მთავარი,სიახლეები

სოფო გუჯაბიძე აჭარის მთავრობის პრესცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობას ტოვებს

18.12.2018
სოფო გუჯაბიძე აჭარის მთავრობის პრესცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობას ტოვებს

ამ დროისთვის სოფო გუჯაბიძე შვებულებაშია, თანამდებობიდან გათავისუფლებული არ არის და არც თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება დაუწერია. თუმცა, აჭარის მთავრობის მასმედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი არ უარყოფს, რომ ახალ სამსახურს ეძებს და მისთვის საინტერესო კონკურსს ელოდება,  მონაწილეობა რომ მიიღოს.

„დიდი ხანია ვმუშაობ აქ და მინდა გითხრათ, რომ ეს საკმაოდ შრომატევადი საქმეა. არ უარვყოფ, რომ მჭირდება სიახლე და ველოდები ჩემთვის საინტერესო კონკურსის გამოცხადებას, რომ მივიღო მონაწილეობა“, – გვითხრა სოფო გუჯაბიძემ.

თუ ასეთი კონკურსი შვებულების ვადის გასვლამდე გამოჩნდა, სოფო გუჯაბიძე მთავრობის აპარატში არ დაბრუნდება. თუ ასე არ მოხდა, ამბობს, რომ „წყვეტა არ უნდა“, მაგრამ რას გადაწყვეტს, ჯერ  არ იცის.

აჭარის მთავრობის აპარატში სოფო გუჯაბიძე მასმედიისა და  საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს ოთხი წელია ხელმძღვანელობს. ბოლო პერიოდში [შვებულებაში გასვლამდე] მან აჭარის მთავრობიდან კომენტარის მისაღებად, ასევე, კონკრეტულ საკითხზე ინფორმაციის დასაზუსტებლად, რამდეჯერმე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ახალდანიშნულ მრჩეველთან, ბაია კობახიძესთან გადაგვამისამართა. ამას დაემთხვა ისიც, რომ საზოგადოებრივ შეხვედრებზე მას თან აღარ ახლდა სოფო გუჯაბიძე. სწორედ მსგავსი შემთხვევების სიხშირიდან გამომდინარე განგვიმარტეს, რომ „თუ რაიმე საკითხის გარკვევა დაგვჭირდებოდა, ბაია კობახიძისთვის უნდა მიგვემართა“.

ბაია კობახიძე

ბაია კობახიძე ამბობს, რომ ამ დროისთვის მას არც სოფო გუჯაბიძის სამსახურიდან  შესაძლო წასვლაზე აქვს ინფორმაცია და არც აპარატში მოსალოდნელ ცვლილებებზე. მისივე თქმით,  ამ მიმართულებით საუბარი ჯერ არ ყოფილა. „მე არაფერი ვიცი და თქვენ საიდან გაქვთ ეს ინფორმაცია?“ – უკვირს მას. იმას, რომ მასმედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სოფო გუჯაბიძე ოფიციალურ შეხვედრებზე აღარ ჩანდა, ხოლო დანიშვნის დღიდან პრესასთან ურთიერთობას თავად კურირებდა,  ბაია კობახიძე „კოორდინირებული მუშაობით“ ხსნის.

ბაია კობახიძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მრჩევლად დანიშვნამდე საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდში აპარატის უფროსად მუშაობდა. ამ უწყებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ დანიშვნამდე თორნიკე რიჟვაძე ხელმძღვანელობდა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, აჭარის მთავრობაში მასმედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსად სასურველი კადრი უკვე  შერჩეული ჰყავთ. თუმცა  მთავრობაში ჯერ მხოლოდ იმას ამტკიცებენ, რომ სოფო გუჯაბიძის წასვლის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ და ის მხოლოდ შვებულებაშია.

ფოტო: რესპონდენტების ფბეისბუქგვერდიდან.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: