მთავარი,სიახლეები

სულხან ღლონტი: რუსულ ენაზე ტურისტებთან კომუნიკაცია არის პრობლემა

29.05.2019
სულხან ღლონტი: რუსულ ენაზე ტურისტებთან კომუნიკაცია არის პრობლემა

ბათუმში ხშირია შემთხვევა, როცა კერძო სექტორის წარმომადგენლები რუს ტურისტებს რუსულ ენაზე მიმართავენ და ეპატიჟებიან რუსულ ენაზე. ასევე კაფე-ბარებსა და რესტორნებში ხშირად მენიუ წარმოდგენილია მხოლოდ რუსულ ენაზე. ამ საკითხზე „ბათუმელები“ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, სულხან ღლონტს ესაუბრა და ჰკითხა, ხედავს თუ არა ამაში პრობლემას და რა როლი უნდა შეასრულოს დეპარტამენტმა იმისთვის, რომ კერძო სექტორმა ქართული ენის, კულტურის პოპულარიზაცია მშობლიურ ენაზე აწარმოოს და არა რუსულ ენაზე.

ქალაქში ხშირად შეგხვდებათ სარეკლამო ბანერები, რომლებზეც ინფორმაცია მხოლოდ რუსულ ენაზეა განთავსებული
ფოტო: მანანა ქველიაშვილი

სულხან ღლონტი აღიარებს, რომ რუსულ ენაზე რუს ტურისტებთან კომუნიკაცია არის პრობლემა, რადგან მისი აზრით, ტურიზმიც ეროვნული ინტერესებიდან უნდა ამოდიოდეს.

„ჩვენ გავაკეთეთ ლევან მიქელაძის საგანმანათლებლო სკოლასთან შეთანხმება, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაშია და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან გავიარეთ სასემინარო კურსი მსგავს თემებზეც.

სატრენინგო კურსის დროს სრული ინფორმაცია მივაწოდეთ მათ ქვეყნის ოკუპაციასთან დაკავშირებით ყველა იმ კითხვაზე, რასაც სვამენ როგორც რუსი ტურისტები, ასევე ტურისტები ევროკავშირის ქვეყნებიდან. მაქსიმალურად ვცდილობთ, ყველა ნაბიჯი გადავდგათ იმისთვის, რომ რაც შეიძლება ეროვნული ინტერესებიდან ამოვიდეს ყველა ნაბიჯი,“ – ამბობს სულხან ღლონტი.

მისი თქმით, ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს ესაუბრნენ ელჩები, დესპანები, კონსულები და მსგავსი შინაარსის ტრენინგები სამომავლოდაც გაგრძელდება.

კაფეებსა და რესტორნებში ასევე ნახავთ მენიუს მხოლოდ რუსულ ენაზე

სულხან ღლონტის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი არ არის სამიზნე ქვეყანა და ფული არ იხარჯება ჩვენი ქვეყნის რეკლამირებაზე, ამ ქვეყნიდან შემომსვლელი ტურისტების მაჩვენებელი მაინც მაღალია. „ეს აიხსნება საქართველოს მიმართ ცნობადობით, ასევე ინტერესით. რუსეთის სარეკლამო ბაზარზე ჩვენ ფინანსებს არ ვხარჯავთ 2017 წლის შემდეგ“.

სულხან ღლონტის თქმით, წელს სამიზნე ქვეყნებს წარმოადგენს გერმანია და დიდი ბრიტანეთი, ასევე ბალტიისპირეთის ქვეყნები. მისი თქმით, 15 ივნისს, ტურისტული სეზონის გახსნის დღეს, ევროკავშირის სამი ქვეყნიდან – პოლონეთი, ლიეტუა, ესტონეთი, ჩარტერული რეისები შესრულდება. „ასევე მეზობელი ქვეყნებიდან ველოდებით ბევრ ტურისტს,“ – ამბობს სულხან ღლონტი.

ამავე თემაზე: ბათუმის იახტკლუბში ტურისტებს რუსულ ენაზე ეპატიჟებიან

https://www.facebook.com/batumelebi/videos/914896648903636/

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: