მთავარი,სიახლეები

NGO-ები პარლამენტს: დაბალი რეპუტაციის მოსამართლეობის კანდიდატებს მხარი არ დაუჭიროთ

24.12.2018 • 1611
NGO-ები პარლამენტს: დაბალი რეპუტაციის მოსამართლეობის კანდიდატებს მხარი არ დაუჭიროთ

„ნათლად დადასტურდა სასამართლო სისტემაში ვიწრო ინტერესთა ჯგუფის უკონტროლო ძალაუფლების არსებობა,“ – ასე აფასებს 9 არასამთავრობო ორგანიზაცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომას, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები დაასახელეს. სამოქალაქო სექტორი პარლამენტს ამ პროცესის შეჩერებას სთხოვს. სამოქალაქო სექტორი აქცენტს „არაფორმალურ გარიგებებზე“ აკეთებს, „კლანურ მმართველობაზე“ და იმაზე, რომ შერჩეული კანდიდატების „რეპუტაცია კრიტიკას ვერ უძლებს“.

„ეს აჩვენებს, რომ მათ სურთ ყოველგვარი საზოგადოებრივი დისკუსიის და გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტების უგულებელყოფით, მოახვედრონ მათთვის სასურველი კანდიდატები უზენაეს სასამართლოში და ამით სრული კონტროლი მოიპოვონ სასამართლო ხელისუფლებაზე…  საკითხის საბჭოს დღევანდელ სხდომაზე გამოტანის შესახებ გუშინ გვიან ღამით გახდა ცნობილი. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა მხოლოდ მოსამართლეთა ვიწრო ჯგუფის მიერ დახურულ კარს მიღმა გამართული მოლაპარაკებები, რაც დღეს საბჭოს მდივნის, გიორგი მიქაუტაძის მიერ გაკეთებული განმარტებითაც დადასტურდა. საყურადღებოა, რომ საბჭოს არამოსამართლე წევრთა ნაწილისთვის უცნობი იყო კანდიდატთა ვინაობაც კი. უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების პროცესში მსგავსი არაფორმალური გარიგებები, პირდაპირ ეწინააღმდეგება კანონისა და კონსტიტუციის მიზნებს, მოქმედი ხარვეზიანი კანონმდებლობის პირობებშიც კი,“ – აღნიშნულია სამოქალაქო სექტორის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამოქალაქო სექტორი ასევე საუბრობს კლანურ მმართველობაზე სასამართლო სისტემის შიგნით.

„დღეს საბჭოს წევრთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა სასამართლოში დომინანტი ჯგუფის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენლების კანდიდატურებს, რომელთა რეპუტაცია კრიტიკას ვერ უძლებს. ამ კანდიდატებს შორის არიან: მიხეილ ჩინჩალაძე, გიორგი მიქაუტაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, თამარ ალანია, მერაბ გაბინაშვილი და გიორგი ტყავაძე. კლანურ ინტერესებს მორგებულ და თვითნებურ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა ასევე პარლამენტის მიერ საბჭოში დანიშნულმა სამმა არამოსამართლე წევრმა: ლევან გზირიშვილმა, შოთა ქადაგიძემ, ზაზა ხარებავამ,“ – მიიჩნევენ სამოქალაქო ორგანიზაციები.

იუსტიციის საბჭოში გამართულ დღევანდელ კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს და პრინციპული პოზიცია დააფიქსირეს მხოლოდ ირმა გელაშვილმა, ანა დოლიძემ და ნაზი ჯანეზაშვილმა. იუსტიციის საბჭოს მიერ შერჩეული კანდიდატები პარლამენტმა უნდა გაამწესოს უვადოდ. სამოქალაქო სექტორი მიიჩნევს, რომ პარლამენტს აკისრია ახლა გადამწყვეტი როლი იმისთვის, რომ „არ დაუშვას ქვეყანაში სასამართლო სისტემის საბოლოოდ ჩაკეტვა და მართული მართლმსაჯულების მხარდაჭერა.“

9 სამოქალაქო ორგანიზაცია: „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, კავშირი ,,საფარი”, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“, „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ – მოუწოდებს პარლამენტს:

  • მხარი არ დაუჭიროს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ აშკარა პროცედურული დარღვევებით წარდგენილ და დაბალი რეპუტაციის მქონე კანდიდატებს;
  • დაუყოვნებლივ დაიწყოს მუშაობა საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც შეუზღუდავს გავლენიან მოსამართლეებს თვითნებური გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას და ამ ცვლილებების მიღებამდე შეაჩეროს უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების პროცესი.

ამ თემაზე:

https://netgazeti.ge/news/331247/?fbclid=IwAR30kb1RIkbl4Zw78M9glRw7CEc1-Fu8RlKy5OUMw8oDMHk57XLEx2ZCi4o

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: