განათლება,მთავარი,სიახლეები

„სწავლა კეთებით“ – როგორია ეროვნული ჯილდოს ათეულში მყოფი პედაგოგის პრაქტიკა

18.06.2019 • 4339
„სწავლა კეთებით“ – როგორია ეროვნული ჯილდოს ათეულში მყოფი პედაგოგის პრაქტიკა

სამოქალაქო განათლებისა და ისტორიის მასწავლებელი ინგა მოსიძე 2019 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულშია. ის სალიბაურის პირველ საჯარო სკოლაში მუშაობს.  როგორ მუშაობს მოსწავლეებთან, რას მიიჩნევს სიახლედ სწავლებაში და რა არის მნიშვნელოვანი მოზარდის მოქალაქედ, პიროვნებად ჩამოყალიბებისთვის? პედაგოგი ამ ყველაფერზე „ბათუმელებთან“ საუბრობს.

  • ქალბატონო ინგა, გვესაუბრეთ იმ მეთოდებსა და გამოცდილებაზე, რის გამოც თქვენ მიგიჩნიეს საუკეთესო პედაგოგად…

მნიშვნელოვანია ის, რომ გაკვეთილები არის ინტერაქტიული და მოსწავლეზე ორიენტირებული და ბავშვების მოტივაციასაც ეს განაპირობებს. სწავლების დროს ვიყენებ მრავალფეროვან აქტივობებს. ყველაზე მნიშვნელოვანია თეორიული მასალის პრაქტიკაში გამოყენება, ანუ სწავლა კეთებით. მნიშვნელოვანია, როცა ბავშვები თავად გეგმავენ საკლასო და სოციალურ პროექტებს, საკლუბო პროექტებს და შემდეგ ახორციელებენ.

  • რას გულისხმობთ, როცა ამბობთ, რომ სწავლა არის ბავშვზე ორიენტირებული, რაში გამოიხატება ეს?

აქ ვგულისხმობ მოსწავლეთა შესაძლებლობებს, დიფერენცირებულ მიდგომას მოსწავლის ინტერესებისა და უნარების გათვალისწინებით. შესაბამისი აქტივობების დაგეგმვას, სადაც ყველა მოსწავლე იქნება სასწავლო პროცესში ჩართული.

სამოქალაქო განათლების დროს ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ტერმინებისა და ცნებების სწავლება, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების განვითარება, მოდელირება და თამაშით სწავლება. მნიშვნელოვანია დილემებზე მუშაობა რთული კითხვებით. სწავლების პროცესში აქტიურად ვიყენებ დოკუმენტურ ფილმებს, სოციალურ რეკლამებს სხვადასხვა პრობლემის გაანალიზებისას, სხვადასხვა წყაროს. ეს ყველაფერი იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ სახელმძღვანელოები არ არის დაგეგმილი ისე, რომ ინტერაქტივის საშუალებას იძლეოდეს. სახელმძღვანელოში არ არის საკმარისი მასალა მოცემული იმ თემის გააზრებისთვის, რასაც გაკვეთილი მოითხოვს.

  • სამოქალაქო განათლებაში ბევრი თემა შედის, რომლებიც მნიშვნელოვანია მოქალაქის, პიროვნების ჩამოყალიბებისთვის. თქვენ რას ასწავლით ბავშვებს, რა არის მთავარი განათლებაში?

სახელმწიფოს დაკვეთა მასწავლებლის მიმართ არის, რომ მოსწავლეს მისცეს არა მხოლოდ თეორიული ცოდნა, არამედ მისცეს უნარები და ღირებულებები. თუ თვალს გადავავლებთ ეროვნულ მიზნებს, იქ სწორედ ეს წერია, რომ მოსწავლეს უნდა გამოვუმუშაოთ ის კომპეტენციები, რომლებიც მას ცხოვრების მანძილზე სჭირდება. ეს არის სამოქალაქო კომპეტენცია, პასუხისმგებლობა, სამშობლოს სიყვარული, აქედან გამომდინარეა ყველა ჩემი გაკვეთილი.

  • სამშობლოს სიყვარულს როგორ ასწავლით?

რამდენიმე დღის წინ მქონდა პროექტი ეროვნულ გმირებზე და მაშინ ვსაუბრობდით ამ თემაზე. სამშობლოს სიყვარული გამოიხატება ქვეყანაზე ზრუნვაში და იმ გარემოს მოვლაში, სადაც ვცხოვრობთ. სამშობლოს სიყვარული საკლასო ოთახიდან შეგვიძლია დავიწყოთ, შემდეგ გადავდივართ თემში და ა.შ.

გარდა ამისა, ჩემი მოსწავლეები აფხაზეთიდან დევნილები არიან და არ იციან, რომ აფხაზეთიდან არიან, ნაკლები ინფორმაცია აქვთ ამაზე, არც სახელმძღვანელოებში წერია ამის შესახებ. ვცდილობ, მათ ეს ისტორია ვასწავლო. მინდა იცოდნენ იმ გმირების ამბები, რომლებიც მათ გვერდით ცხოვრობენ და ამ ცოცხალი ისტორიებით ვასწავლო სამშობლოს სიყვარული.

  • რა მაგალითები მოგყავთ, როცა სამოქალაქო პასუხისმგებლობაზე ესაუბრებით და რამდენად კარგად იაზრებენ ამას ბავშვები?

მოსწავლეებს უჭირთ სამართლებრივი ცნებების სწავლა, ამიტომ თუ ჯერ არ გაიაზრეს ბავშვებმა სახელმწიფოს ცნება, რა უფლებები აქვთ, რა მოვალეობები, ისე სხვა საკითხების გააზრებაც რთული იქნება. ამ ყველაფრის გააზრება უნდა მოხდეს კონკრეტულ სიტუაციებში, ვიყენებ ფილმებსაც, ვუყურებთ, ვაანალიზებთ და შემდეგ ვმსჯელობთ.

  • რა ინფორმაციას ითხოვენ ბავშვები, რა აინტერესებთ, რაზე სვამენ ყველაზე მეტ კითხვას?  

ბავშვებს ყველაზე მეტად მაინც ის თემები აინტერესებთ, რაც მედიაში ტრიალებს. იყო მარიხუანას თემა და ჩვენ ვისაუბრეთ მარიხუანას მავნებლობაზე, წელს გვქონდა პროექტი მოზარდების ინტერნეტდამოკიდებულებაზე, იმაზე, რა უხილავი საფრთხეების წინაშე დგანან მოზარდები. კიბერბულინგთან დაკავშირებით ჰქონდათ კითხვები, როცა მოისმინეს, რამდენად საფრთხისშემცველია პერსონალური მონაცემების გავრცელება და რა ზიანი შეიძლება მოიტანოს ამან, გაოცებული იყვნენ. ვისაუბრეთ ასევე იმაზე, რამდენად ნეგატიური შედეგის მომცემია ინტერნეტდამოკიდებულება, როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით.

  • სამოქალაქო საკითხები ასევე უკავშირდება კულტურული მრავალფეროვნების თემებს. აქ შემოდის როგორც ეთნიკური, რელიგიური, ასევე სხვა თემები. რა ცოდნა აქვთ ბავშვებს ამ სფეროში და რაზე სვამენ კითხვებს?

დიახ, სამოქალაქო განათლებით ყველაზე კარგად გამოდის ფასეულობათა პრინციპების სწავლება და რადგან ისტორიასაც ვასწავლი, ბევრია ისეთი თემა, რომელიც სამოქალაქო საკითხებთან არის ინტეგრირებული.

ბავშვებს აინტერესებთ განსხვავებული კულტურების თანაცხოვრება, ტრადიციები, მიმღებლობა, მაგრამ ისეთი, განსაკუთრებული კითხვები არ უჩნდებათ.

  • ჩვენს საზოგადოებაში ხშირად განიხილება რელიგიური მიკუთვნებულობის თემა. აჭარა ამ მხრივ არის მრავალფეროვანი რეგიონი და არის ისეთი შემთხვევებიც, როცა საკითხი ასე დგება – შეიძლება თუ არა ქართველი იყოს მუსლიმი და ამ კითხვას ხშირად პედაგოგები სვამენ. მსგავსი სიტუაციასთან თუ გქონიათ შეხება?

ასეთი საკითხები არ დამდგარა ჯერ დღის წესრიგში – ბავშვებს არ მიაჩნიათ ეს განსხვავებულობა პრობლემად. კლასში მყავს მუსლიმი ბავშვებიც, ქრისტიანებიც და ძალიან მშვიდობიანად უყურებენ ამ თემას. ჩვენ რელიგიური რადიკალიზმის შესახებაც გვქონდა პროექტი და ამის ფარგლებიც ვისაუბრეთ რელიგიური უმცირესობების საკითხებზე და არც მაშინ დასმულა მტკივნეული კითხვები.

  • პრაქტიკის კვლევა თუ გაგიკეთებიათ და რა პრობლემა გამოკვეთეთ?

დიახ, ახლახან გავაკეთე და კვლევის დროს აღმოვაჩინე, რომ ბავშვებს ძალიან უჭირთ ესეების წერა. ეროვნულ გამოცდებზე უწევთ ესეების წერა და ამიტომ ეს საკითხი მათთვის აქტუალურია. მიუხედავად იმისა, რომ წლების წინ გავიარეთ ტერმინოლოგიური საკითხები, მაგალითად, როცა თემა მოვიდა ქსენოფობიაზე, კულტურულ მრავალფეროვნებაზე, რა მოიაზრებოდა ტერმინში და როგორ შეიძლებოდა შემდეგ ამაზე არგუმენტების დაწერა, ეს გაუჭირდათ.

ამიტომ დავგეგმე, როგორ შეიძლებოდა ამის სიღრმისეული სწავლება. გამოვიყენე მოდელირება, ფოტოებით ამოცნობა, სიტუაციების ანალიზი, თამაშები და ა.შ.

  • რა მიიჩნევა დღეს ინოვაციურ სწავლებად, მხოლოდ ტექნოლოგიების გამოყენება?

ჩემი აზრით, ინოვაცია არის ის, როცა ბავშვს ასწავლი პრობლემის გადაჭრის გზებს. ჩვენ გვქონდა ძალადობის თემა განხილული და ვიმსჯელეთ პრობლემის გადაჭრის გზებზე. სამოქალაქო ჩართულობის  საკითხების შესწავლისას გავაკეთეთ ასეთი რამ, რომ სკოლასთან ახლოს არ იდგა სანაგვე ურნები, ამიტომ მივწერეთ თვითმმართველობას და  ეს საკითხი გადავჭერით, გზასთან დაკავშირებული პრობლემა იყო, ამაზეც შევაგროვეთ ხელმოწერები და ესეც მეტ-ნაკლებად მოგვარდა. მთავარია, მოსწავლემ იცოდეს პრობლემის დანახვა და შემდეგ იცოდეს ვის მიმართოს, როგორ მოაგვაროს, მისი როლი რა არის და ა.შ.

ჩვენ გვაქვს ასევე სამოქალაქო განათლების კლუბი „თემიდა“, სადაც ხშირად განვიხილავთ პრობლემურ საკითხებს, ვმსჯელობთ, ასევე ლიდერის უნარ-ჩვევებს ვუყალიბებთ მოზარდებს, ვასწავლით პროექტების წერას, თანამშრომლობას ჯგუფთან, აზრების გაზიარებას, აუდიტორიასთან კომუნიკაციას და ა.შ.

კრიტიკული აზროვნების სწავლება ერთი გაკვეთილით არ მიიღწევა, ბევრი აქტივობა უნდა გამოიყენო, რომ ბავშვებმა არგუმენტების მოყვანა ისწავლონ. ეს დაფუძნებულია ბავშვის საბაზისო ცოდნაზე. მე-9 მე-10 კლასში მაშინ უადვილდება ბავშვს კრიტიკული აზროვნება, თუ დაწყებით კლასებში აქვს ეს უნარები განვითარებული. ეს არის მრავალფეროვანი სასწავლო აქტივობების შედეგი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: