სიახლეები

მერიამ საახალწლო ღონისძიებების ორგანიზატორი ახალ წლამდე ერთი კვირით ადრე შეარჩია

25.12.2018 • 2446
მერიამ საახალწლო ღონისძიებების ორგანიზატორი ახალ წლამდე ერთი კვირით ადრე შეარჩია

ახალ წლამდე ერთი კვირით ადრე ბათუმის მერიის კულტურის ცენტრმა გამარტივებული წესით ხელშეკრულება გაუფორმა კომპანიას, რომელმაც ბათუმში საახალწლო ღონისძიებების ორგანიზების ვალდებულება აიღო. ამჯერად 177 700 ლარის შეკვეთა მერიისგან შპს „ნიუ დიზაინმა“ მიიღო, შემცირებული მოთხოვნების ჩამონათვალით. თავდაპირველად, ტენდერით, მერია საახალწლო ღონისძიებების ორგანიზებაზე 273 500 ლარის დახარჯვას გეგმავდა, მაგრამ ტენდერი შეწყდა.

შპს „ნიუ დიზაინი“ 2015 წელს დაფუძნებული კომპანიაა. მისი მესაკუთრე და დირექტორი ანა თებიძეა. კომპანიის მფლობელის, ანა თებიძის მეუღლე გოჩა კოკობინაძე, ერთ-ერთ კონკურენტ კომპანიაში – შპს „მარკაშიც“ მუშაობდა და თავის სამუშაო ადგილად დღემდე ეს კომპანია აქვს მითითებული.

შპს „მარკაში“ გვითხრეს, რომ გოჩა კოკობინაძე „ყოფილი თანამშრომელია“. თავად გოჩა კოკობინაძის ინფორმაციით კი, ორი წელია, რაც ის შპს „მარკაში“ აღარ მუშაობს.

შპს „მარკის“ მესაკუთრეს, ირაკლი ღლონტსაც ასევე სურდა საახალწლო ღონისძიების ორგანიზებასთან დაკავშირებული დაკვეთის მიღება ბათუმის მერიისგან. ტენდერშიც მონაწილეობდა, თუმცა მისმა კომპანიამ დისკვალიფიკაცია მიიღო.

ამ ტენდერში დისკვალიფიკაცია მიიღო კიდევ ორმა კომპანიამ. რის შემდეგაც ბათუმის კულტურის ცენტრის შესყიდვების სამსხაურმა ტენდერი შეწყვიტა და კომპანიის გამარტივებული წესით შერჩევის უფლება მოითხოვა, რაზეც შესყიდვების სააგენტოსგან დადებითი პასუხი მიიღო. შესაბამისად, შპს „ნიუ დიზაინი“ დღეს, 25 დეკემბერს, შეუდგა საახალწლო ღონისძიების ორგანიზებას.

ხელშეკრულების თანახმად კომპანიას, ძირითადად, ღონისძიებების ტექნიკური უზრუნველყოფა  და რამდენიმე შოუს გამართვა დაევალა.

ბათუმის მთავარი ნაძვის ხე აინთო (ვიდეო)

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: