მთავარი,სიახლეები

შობის ღამე და პროტესტანტი ქრისტიანები ბათუმში [ვიდეო]

25.12.2018 • 4585
შობის ღამე და პროტესტანტი ქრისტიანები ბათუმში [ვიდეო]

25 დეკემბერს ქრისტიანული ეკლესიების დიდი ნაწილი ქრისტეშობას ზეიმობს. შობის მსახურება ბათუმის კათოლიკურ და პროტესტანტულ ეკლესიებში 24 დეკემბერს ღამით დაიწყო. თემის წევრების თქმით, ბათუმში ათი პროტესტანტული ეკლესია ფუნქციონირებს.

სხვადასხვა წყაროს მიხედვით, ბათუმში პირველი პროტესტანტები მე-19 საუკუნის ბოლოს გამოჩნდნენ. საარქივო მასალების მიხედვით, თემში თავდაპირველად რუსულენოვანი გვარები ჭარბობდა, თუმცა მოგვიანებით ჩნდება ქართული საკრებულოებიც.

https://www.facebook.com/batumelebi/videos/537131686752639/

პროტესტანტული ეკლესიების ისტორიის მკვლევარის, ტატა კოპალეიშვილის მონათხრობით, ბათუმში პროტესტანტების გვიან გამოჩენა უკავშირდება იმ ფაქტს, რომ აჭარა დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა ოსმალეთის იმპერიის საზღვრებში. თუმცა, რუსეთ-თურქეთის ომის შემდეგ, როცა აჭარა ისევ შემოურთდა საქართველოს, მალევე გაჩნდა მულტიკულტურული გარემო.

ტატა კოპალეიშვილის თქმით, პირველი პროტესტანტები, რომლებიც ისტორიულ წყაროებში არიან მოხსენიებული, ბაპტისტები იყვნენ: „თუმცა ისინი საკრებულოს დონეზე იყვნენ წარმოდგენილი, თუ მხოლოდ ცალკეული ოჯახების სახით, ამის შესახებ ზუსტი ცნობები არ გვხვდება.“

პროტესტანტები ბათუმში აქტიურად მე-20 საუკუნიდან ჩნდებიან. საკმაოდ მასშტაბურად იყვნენ წარმოდგენილი ლუთერანები. მკვლევარის ინფორმაციით, „ხშირად ჩამოდიოდნენ ბათუმში პასტორები ევროპიდან აქ მცხოვრებ უცხოელ ჯარისკაცებთან, მოგვიანებით კი ჩნდება მრევლიც“.

როგორც ტატა კოპალეიშვილი გვეუბნება, საარქივო წყაროებში დაცული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ მას შემდეგ, რაც ბათუმი თვითმმართველი ქალაქი გახდა, ლუთერანებმა ქალაქის მერიას წარუდგინეს ეკლესიის პროექტი და ითხოვდნენ მიწის გამოყოფას მშენებლობისთვის. თუმცა, ქალაქის მმართველობა მათთვის მიწის გამოყოფას არ ჩქარობდა.

ტატა კოპალეიშვილი, მკვლევარი.

„წყაროებში დაახლოებით ექვსი ადგილი სახელდება, სადაც უნდა აშენებულიყო ლუთერანული ეკლესია ბათუმში. მერიაში მსჯელობდნენ, თუმცა საბოლოოდ საკითხი მაინც არ წყდებოდა. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ხელოვნურად ფერხდებოდა ეკლესიისთვის მიწის გამოყოფა. შემდეგ დაიწყო პირველი მსოფლიო ომი და ეს პროექტიც ჩაიშალა,“ – გვეუბნება ტატა.

ბათუმში მცხოვრები მაშინდელი ლუთერანები ძირითადად უცხოელები იყვნენ, ელჩები ან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც გარკვეული მიზნებით იმყოფებოდნენ საქართველოში.

პროტესტანტების ახალი ნაკადები საქართველოში და ბათუმში გასული საუკუნის 50-იან წლებში ისევ ჩნდება. როგორც ტატა კოპალეიშვილი გვეუბნება, მათი დიდი ნაწილი მოდის რუსეთიდან, შიმშილობისა და სხვადასხვა მძიმე პოლიტიკური თუ სოციალური მიზეზების გამო:

„მათ შორის იყვნენ ბაპტისტებიც, რომლებიც ბათუმში კერძო სახლში იკრიბებოდნენ. ეს სახლი მაშინდელი გორკისა და საბჭოს ქუჩების კვეთაში მდებარეობდა. საარქივო მასალებში 30 ადამიანის გვარია ჩამოთვლილი, თუმცა შემდგომ წლებში მათი რაოდენობა ასზე მეტია“.

პროტესტანტული ეკლესიები იდევნებოდნენ  როგორც ცარისტული, ასევე, საბჭოთა რეჟიმების მიერ. სწორედ ამან განაპირობა, რომ მათ ვერ შეძლეს აეშენებინათ თავიანთი სამლოცველოები.

ტატა კოპალეიშვილის თქმით, „ბინის ქირაობაც კი მკაცრად კონტროლდებოდა. შემდეგ ბრძანებაც გაიცა, რომ ქალაქის ცენტრალურ უბნებში არ უნდა ყოფილიყვნენ ისინი. ამიტომ არის, რომ ბათუმშიც, ძირითადად, გარეუბნებშია შემორჩენილი ევანგელური საკრებულოები. „მათი გალობა ქუჩაში ისმის და ხალხის ყურადღებას იპყრობსო“, – ასეთი ჩანაწერები არსებობს საარქივო დოკუმენტებში.“

საბჭოთა პერიოდში ევანგელურ ეკლესიებს აკრძალული ჰქონდათ მისიონერული საქმიანობა, საბჭოთა რელიგიის საქმეთა დეპარტამენტი აკონტროლებდა როგორც პასტორებს, ასევე მრევლის ცხოვრებას.

„პასტორები აბარებდნენ რელიგიის საქმეთა დეპარტამენტს ანგარიშს, თუ რამდენი წევრი ჰყავდათ, რა ფინანსები ჰქონდათ, ვის ნათლავდნენ, როდის, ბავშვები ესწრებოდნენ თუ არა მსახურებას და ა.შ“

რეჟიმი ცდილობდა, რომ რელიგიური თემები წარმოეჩინა მარგინალურ ჯგუფებად.

პროტესტანტულ ეკლესიებში ახალი ტალღა გასული საუკუნის 90-იან წლებში ისევ წამოვიდა, როცა საბჭოთა რეჟიმი დაინგრა. „თუმცა ამ პერიოდში მორწმუნეების დიდი ნაკადი წავიდა საქართველოდან სოციალური პირობების გამო, რაც აისახა კიდეც საკრებულოების რიცხოვროვნობაზე,“ – ამბობს ტატა კოპალეიშვილი.

ამის მიუხედავად, ამავე პერიოდში ბათუმში ჩნდება სხვადასხვა ევანგელური ეკლესია. მათ შორის: სახარების რწმენის ეკლესია, მეშვიდე დღის ადვენტისტური ეკლესია, სიცოცხლის სიტყვა და წმინდა სამების პროტესტანტული ეკლესია, რომელიც 1995 წელს დაარსდა.

„90-იან წლებში იყო არნახული ინტერესი რწმენის, რელიგიის, ახლის ძიების მიმართ. თუმცა ქვეყნისთვის ეს წლები იყო ასევე ძალიან მძიმე, როგორც პოლიტიკური, ისე სოციალური თვალსაზრისით“, – გვეუბნება ეკლესიის პასტორი, ვარლამ რამიშვილი.

იმ დროს პროტესტანტული ეკლესია, ისევე, როგორც სხვა ევანგელური ეკლესიების დიდი ნაწილი, კერძო სახლებში იკრიბებოდა მსახურებისთვის.

„ჩვენ და კათოლიკური ეკლესიაც ერთ კერძო სახლში ვიკრიბებოდით, რადგან მაშინ არც კათოლიკეებს გააჩნდათ სამლოცველო. სწორედ იმ პერიოდში დავუახლოვდით კათოლიკურ საკრებულოს. იყო პერიოდი, როცა კერძო სახლების გარდა ვქირაობდით ფართს სხვადასხვა შენობებში და ასე ვატარებდით მსახურებებს. შემდეგ საკრებულოს წევრების შემოწირულობების წყალობით შევძელით მიწის შეძენა და სამლოცველოს აშენება,“ – ამბობს ვარლამ რამიშვილი.

ბათუმის წმინდა სამების პროტესტანტული ეკლესიის პასტორი, ვარლამ რამიშვილი

პასტორის თქმით, პროტესტანტული ეკლესია სრულიად გამიჯნულია პოლიტიკისგან, ის დამოუკიდებელია და არც ფინანსურ სარგებელს იღებს სახელმწიფოსგან.

„ჩვენ ვარსებობთ მორწმუნეების შემოწირულობებით. გვეხმარებიან უცხოეთში მცხოვრები ჩვენი ეკლესიის წევრებიც. ეს შესაწირავი ნებაყოფლობითია. თუმცა ჩვენი ეკლესიის შექმნა ნაგებობას არ უკავშირდება, რადგან  ეკლესია ჩვენ ვართ, ადამიანები. შენობა შეიძლება დაინგრეს, განადგურდეს, მაგრამ ადამიანები ვარსებობთ“, – ამბობს ვარლამ რამიშვილი.

პროტესტანტული ეკლესია, ისევე, როგორც სხვა ევანგელური ეკლესიებიც, განიცდიდნენ მენტალურ დევნას ხელისუფლებისა და საზოგადოების მხრიდან, თუმცა დროთა განმავლობაში, როგორც პასტორი ამბობს, დამოკიდებულებები იცვლება:

„იყო დრო, როცა ბაპტისტური ეკლესიის წინამძღვარი და მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ერთად წირავდნენ სიონში, მაგრამ როცა დაიშალა ეს ერთობა, გაჩნდა მიუღებლობაც. თუმცა დემოკრატიული იდეების, ადამიანის უფლებების იდეის წინ წამოწევამ, შეცვალა საზოგადოების ცნობიერებაც.“

ბათუმის პროტესტანტული ეკლესია ეთნიკურად ყველაზე მრავალფეროვანი ეკლესიაა, რადგან ბათუმში მცხოვრები თითქმის ყველა ეთნიკური ჯგუფია თემში წარმოდგენილი.

„ეს მრავალფეროვნება არის ჩვენი სიმდიდრე. გარდა ამისა, ჩვენს ეკლესიაში ხშირად მოდიან უცხოელები, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ, სწავლობენ ან მუშაობენ. თუმცა ქართველების მიგრაცია უცხო ქვეყნებში აქტიურია და ეს აისახა კიდეც ჩვენს ეკლესიაზე. ჩვენი ეკლესიის 350 წევრი დღეს საზღვარგარეთ, ემიგრაციაში ცხოვრობს. ამ დროისთვის  ეკლესიას 150 წევრი ჰყავს“, – ამბობს ვარლამ რამიშვილი.

ბათუმის წმინდა სამების პროტესტანტული ეკლესია რელიგიათა საბჭოს წევრია, ასევე ჩართულია სხვადასხვა სოციალურ მსახურებასა და აქტივობაში.

საშობაო მსახურება ბათუმის პროტესტანტულ ეკლესიაში.
ბათუმი. 2018 წელი.

„ვთანამშრომლობთ ევანგელურ-ლუთერანულ ეკლესიასთან თბილისში, კათოლიკურ ეკლესიასთან ბათუმში და სხვა ეკლესიებთანაც“, – ამბობს რამიშვილი და დასძენს, რომ პროტესტანტული ეკლესიები კათოლიკური და მართლმადიდებელი ეკლესიებისგან მმართველობის სისტემით განსხვავდებიან:

„ევანგელური ეკლესიები უფრო დემოკრატიული მსოფლმხედველობის საკრებულოებია. პროტესტანტულ ეკლესიებში არის უფრო სარწმუნოებრივი ერთობა. ეს არის საერთო მღვდლობის პრინციპი, რომელიც მთავარი რეფორმაციის იდეაა“.

რამიშვილის თქმით, ეს არ ნიშნავს საკრებულოში სუბორდინაციის აბსოლუტურ უარყოფას: „რა თქმა უნდა, არსებობს წესრიგი, მაგრამ მმართველობა არის უფრო დემოკრატიული. თუ წინამძღვარი იწოდება პასტორად, ის შინაარსობრივად ისეთივე მღვდელია, როგორც თითოეული მრევლის წევრი.

ეკლესიები არის დამოუკიდებელი, ერთმანეთის ჩაურევლობის პრინციპით მოქმედებენ, თუმცა მათ აქვთ უფლება თავიანთი შეხედულების დაფიქსირების“.

რაც შეეხება აკრძალვებს, როგორც ვარლამ რამიშვილი ამბობს, ეკლესიის წევრებს ევალებათ ღვთის სიტყვის დაცვა: „მთავარია, მორწმუნეს ცხოვრება არ ეწინააღმდეგებოდეს ზოგად დადგენილებას და მოყვასის მტრობას არ ემსახურებოდეს. სხვა მხრივ, ის თავისუფალია თავის არჩევანში, მიიღოს იმ ცხოვრებაში მონაწილეობა, რაც მას მიაჩნია მართებულად.

ჩვენ ვმოქმედებთ პრინციპით – მიეცი კეისარს კეისრის და ღმერთს ღმერთისა, ეს ნიშნავს, რომ აქ უნდა დავამყაროთ გარკვეული ბალანსი“.

ბავშვები საშობაო მსახურებაზე ბათუმის პროტესტანტულ ეკლესიაში

ვარლამ რამიშვილი ამბობს, რომ მიუხედავად ამ ეკლესიების დევნის და შევიწროებისა, ევანგელურმა ეკლესიებმა ქართულ კულტურულ და სოციალურ ცხოვრებაში თავისი წვლილი მაინც შეიტანეს: „დასავლეთ საქართველოში შეიძლება ნაკლებად, მაგრამ აღმოსავლეთ საქართველოში ეს წვლილი კარგად ჩანს. იგივე ლუთერანული თემის, რომლებმაც სოფლები გააშენეს, არქიტექტურაში და ბევრ საინტერესო სფეროში შეიტანეს წვლილი“.

მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მიხედვით, რომელიც 2014  წელს ჩატარდა, საქართველოში 0,1 პროცენტი პროტესტანტი ცხოვრობს.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: