მთავარი,სიახლეები

უმაღლესი საბჭო აჭარის მთავრობას: სკოლის შენობები გადაჭედილია და ბავშვებს ვეღარ იტევს

30.11.2018 • 2421
უმაღლესი საბჭო აჭარის მთავრობას: სკოლის შენობები გადაჭედილია და ბავშვებს ვეღარ იტევს

„მიუხედავად იმისა, რომ სწავლა ძირითადად ორ ცვლაში მიმდინარეობს [ბათუმში], სკოლის შენობები მაინც გადაჭედილია და ბავშვებს ვეღარ იტევს. სასკოლო ასაკის მოსწავლეთა რეგისტრაციის პერიოდში კი უამრავი მოქალაქე მოგვმართავს პრეტენზიით და გამოთქვამს უკმაყოფილებას იმასთან დაკავშირებით, რომ ვერ ახერხებს არათუ ახლომდებარე, არამედ ქალაქის ნებისმიერ საჯარო სკოლაში ბავშვის დარეგისტრირებას“, – აღნიშნულია შენიშვნებში, რომელიც აჭარის უმაღლესმა საბჭომ აჭარის მთავრობას 2019 წლის ბიუჯეტის პროექტთან ერთად უკან დაუბრუნა.

შენიშვნის ავტორი უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტია.

„ქალაქის [ბათუმის] ტერიტორიის ზრდის პროცესებიდან გამომდინარე, თანდათანობით ხდება მოსახლეობის ზრდაც. შესაბამისად, იმატა მოსწავლეთა კონტინგენტმა… ჩნდება ახალი სკოლების მშენებლობის გადაუდებელი საჭიროება“, – აღნიშნულია კომიტეტის შენიშვნაში.

კომიტეტში მიიჩნევენ, რომ აჭარის მომავალი წლის ბიუჯეტში  უნდა გაითვალისწინონ თანხა ბათუმის მე-6 სკოლის ეზოში კორპუსის ასაშენებლად:

„ქალაქ ბათუმის მე-6 ფიზიკა-მათემატიკის პროფილის საჯარო სკოლაში შესვლის მსურველთა რაოდენობა  ყოველწლიურად იზრდება. დღესდღეობით 1050 მოსწავლე სწავლობს. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ სკოლას აქვს დიდი ფართის მქონე ეზო, სადაც შესაძლებელია ახალი კორპუსის მშენებლობა და ამ მხრივ არ საჭიროებს დამატებითი სახსრების მოძიებას. ამდენად მიგვაჩნია, 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებული იქნას თანხები არსებულ ტერიტორიაზე კორპუსის მშენებლობისათვის“.

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბათუმის N6 საჯარო სკოლის არსებული შენობის ნაწილობრივი რეაბილიტაცია წელს უნდა ჩაეტარებინა, თუმცა სამინისტრომ ტენდერი შეწყვიტა. ამ ტენდერით სკოლის ეზოში მრავალპროფილიანი სპორტული მოედანიც უნდა მოწყობილიყო.

ამასთან, N6 სკოლის ეზოში ახალი კორპუსის აშენებაც იგეგმებოდა, რომელიც დაახლოებით 200-300 მოსწავლეზე იქნებოდა გათვლილი. ტენდერი მშენებლობაზეც არ გამოცხადდა.

ტენდერის შეწყვეტის მიზეზი, როგორც სამინისტროს სატენდერო კომისიის ოქმშია აღნიშნული, გახდა ის, რომ 2019 წლიდან სკოლების ინფრასტრუქტურული სამუშაოები თვითმმართველობას უნდა შეესრულებინა.

ამონარიდი ოქმიდან:

დღეს, 30 ნოემბერს, სამინისტროში გვითხრეს, რომ სკოლების ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს მომავალი წლიდან არა თვითმმართველობები, არამედ კვლავ სამინისტრო განახორციელებს.

რაც შეეხება კონკრეტულად მე-6 სკოლის რეაბილიტაციას და ახალი კორპუსის მშენებლობას, სამინისტროს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ბიუჯეტის პროექტი საბოლოო არ არის და რიგ საკითხებზე ჯერ კიდევ მუშაობენ.

მომავალი წლის ბიუჯეტის იმ პროექტში, რომელიც უმაღლესმა საბჭომ მთავრობას უკან შენიშვნებით დაუბრუნა, მე-6 სკოლის ეზოში ახალი კორპუსის მშენებლობა გათვალისწინებული არ არის. თუმცა მთავრობას ჯერ კიდევ აქვს ვადა პროექტის შესაცვლელად, ვიდრე უმაღლეს საბჭოს გადაუგზავნის დასამტკიცებლად. გაითვალისწინებენ თუ არა სკოლის ახალი კორპუსის მშენებლობისთვის თანხას, ჯერ გადაწყვეტილი არ არის.

აჭარის მთავრობამ მორიგი დახურული სხდომა დღეს, ქედაში, მეღვინეობის ქარხანაში გამართა, თუმცა 2019 წლის ბიუჯეტის პროექტში ცვლილებების საკითხი არ განიხილებოდა. დღის წესრიგში შეტანილი 8 საკითხიდან ხუთი „საინვესტიციო საქმიანობის ხელშესაწყობად იურიდიული პირების მიმართ რიგი ღონისძიებების განხორციელებას“ ეხებოდა.

ბათუმის მე-6 საჯარო სკოლის ეზო, სადაც სავარაუდოდ, ახალი კორპუსი უნდა აშენდეს / 30.11.2018

ბათუმის მე-6 საჯარო სკოლის ეზო, სადაც სპორტული მოედანი უნდა მოწყობილიყო, თუმცა ტენდერი სამინისტრომ 2018 წლის მარტში შეწყვიტა/ 30.11.2018

გადაბეჭდვის წესი


ასევე: