მთავარი,სიახლეები

მწვანე კონცხზე ძველ საბაგიროს 20 დეკემბრამდე დაშლიან, ახალს კი ივანიშვილის კომპანია ააშენებს

29.11.2018
მწვანე კონცხზე ძველ საბაგიროს 20 დეკემბრამდე დაშლიან, ახალს კი ივანიშვილის კომპანია ააშენებს

დღეს ბათუმის ბოტანიკურ ბაღში „მწვანე კონცხზე“ ასასვლელი საჰაერო-საბაგირო გზის დემონტაჟის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. სამუშაოები მიმდინარე წლის 20 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს.

ხელშეკრულებას ბათუმის ბოტანიკური ბაღის და შპს „ზრმ ჯეორჯიას“ დირექტორებმა – ირაკლი არჩაიამ და ზურაბ სურმანიძემ მოაწერეს ხელი.

ახალი საბაგირო გზის აშენებას აქ ბიძინა ივანიშვილის კომპანია „ბიზნეს დეველოპმენტი“ გეგმავს, რომელიც ყოფილი აგრარული უნივერსიტეტის ადგილზე კომპლექს „მაგნოლიას“ აშენებს, რომლის პროექტის ინიციატორი და ინვესტორიც ასევე ბიძინა ივანიშვილია. 

სატენდერო დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ „ზღვის სანაპირო ზოლიდან მწვანე კონცხზე ასასვლელი საბაგირო გზის კონსტრუქციათა სისტემის მდგომარეობა სავალალოა. საბაგირო გზის მზიდი კონსტრუქციების უმეტესი ნაწილი, ფაქტობრივად, ამორტიზებულია და აღდგენა-გამაგრება-გაძლიერებას არ ექვემდებარება, კონსტუქციების, მათი შემადგენელი ელემენტებისა და კვანძების უმეტესი ნაწილი ამორტიზებულია და სრული დემონტაჟი აუცილებლად მიგვაჩნია, არსებული მდგომარეობით მისი დატოვება საფრთხის შემცველია“.

ხელშეკრულების საგანს „მწვანე კონცხზე“ ასასვლელი საჰაერო-საბაგირო გზის კონსტრუქციათა სისტემის ლითონისა და ბეტონის კონსტრუქციების დემონტაჟის გარდა, დემონტაჟის შედეგად დარჩენილი ნარჩენის ტერიტორიიდან გატანის სამუშაოების შესრულებაც წარმოადგენს. ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების საერთო ღირებულება 40 ათას ლარს შეადგენს.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: