„გასულ წელთან შედარებით, დელფინების სანაპიროზე გამორიყვის შემთხვევები გახშირდა,“ – ამბობს არჩილ გუჩმანიძე, ბიოლოგიის დოქტორი, ასოციაცია „ფლორა და ფაუნას“ გამგეობის თავმჯდომარე.
„ბოლო მონაცემებით, 60-ზე მეტი ასეთი შემთხვევაა, საუბარია სარფი-ანაკლიის მონაკვეთზე. რაც შეეხება საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს აფხაზეთის მონაკვეთს, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, იქაც ანალოგიური ვითარებაა. არ გვაქვს ზუსტი ციფრები, მაგრამ ვისთანაც გვაქვს კომუნიკაცია, ისინიც ადასტურებენ, რომ ვითარება მსგავსია,“ – ამბობს არჩილ გუჩმანიძე.
მისივე თქმით, ზღვის ძუძუმწოვრების: აფალინის, თეთრგვერდა დელფინისა და ზღვის ღორის გამორიყვის მიზეზი რამდენიმეა: ბადეებში გახლართვა, ზღვის დაბინძურება, პათოლოგიური ფაქტორი ანუ დაავადებები და ნავიგაციური ტრავმები.
„წელს ჩვენ ნავიგაციური ტრავმები არ გვქონია, ბადეებში მოხვედრის კი რამდენიმე შემთხვევა იყო.
ძირითადად, დაღუპული ეგზემპლარების 90 პროცენტი და მეტი არის ტოქსიკო-პათოლოგიური ფაქტორი, ანუ დაავადებები და დაბინძურება, მაგრამ კონკრეტულად რასთან გვაქვს საქმე, ეს ჯერჯერობით უცნობია. ამ საკითხის სიღრმისეული კვლევაა საჭირო, რადგან გარკვეული რისკები არსებობს, მათ შორის ადამიანების დაავადების.
ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია ჩვენს კოლეგებთან შავი ზღვის სხვადასხვა ქვეყნებში. უკრაინასა და რუმინეთში გაკეთებული კვლევებით აქ გააკეთო რაიმე დასკვნა, რა თქმა უნდა, ეს არ არის სწორი, მაგრამ იმ კვლევებში სიკვდილიანობის და შემდგომში გამორიყვის ძირითად მიზეზად დასახელდა ინფექციები,“ – გვითხრა არჩილ გუჩმანიძემ.
მისივე თქმით, დაუშვებელია ნაპირზე გამორიყულ დელფინთან შეხება:
„დელფინი არის თბილსისხლიანი ცხოველი, ისევე როგორც ადამიანი. ძალიან ბევრი საერთო დაავადებაა დელფინსა და ადამიანს შორის, მათ შორის გადამდებიც. აქედან გამომდინარე, არ შეიძლება ნაპირზე გამორიყულ ცხოველთან კონტაქტი. ასეთ დროს უმჯობესია ადამიანმა მიმართოს სამინისტროს, საპატრულო პოლიციას… და ასევე, სანიტარული სამსახურების მიერ დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს მათი გატანა, გაჩერება პლაჟზე არ შეიძლება, იქ არიან შინაური ცხოველები, ფრინველები, მღრღნელები, მწერები… ძალიან დიდია საფრთხეები. ამიტომაც დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს პლაჟიდან გატანა და მისი გაუვნებელყოფა დადგენილი წესით,“ – ამბობს არჩილ გუჩმანიძე.
გარემოს დაცვის სააგენტოში კი „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ დელფინების გამორიყვის ტენდენცია კლებისკენ მიდის. სააგენტოს ცნობით, წელს, იანვრიდან დღემდე, 50 დელფინი გამორიყა ზღვამ, გასულ წელს კი დელფინების გამორიყვის 121 შემთხვევა იყო. სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, უახლოეს წლებში ზღვის ძუძუმწოვრების გამორიყვის ყველაზე მეტი შემთხვევა 2012 წელს იყო – სულ 167.
რაც შეეხება ზღვის ძუძუმწოვრების გამორიყვის მიზეზებს, სააგენტომ ამ ინფორმაციის ოფიციალური გამოთხოვა გვთხოვა.
__________________
მთავარ ფოტოზე: ქობულეთის სანაპიროზე გამორიყული დელფინი. მარიამ დუმბაძის ფოტო.
ამავე თემაზე:
შავი ზღვის დიაგნოზი – ახალი ფაქტები ყველაზე მასშტაბური კვლევის ანგარიშიდან