განათლება,მთავარი,სიახლეები

ხულოში საგამოცდო ცენტრი ისევ გაიხსნება

18.03.2019
ხულოში საგამოცდო ცენტრი ისევ გაიხსნება

დღეს, 18 მარტს, აბიტურიენტები ხულოს რესურსცენტრთან საპროტესტო აქციას გეგმავდნენ. ისინი ხულოში საგამოცდო ცენტრის გახსნას მოითხოვდნენ. საგამოცდო ცენტრი ხულოში გასულ წელს გაუქმდა. რესურსცენრტთან დაახლოებით 200-მდე აბიტურიენტი შეიკრიბა. მათ განუცხადეს, რომ ხულოში საგამოცდო ცენტრის კვლავ გახსნასთან დაკავშირებით პასუხს განათლების სამინისტროსგან ელოდნენ.

აბიტურიენტების განცხადებით, ყოველწლიურად ეროვნულ გამოცდებში ხულოდან 400-ზე მეტი აბიტურიენტი მონაწილეობს და უმრავლესობა დაბა ხულოს შემოგარენში ცხოვრობს, რაც ბათუმის უახლოესი საგამოცდო ცენტრიდან 90 კილომეტრითაა დაშორებული.

აბიტურიენტები ამბობენ, რომ გამოცდების ჩასაბარებლად ბათუმში ჩამოსვლა გარკვეულ ფინანსურ ხარჯებს უკავშირდება. „ხანდახან ხდება ისეც, რომ საცხოვრებლის არქონის გამო ამხელა მანძილზე მგზავრობით გადაღლილი აბიტურიენტი ვეღარ ახერხებს თავი გაართვას დავალებას“.

„ბათუმელები“ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ ხულოში გამოცდების ცენტრი წელს ნამდვილად გაიხსნება. ცენტრის განცხადებით, გასულ წელს გამოცდების ცენტრის გაუქმება სარემონტო სამუშაოებს უკავშირდებოდა. „წელს შეძლებენ აბიტურიენტები ეროვნული გამოცდების ჩაბარებას ხულოს საგამოცდო ცენტრში,“- განაცხადეს გამოცდებისა და შეფასების ეროვნულ ცენტრში.

გასულ წელს ცენტრის ხელმძღვანელობამ საგამოცდო ცენტრის გაუქმების სხვა მიზეზი დაასახელა.

„გამოცდებს აბარებენ იმიტომ, რომ უმაღლეს სასწავლებელში ისწავლონ, რაც იმას ნიშნავს, რომ შემდეგი ოთხი წელი უნდა გაატარონ იმ ქალაქში. ამიტომ ლოგიკურია, რომ  მისაღები გამოცდები ჩატარდეს იქ, სადაც არის უმაღლესი სასწავლებლები,“- ამბობდა გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მაშინდელი მოადგილე, ივა მინდაძე.

„რადგან საგამოცდო ცენტრის გახსნას შეგვპირდნენ, აღარ ვაპირებთ აქციის გამართვას“- უთხრეს „ბათუმელებს“  რესურსცენრთან შეკრებილმა აბიტურიენტებმა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: