სიახლეები

ვინ იქნებიან ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატები 2020 წლის არჩევნებზე

08.03.2019 • 3259
ვინ იქნებიან ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატები 2020 წლის არჩევნებზე

ორ წელიწადში ამერიკა ახალ პრეზიდენტს აირჩევს. ყოველდღიურად იზრდება დემოკრატების რიცხვი, რომლებიც სამომავლო კენჭისყრის გეგმებზე ღიად საუბრობენ.

წინაასაარჩევნო კამპანიაში უკვე ექვსი სენატორია ჩართული, მათ შორის ბერნი სანდერსი, რომელიც 2016 წელსაც იყრიდა კენჭს, 2020 წლის არჩევნებს გამოეთიშება ჰილარი კლინტონი და ნიუ-იორკის მერი, მილიარდერი მაიკლ ბლუმბერგი.

საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭისყრის საკუთარი გეგმების შესახებ უკვე 14 დემოკრატი კანდიდატი საუბრობს.

2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ტრამპის პოტენციური კონკურენტების შესახებ BBC მოკლედ საუბრობს.

  • ბერნი სანდერსი – ვერმონტის შტატის სენატორი

სანდერსი საკუთარ თავს სოციალ-დემოკრატად მიიჩნევს. ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზეც იყრიდა კენჭს,

სანდერსი 2020 წლისთვის 79 წლის იქნება, გამარჯვების შემთხვევაში ის ამერიკის ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი პრეზიდენტი იქნება.

სანდერსი ხშირად ერთვება საყოველთაო ჯანდაცვის საკითხებში და აშშ-ში უფასო უმაღლესი განათლების იდეას უჭერს მხარს.

 

  • ელიზაბეტ უორენი – მასაჩუსეტსის შტატის სენატორი, სოციალისტი

უორენი პროგრესული მემარცხენეების საყვარელი კანდიდატია, სენატს თავი მან ფინანსური სექტორის მკაცრი რეგულაციების ინიციატივებით დაამახსოვრა 2008 წლის კრიზისის შემდეგ. კონგრესის უმაღლეს პალატაში, უოლ-სთრითის ხელმძღვანელების მოსმენისას  მან დაწვრილებით გამოკითხა ისინი და შემოსავლების არათანასწორობა გააკრიტიკა. უორენის მთავარი პრობლემა მისი გარემოცვაა, რომელიც, ძირითადად, მასაჩუსეტსელი ლიბერალი პროფესორებისგან შედგება, ისინი კი ამერიკელებს დიდ ნაწილში პოპულარობით ვერ სარგებლობენ.

 

  • ტულსი გაბარდი, კონგრესვუმენი ჰავაის შტატიდან

გაბარდი ამერიკის ისტორიაში პირველი კონგრესვუმენია, 2004-2006 წლებში მსახურობდა ერაყში, 2012 წელს კი განაცხადა, რომ ყოველთვის წინააღმდეგი იყო ამერიკის ერაყში შეჭრის, აკრიტიკებდა ასევე ამერიკელი სამხედროების შეყვანას სირიაში და ამ ომს ,,სირიის ხელისუფლების დამხობის მიზნით მოწყობილ უკანონო ომს“ უწოდებდა.

2017 წლის იანვარში გაბარდი სირიის პრეზიდენტს, ბაშარ ასადს შეხვდა, რითაც დიდი კრიტიკა დაიმსახურა. პროგრესული ფრთის დემოკრატი გაბარდი ,,ჰომოსექსუალ ექსტრემისტებს“ აკრიტიკებდა, მოგვიანებით კი ერთსქესიანთა ქორწინების მომხრედ იქცა.

 

  • კამილა ჰარისი, კალიფორნიელი სენატორი

ჰარისი შესაძლოა დემოკრატების ახალ სახედ იქცეს, ემიგრანტების შვილი ერთადერთი ფერადკანიანი ქალია სენატში, რომელიც კონგრესში გამუდმებით ლიბერალების მხარდამჭერია. ჰარისს კალიფორნიაში გენპროკურორად მუშაობის გამოცდილება აქვს, თუმცა მისი მოწინააღმდეგეები სენატორის კარიერის სწორედ ამ პერიოდს აკრიტიკებენ, რადგან ჰარისმა  კალიფორნიაში სისხლის სამართლის რეფორმა ვერ განახორციელა.

 

  • ემი კლუბუშარი, მინესოტას შტატის სენატორი,  იურისტი

 იდევ ერთი ყოფილი პროკურორი, რომელიც ყოველთვის მაღალ პროფესიონალიზმს აჩვენებდა მანამ, სანამ ის დაქვემდებარებული პირების შეურაცხყოფაში არ დაადანაშაულეს.

 

    • კორი ბუკერი, ნიუ-ჯერსის სენატორი, ორატორი

კორი ბუკერი საუკეთესო ორატორია და მას ამ ნიშნით ხშირად ბარაკ ობამასაც ადარებენ. კარგად იცის, როგორ იმუშაოს უოლ სტრიტის დონორებთან, თუმცა სწორედ მისი სიახლოვე ნიუ-იორკთან და დიდ ფულთან მემარცხენე დემოკრატების ეჭვს იწვევს.

 

  • ხულიანა კასტრო – კანდიდატი ობამას დაჯგუფებიდან

კასტრო საცხოვრებელი სახლების მშენებლობისა და ქალაქგანვითარების მინისტრი იყო ობამას ადმინისტრაციიდან, ასევე სან-ანტონიოს ყოფილი მერი ტეხასში.

კასტრო არ არის თავდაჯერებული ორატორი და დიდი პოპულარობითაც არ სარგებლობს, სხვა პრეტენდენტებისგან განსხვავებით. კანდიდატი 44 წლისაა და მისი საშუალებით დემოკრატები ახალგაზრდა ამომრჩევლებისა და ლათინოამერიკელი ელექტორატის მოზიდვას ცდილობენ.

 

  • კირსტენ ჯილიბრანდი, ნიუ-იორკის სენატორი, კამპანია #MeToo – ს აქტივისტი

პირობას დებს, რომ გამარჯვების შემთხვევაში „იბრძოლებს სხვა ბავშვების უფლებების დასაცავად ისევე მამაცად, როგორც საკუთარი შვილების უფლებებისთვის იბრძვის“. ჯილიბრანდი ფემინისტური რიტორიკითაა გამორჩეული. მან სენატორი ელ ფრანკენი სამსახურიდან გაათავისუფლა სექსუალურ ძალადობაში ბრალდებების გამო.

 

  • პიტ ბუტიჟიჩი, საუტ-ბენდის მერი

ბუტიჟიჩი ფლოტში მსახურობდა. ავღანეთის ომის ვეტერანია. 30 წლისაც არ იყო, როცა ქალაქის მერად აირჩიეს, სადაც 100 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. ბუტიჟიჩი არ მალავს საკუთარ სექსუალურ ორიენტაციას და ღიად აცხადებს, რომ გეია.

 

  • ჯონ დელეინი, ყოფილი კონგრესმენი მერილენდიდან

2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭისყრა ჯერ კიდევ  2017 წელს დააანონსა. მომხრეა რესპუბლიკელებისა და დემოკრატების თანამშრომლობის, რადგან მიაჩნია, რომ მათი ერთმანეთისგან სრულიად დამოუკიდებლად არსებობის ტაქტიკა არაეფექტურია.

 

  • მარიანა უილიამსონი, მწერალი

უილიამსონი ბესტსელერების ავტორია, მწერალს ტვიტერზე მილიონობით გამომწერი ჰყავს. პრეზიდენტობის კანდიდატი საქველმოქმედო ორგანიზაციის ხელმძღვანელიცაა.

 

  • ენდრიუ იანგი, ტაივანური წარმოშობის მეწარმე

პრეზიდენტობის შესახებ 2017 წლიდან საუბრობს, იანგი ბიზნესმენია ტექნოლოგიების მიმართულებით, აშშ-ს მთავრობას ის მოუწოდებს   18-დან 64 წლამდე ამერიკის ყველა მოქალაქეს ყოველთვიურად $ 1000 გადაუხადოს, რისგანაც დაგროვდება საბაზისო, გარანტირებული შემოსავალი იმ შემთხვევაში, თუ ავტომატიზაციის პროცესის შედეგად დასაქმებულთა დიდი ნაწილი სამსახურს დაკარგავს. ენდრიუ იანგის საპრეზიდენტო კამპანიის წარმატება იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ მოახერხებს კანდიდატი საკუთარი იდეის მართებულობაში დემოკრატების დარწმუნებას.

 

  • ჯონ ჰიკენლუპერი, კოლორადოს ყოფილი გუბერნატორი

ბიზესიდან მოსული ჰიკენლუპერისთვის პოლიტიკა „შესაძლებლობების ხელოვნებაა“. კოლორადოში მისი მიღწევებიდან გამოყოფენ იარაღზე კონტროლის გამკაცრებას, სამედიცინო დაზღვევის პროგრამის გაფართოებასა და ლგბტ თემის უფლებების დაცვას. ამ მიღწევას პრეზიდენტობის კანდიდატი დემოკრატებისა და რესპუბლიკელების თანამშრომლობის შედეგად მიიჩნევს.

 

  • ჯეი ინსლი, ვაშინგტონის გუბერნატორი

 

ჯეი ინსლი ბევრს საუბრობს გლობალური დათბობის შესახებ. პრეზიდენტობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელებისას ჯეი ინსლიმ  მზის ბატარეების მასობრივი წარმოების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

ინსლი ტრამპის პოლიტიკის მოწინააღმდეგეა, ვაშინგტონში ის სამედიცინო დაზღვევის პროგრამას აფართოებს და ზრდის საარსებო მინიმუმს.

2020 წლამდე ამერიკის პრეზიდენტობის მსურველი კიდევ არაერთი კანდიდატი იქნება, საკუთარი გეგმები ყველას ჯერ არ გაუსაჯაროვებია.

აშშ-ს ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ობამას ადმინისტრაციიდან, ჯერჯერობით კენჭისყრის შესაძლებლობებს აანალიზებს. დემოკრატი კანდიდატებიდან ბაიდენი ყველაზე პოპულარული ფიგურაა და შესაძლოა საარჩევნო მარათონის ფავორიტიც სწორედ ის გახდეს.

ყოფილ კონგრესმენს ტეხასიდან, ბეტო ორურკს ჯერ არ განუცხადებია იყრის თუ არა კენჭს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე. ორურკს წარსულში რეალური შანსი ჰქონდა ] ტეხასის სენატორი გამხდარიყო, თუმცა ის ამ ბრძოლაში რესპუბლიკელ ტედ კრუზთან დამარცხდა.

ყოფილ როკ-მუსიკოსს, ბეტო ორურკს დემოკრატიული პარტიის ამომავალ ვარსკვლავს უწოდებენ, ანალიტიკოსები მას ხშირად კენედის და ობამას ამსგავსებენ.

გადაბეჭდვის წესი