მთავარი,სიახლეები

რა უნდა იყოს ციხის შემდეგ პირველი ნაბიჯი – დახმარების მსურველის პოვნა შესაძლებელია

27.05.2019 • 1159
რა უნდა იყოს ციხის შემდეგ პირველი ნაბიჯი – დახმარების მსურველის პოვნა შესაძლებელია

„დემოკრატიის ინსტიტუტი“ უკვე წელიწად-ნახევარზე მეტია ახორციელებს „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამას“, რომლის ფარგლებშიც ბენეფიციარები სარგებლობენ სამედიცინო და იურიდიული მომსახურებით, დასაქმებისა და მცირე ბიზნესის ხელშეწყობით. სწორედ დასაქმებაა ერთ-ერთი მთავარი პრობლემა კანონთან კონფლიქტში მყოფი პირებისთვის.

ყოფილი პატიმრები, რომლებსაც უკვე აქვთ პროფესია, მცირე ბიზნესის დაწყება სურთ ან აქვთ ასეთი საქმე და დახმარება სჭირდებათ – ხშირად ფინანსდებიან საჭიროებების მიხედვით ,,ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტით“.

42 წლის ზაზა შვანგირაძე ერთ-ერთი მათგანია. პროექტის შესახებ, ისევე როგორც ბენეფიციართა დიდმა ნაწილმა, მანაც ახლობლისგან შეიტყო და ქუთაისის ახალგაზრდულ რესურსცენტრს მიმართა. ზაზა თვითდასაქმებულია – ნაქირავებ სივრცეში სახელოსნო აქვს მოწყობილი და მეგობართან ერთად ავტომობილების სათადარიგო ნაწილების შემცვლელად მუშაობს. პროექტის საშუალებით მან სახელოსნოსთვის აუცილებელი იარაღები შეიძინა, რის გარეშეც შრომა ურთულდებოდა.

„რამეში უნდა იყო ჩართული და იპოვი საქმეს, ეს არის რეაბილიტაციის საწყისი ნაბიჯი. რთულია ციხის შემდეგ სამსახურის პოვნა, ყველა ერიდება ნასამართლევის დასაქმებას. განსაკუთრებით რთულია დასაქმება იმ ყოფილი პატიმრებისთის, რომლებსაც პროფესია არ აქვთ. მე ტექნიკით ბავშვობიდან დავინტერესდი, მეზობლებს ვეხმარებოდი, მანქანის შეკეთების პროცესში რომ მიმეღო მონაწილეობა. თუ მოინდომებ, რთული არაფერია. კარგია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმარებიან ყოფილ პატიმრებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, თუ იცი რა გსურს, მერე უფრო მარტივია დახმარების მსურველი ორგანიზაციის პოვნა,“ – ამბობს „ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის“ ბენეფიციარი.

ზაზა შვანგირაძეს წყალტუბოში მიწის ნაკვეთი არ აქვს, ცხოვრობს კორპუსში, შესაბამისად, ვერც პროდუქტები მოჰყავს. ოჯახში მხოლოდ თავადაა დასაქმებული. ყოფილი პატიმრის შემოსავლის ერთადერთი წყარო სახელოსნოა.

ზაზა იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარების მუხლით იხდიდა სასჯელს თითქმის ორი წელი. საპატიმროდან ის პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე 2014 წელს გათავისუფლდა.

„ყოფილი პატიმრების გაძლიერების“ პროექტს „დემოკრატიის ინსტიტუტი“ ოთხ პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად ახორციელებს აჭარაში, გურიაში, სამეგრელო – ზემო სვანეთსა და იმერეთში.


 

გარდა დასაქმების მიმართულებისა, „დემოკრატიის ინსტიტუტის“ და მისი პარტნიორი ორგანიზაციების: ფონდ თანაზიარის, აფხაზინტერკონტისა და გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრის პატიმართა გაძლიერების პროექტი მიზნად ისახავს:

• ყოფილ პატიმართა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობას; 
 • იურიდიულ დახმარებას;

 • ბენეფიციართა გადამისამართებას შესაბამისი პროფილის სამედიცინო დაწესებულებაში;
 • ბენეფიციართა დახმარებას (ადვოკატირებას), რომ ისარგებლონ კუთვნილი სამედიცინო შეღავათებით და შესაბამისი სახელმწიფო პროგრამებით.

ზემოთ ჩამოთვლილი სერვისებით სარგებლობა ყოფილ პატიმრებს, პატიმართა ოჯახის წევრებს და პრობაციონერებს შეუძლიათ. ამისთვის მათ უნდა მიმართონ:

აჭარაში – დემოკრატიის ინსტიტუტს – ქ.ბათუმი ჭავჭავაძის ქ. №107, ტელ: (0422) 27 57 44

იმერეთში – აფხაზინტერკონტს / ქ.ქუთაისი ნინოშვილის ქ. №27, ტელ: (0431) 26 48 61

გურიაში – გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრს /ოზურგეთი რუსთაველის ქ. №4, ტელ: (0496) 27 41 26

თანაზიარი – რუსთაველის ქ. №88 /ტელ: (0415) 22 10 78

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: