განათლება,მთავარი,სიახლეები

რამდენს უხდიან ტრენერს საათში – ცხრა მილიონზე მეტი პედაგოგების გადასამზადებლად 

26.12.2018
რამდენს უხდიან ტრენერს საათში – ცხრა მილიონზე მეტი პედაგოგების გადასამზადებლად 

საქართველოს განათლების სამინისტროდან გამოთხოვილი ოფიციალური ინფორმაციით, 2018 წელს პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგებისთვის 9 მილიონ 705 ათასი ლარი დაიხარჯა. დოკუმენტის თანახმად, ამ თანხიდან ყველაზე მეტი – 8 მილიონ 203 ათასი ლარი გაწერილია მუხლში „საქონელი და მომსახურება“.

ოფიციალური დოკუმენტით ირკვევა, რომ მთლიანი თანხიდან შტატგარეშე თანამშრომლების ანაზღაურებაზე ხუთ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, მათ შორის ტრენერების ანაზღაურებას 3 მილიონ 573 ათასი ლარი მოხმარდა.

პროექტის ფარგლებში თანამშრომელთა ქვეყნის შიგნით მივლინებაზე 16 ათასი ლარი დაიხარჯა, ქვეყნის გარეთ მივლინებაზე კი – 97 ათასი ლარი.

კიდევ ორ მუხლში: „სხვა დანარჩენი საქონელი და მომსახურება“ და „სხვა ხარჯები“ გაწერილი თანხა 4 მილიონ ლარზე მეტია. თუმცა, უწყების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში არ არის განმარტებული, კონკრეტულად რაში დაიხარჯა ეს თანხა.

კიდევ ერთი უწყება – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი კი, ოფიციალურად განმარტავს ტრენერთა ანაზღაურების წესს. ასე მაგალითად, ტრენერი, რომელიც ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილიდან სამუშაო ადგილამდე დაშორებულია 30 კილომეტრზე მეტით, 55 ლარს იღებს ერთსაათიან ტრენინგში. ხოლო, თუ ეს მანძილი ნაკლებია 30 კილომეტრზე, მაშინ 45 ლარს უხდიან ტრენინგში.

ერთსაათიანი დისტანციური ტრენინგის ჩატარებაში ცენტრი 40 ლარს უხდის ტრენერს, ხოლო ნახევარ-საათიანი დისტანციური სწავლებაში – 50 ლარს.

190 ლარს მიიღებს ერთ ბლოგში ავტორი, თუკი მას გამოაქვეყნებენ ვებპორტალზე – Mastsavlebeli.ge

ამავე გამოცემაში ერთი სტატიის განთავსებისთვის ავტორი 125 ლარს მიიღებს. სტატია საგნობრივი ან საგანმანათლებლო რესურსების შექმნას უნდა ეხებოდეს.

ტრენინგ-მოდულის ავტორს კი ცენტრი 50 ლარს უხდის. დოკუმენტის მიხედვით, საათობრივი ანაზღაურება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი საათი დასჭირდა ამ მოდულის შემუშავებას.

ვინ არიან მასწავლებელთა სახლის ტრენერები და წლის განმავლობაში რამდენ ტრენინგს ატარებს ერთი კონკრეტული ტრენერი? ამ მონაცემებს საქართველოს განათლების სამინისტრო არ ასაჯაროებს.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი ტრენინგებს მასწავლებლებისთვის  „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით ატარებს.

პროექტი ორიენტირებულია საჯარო სკოლების ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიის, მათემატიკის, გეოგრაფიისა და ინგლისური ენის მე-7 და მე-12  კლასების ყველა მასწავლებლისთვის.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო სამი წლის განმავლობაში პროექტის ფარგლებში 18 200 მასწავლებელი გადაამზადეს, აქედან 2 085 საჯარო სკოლის დირექტორია.

2016-2018 წლის ჩათვლით, ტრენინგმოდულების ჩასატარებლად სამინისტროს დასაქმებული ჰყავდა 330 ტრენერი. ტრენერების სახელობითი სია უწყებამ „ბათუმელებს“ არ მოაწოდა, არც ის მონაცემები – წლების მიხედვით რამდენი ტრენერი ჰყავდა დაქირავებული. განათლების სამინისტროში თვლიან, რომ ეს პერსონალური მონაცემებია.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: