მთავარი,სიახლეები

შემოსავლების სამსახურში გაცემული მილიონობით პრემია და დანამატი არ არის დასაბუთებული – აუდიტი

15.02.2019 • 1351
შემოსავლების სამსახურში გაცემული მილიონობით პრემია და დანამატი არ არის დასაბუთებული – აუდიტი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში 2016 წლის მარტსა და სექტემბერში 3 604 თანამშრომელზე გაცემული 7 128 200 ლარის პრემია არ არის საკმარისად დასაბუთებული, ვინაიდან შესაბამის ბრძანებებში არ იყო დაკონკრეტებული პრემიების გაცემის მოტივი და მიზნობრიობა, აღნიშნულია სახელმწიფო აუდიტის ანგარიშში.

ამავე ანგარიშის მიხედვით, 2016 – 2017 წლებში, შემოსავლების სამსახურის უფროსის მოტივირებული შუამდგომლობის გარეშე 809 თანამშრომელზე გაცემული პრემია, 391 750 ლარით აღემატება პრემირებულ თანამშრომელთა ყოველთვიურ თანამდებობრივ სარგოს ოდენობას.

აუდიტი ასევე თვლის, რომ სათანადოდ დაუსაბუთებელია ამავე წლებში შემოსავლების სამსახურის მიერ დანამატის სახით გაწეული მთლიანი ხარჯიც.

საქართველოს ფინანსთა სამინიტროს სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ 2016-2017 წლებში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების, შრომის ანაზღაურების და ძირითადი აქტივების მართვის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დღეს, 15 თებერვალს გამოაქვეყნა.

„2016 – 2017 წლებში 85 თანამშრომელზე 94 825 ლარის პრემია გაიცა მათი დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების პერიოდში, ხოლო 39 675 ლარის ოდენობის პრემია გაიცა 45 თანამშრომელზე, რომელთა თანამდებობაზე დანიშვნიდან 30 კალენდარულ დღეზე ნაკლები იყო გასული, რაც სამსახურის შინაგანაწესით განსაზღვრული შეზღუდვების ფორმალურ ხასიათზე მიუთითებს“ – აღნიშნულია ანგარიშში.

აუდიტის ანგარიშის მიხედვით, 2016-2017 წლებში მოქმედი საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, დანამატის კატეგორია მოიცავდა არასამუშაო საათებში, ღამის ცვლაში, სადღესასწაულო და დასვენების დღეებში მუშაობისათვის განკუთვნილ დამატებით საზღაურს და კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნებისმიერ სხვა დანამატს, მათ შორის, განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვის საზღაურს, თუმცა:

„დანამატის გაცემაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის შესაბამისი ბრძანებებით არ იყო დაკონკრეტებული დანამატის გაცემის მოტივი და მიზნობრიობა, ამიტომ ვერ შევძელით დავრწმუნებულიყავით თანამშრომელთა მიერ ზეგანაკვეთურად შესრულებული სამუშაოების და განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვის რეალობაში. შედეგად, ორგანიზაციაში არ იყო უზრუნველყოფილი შრომის ანაზღაურების სათანადო გამჭვირვალობა და საბიუჯეტო კლასიფიკაციასთან შესაბამისობა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2016 – 2017 წლებში შემოსავლების სამსახურის მიერ დანამატის სახით გაწეული მთლიანი ხარჯი არ არის სათანადოდ დასაბუთებული“.

აუდიტის ანგარიშში მოყვანილი მონაცემებით, შემოსავლების სამსახურში 2016 წელს შტატით დასაქმებული იყო საშუალოდ 3 334 ადამიანი, ხოლო შტატგარეშედ – 267. მომდევნო 2017 წელს კი, შესაბამისად, საშუალოდ – 3 335 და 234. შტატიან და შტატგარეშე თანამშრომლებზე კი ჯამში სულ გაიცა:

[checklist]

  • თანამდებობრივი სარგო – 87 601 245 ლარი;
  • პრემია – 23 998 776 ლარი;
  • დანამატი – 32 237 553 ლარი [დანამატები შტატგარეშე თანამშრომლებზე არ გაცემულა].

[/checklist]

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: