მთავარი,სიახლეები

აჭარის პროკურორი ოჯახში ძალადობის გაზრდილ მაჩვენებელზე

08.03.2019 • 3597
აჭარის პროკურორი ოჯახში ძალადობის გაზრდილ მაჩვენებელზე

„პრობლემა არ მოგვარდება მხოლოდ იმით, თუ რამდენ საქმეზე დაიწყება გამოძიება, ან რამდენ შემთხვევაზე დაიწყებს დევნას პროკურატურა. ეს არ არის ამ პრობლემის მოგვარების აბსოლუტური ხერხი, თუ არ იქნება ჩართული საზოგადოების ფართო სპექტრი, თუ არ იქნება სამოქალაქო მართლშეგნება, თუ ამ სერვისებს არ ექნება მხარდაჭერა. მთლიანად საზოგადოება უნდა იყოს ამაში ჩართული. ეს ციფრები ხან მოიმატებს, ხან – დაიკლებს…“ – აღნიშნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორმა, ნათია სონღულაშვილმა დღეს, 8 მარტს, ბათუმში გამართულ კონფერენციაზე – „ქალთა მიმართ ძალადობის გააზრება“.

„ბათუმელები“ მთავარი პროკურორის მოხსენების შემოკლებულ ვერსიას გთავაზობთ:

ხშირად მნიშვნელოვანი არ არის მხოლოდ ის, შეაგროვა თუ არა ბრალდების მხარემ მტკიცებულებები, ან არის თუ არა დროული და ადეკვატური რეაგირება. მნიშვნელოვანია, საზოგადოების დამოკიდებულება და მენტალობა, რომელიც ასეთ მსხვერპლზე ხელახლა ზეწოლას ახორციელებს, ხელახლა ვიქტიმიზაცია ხდება. ეს ქალბატონი, ვისზეც გესაუბრეთ, პირად საუბარში ამბობდა, საღ ჭკუაზე ვარ, ვიცი, რომ მოძალადის გარეთ გამოშვებას ვითხოვ, მაგრამ მე არ მინდა მერქვას ქალი, რომელმაც შვილების მამა ციხეში ჩასვაო.

2018 წლიდან ოჯახში ძალადობის დანაშაულებზე მუშაობენ სპეციალიზებული პროკურორები, რომლებსაც აქვთ გავლილი შესაბამისი კურსი. ეს მოიცავს ფსიქოლოგიის კომპონენტსაც… ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მოხდეს ყველა მსხვერპლის იდენტიფიცირება. ამ ქალბატონის ცემას შეესწრო მისი არასრუწლოვანი შვილიც. შეიძლება, საზოგადოება თვლიდეს, რომ მსხვერპლი მხოლოდ ქალია, მაგრამ მსხვერპლი არ არის მხოლოდ ის, ვისზეც ფიზიკურად იძალადეს. როდესაც ბავშვები ამას ესწრებიან, ისინიც ხდებიან ამ ძალადობის მონაწილეები, ისინი განიცდიან ამ ფსიქოლოგიურ სტრესს.

მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი გვაქვს: შეიქმნა მოწმეთა და დაზარალებულთა კოორდინაციის სამსახური. მათი დიდი უმრავლესობა ფსიქოლოგია. გარდა ამისა, მოწმეთა და დაზარალებულთა კოორდინატორი გახდა პროცესუალური მხარე და ჩვენ კარგი მაჩვენებლებიც გვაქვს. ისინი აქტიურად არიან ჩართულები გამოძიების, დაკითხვის, ჩვენების მიღების პროცესში. მათ ვალდებულებაც აქვთ, თუ მსხვერპლი საჭიროებას განიცდის, სასამართლოში გაყვნენ და მათი თანდასწრებით მოხდეს ჩვენების მიცემა.

გამოწვევებზეც მინდა ვისაუბრო: როგორც ერთი და ორი წლის წინ, ახლაც პრობლემად რჩებიან დაზარალებულები, რომლებიც ძალადობის შემდეგ უარს ამბობენ სამართალდამცველებთან თანამშრომლობაზე, ან თანამშრომლობენ და შემდეგ იცვლიან პოზიციებს. პოზიციის შეცვლის მოტივი არის სხვადასხვა… ოჯახში ძალადობის დროს, მოკლებული ვართ შესაძლებლობას, გვყავდეს ნეიტრალური მოწმე, რადგან, ძირითადად, დანაშაული ხდება ოჯახის შიგნით. ამ ორი პირის, მოძალადის და მსხვერპლის გარდა, ამას არავინ ესწრება. ამიტომ, როცა დაზარალებულები გარკვეული მიზეზით უარს ამბობენ, ან ცვლიან პოზიცია, ეს განსაკუთრებით პროკურატურის გამოწვევად რჩება.

კოორდინატორების რაოდენობა ასევე არის ძალიან მცირე, გადამზადებული პროკურორების რაოდენობაც არის პრობლემა, რადგან ასეთი გვყავს სულ 130 და ისინი 4 ათასამდე დევნას ახორციელებენ. ვცდილობთ, რომ ეს რაოდენობაც გავზარდოთ.

გამოწვევად რჩება დაზარალებულებისთვის სერვისების ნაკლებობა, იგივე თავშესაფარი და იქ არსებული საწოლების რაოდენობა. არ გვაქვს ასევე მოძალადის რეაბილიტაციის პროგრამები. როცა მოძალადის მიმართ გამოყენებულია არასაპატიმრო სასჯელი. ერთია, რომ მას ავუკრძალოთ მიახლოება, მაგრამ მეორეა, თუკი მას ექნება სხვადასხვა სარეაბილიტაციო კურსის გავლის ვალდებულება. ეს შეამცირებს მსგავსი დანაშაულების ხელახლა ჩადენის შესაძლებლობას.

დაბალი მართლშეგნების გამო, ხშირად ვისმენთ საყვედურს, რომ პროკურატურა ამ პოლიტიკით ანგრევს ოჯახებს და ასე შემდეგ. ჩვენ ჯერ კიდევ გვიწევს ამ ტაბუდადებულ თემებთან გამკლავება,“ – აღნიშნა კონფერენცია ნათია სონღულაშვილმა.

კონფერენციაზე აჭარის პროკურორმა სტატისტიკური მონაცემებიც წარმოადგინა. „ბათუმელები“ რამდენიმე მონაცემს გთავაზობთ ამ პრეზენტაციიდან:

 

ნათია სონღულაშვილი

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: