მთავარი,სიახლეები

მერია აპირებს, ძველ ბათუმში ორსართულიანი სახლი აუქციონზე გაყიდოს

26.12.2018
მერია აპირებს, ძველ ბათუმში ორსართულიანი სახლი აუქციონზე გაყიდოს

ძველ ბათუმში, ზვიად გამსახურდიას #11-ში მდებარე ორსართულიანი სახლი, რომლის საერთო ფართობი 221 კვადრატული მეტრია, ბათუმის მერიას საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში შეაქვს. ამასთან დაკავშირებით მერიამ საკრებულოს თანხმობა უკვე სთხოვა. საკითხი ხვალ, 27 დეკემბერს, საკრებულოს სხდომაზე უნდა განიხილონ.

სახლი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი არ არის, თუმცა ძეგლის დაცვის ზონაში მდებარეობს, ორსართულიანია და ძველი ბათუმის განაშენიანების ნაწილია. მის ირგვლივ სახლებს შენარჩუნებული აქვთ ძველი სიმაღლეები, ქუჩას კი – ძველი იერსახე.  ამ სახლს დაახლოებით ხუთი წლის წინ ხანძარი გაუჩნდა და შიდა ნაწილი დაიწვა, რის შემდეგაც მესაკუთრეებმა მისი აღდგენა ვერ შეძლეს.

ბათუმის მერია სახლის ცხრავე მესაკუთრეს შეუთანხმდა: ისინი მერიის საბინაო ფონდის ბინებით დააკმაყოფილეს, საკუთარი ფართობების დათმობის სანაცვლოდ. როგორც ბათუმის მერი ლაშა კომახიძე აცხადებდა, ამის შემდეგ მერიას უნდა შეემუშავებინა ისტორიული სახლის რეაბილიტაციის პროექტი, რომელსაც ინვესტორს შესთავაზებდა.

საკრებულოსთვის გაგზავნილი განკარგულების პროექტის განმარტებით ბარათშია ნათქვამი, რომ მერია სახლს პირობიანი აუქციონის წესით გაასხვისებს, ერთ-ერთი პირობა კი შენობის პირვანდელი იერსახის აღდგენა და მასში საზოგადოებრივი ობიექტის მოწყობა იქნება.

ძველ ბათუმში ისტორიული სახლების მესაკუთრეებისთვის ალტერნატიული ფართობების შეთავაზებითა და შემდეგში მათი კომერციულ ობიექტებად ქცევის პროექტის იდეა ბათუმის მერს, ლაშა კომახიძეს ეკუთვნის. ბევრი ამ იდეას თავიდანვე ეჭვის თვალით უყურებდა, თუმცა მერთან ერთად აჭარის მთავრობის თავმჯდომარეც ამტკიცებდა, რომ ბიზნესსექტორს ეს პროექტი აინტერესებს. მერიაში არ დაუკონკრეტებიათ, რომელმა კომპანიებმა გამოთქვეს ამ ქონების შესყიდვის სურვილი.

იდეის შესახებ, რომ ბათუმის მუნიციპალიტეტი იწყებს ისტორიულ ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, ასევე, მათ მიმდებარე ფონური ნაგებობების [საწყის ეტაპზე ძეგლის ფიზიკური დაცვის არეალში] მესაკუთრეებისგან ეტაპობრივად გამოსყიდვას, მათთვის ალტერნატიული ფართობის შეთავაზების გზით, ლაშა კომახიძემ 2018 წლის პირველ თებერვალს სასტუმრო „რადისონში“ გამართულ შეხვედრაზე გაახმოვანა.

 

ბათუმის მერია ისტორიული სახლების გამოსყიდვაზე

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: