მთავარი,სიახლეები

ხულოს, ზუგდიდისა და ჭიათურის მერის არჩევნები მაისში გაიმართება

08.02.2019
ხულოს, ზუგდიდისა და ჭიათურის მერის არჩევნები მაისში გაიმართება

მაისში შუალედური არჩევნები რამდენიმე მუნიციპალიტეტში გაიმართება, მათ შორის, ხულოში, სადაც პირდაპირი წესით არჩეული მერი გოჩა მელაძე გასული წლის 17 ოქტომბერს თანამდებობიდან გადადგა. არჩეული მერის გარეშე ქვეყანაში კიდევ ორი მუნიციპალიტეტია – ზუგდიდი და ჭიათურა. აქაც ახალ მერებს მაისში აირჩევენ.

მერის არჩევნები შესაძლოა სხვა მუნიციპალიტეტშიც გაიმართოს, თუკი რომელიმე არჩეული მერი განცხადებას დაწერს და 15 თებერვლამდე პოსტს დატოვებს. საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, მაისის შუალედური არჩევნები იმ საარჩევნო ოლქებს შეეხება, სადაც არჩეული მერებს უფლებამოსილება 15 ივლისიდან 15 თებერვლამდე შეუწყდებათ. შუალედური არჩევნები კანონით გათვალისწინებულია ოქტომბერშიც, თუკი რომელიმე მერი თანამდებობას 15 თებერვლიდან 15 ივლისამდე დაემშვიდობება.

ცესკოს ინფორმაციით, მაისის შუალედურ არჩევნებში საკრებულოს წევრებსაც აირჩევენ. საუბარია, მაჟორიტარული წესით არჩეულ წევრებზე, რომლებსაც უფლებამოსილება 15 თებერვლამდე შეუწყდათ. საკრებულოს ახალ წევრებს ამჯერად: ოზურგეთის, საგარეჯოს, ჭიათურას, ტყიბულის, წყალტუბოს და ახმეტის მუნიციპალიტეტების კონკრეტულ საარჩევნო უბნებში აირჩევენ.

მაისში პარლამენტის ახალ დეპუტატსაც აირჩევენ – სალომე ზურაბიშვილის ნაცვლად, რომელიც პრეზიდენტი გახდა. ამ დროისთვის პარლამენტის რომელიმე სხვა დეპუტატს უფლებამოსილება არ შეწყვეტია.

როდის გაიმართება კონკრეტულად შუალედური არჩევნები? – ცესკო-ში განმარტავენ, რომ არჩევნების კონკრეტულ თარიღს ცესკო დანიშნავს საპარალამენტო არჩევნების შემთხვევაში არჩევნებამდე ორი თვით ადრე, საკრებულოს და მერების შემთხვევაში კი – 50 დღით ადრე.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: