა ისეთი აღნაგობის, ვთქვათ, რაც კინოებში გვინახავს“ – გვეუბნება ანრი.

https://www.facebook.com/batumelebi/videos/451068508959900/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: