„ბიძინამ კი არ მოიგო, მიშამ წააგო კიდევ ერთხელ“ – რა აჩვენა მეორე ტურმა


„ამ არჩევნებზე გადამწყვეტი როლი ითამაშა შიშმა“, – მიიჩნევს ისტორიკოსი გრიგოლ გეგელია. მას ვესაუბრეთ ფაქტორებზე, რამაც მეორე ტურზე გადამწყვეტი როლი ითამაშა. გრიგოლ გეგელიას, ასევე, ვკითხეთ, რატომ არ გახდა ამ არჩევნებზე მსჯელობის საგანი ის, რომ სალომე ზურაბიშვილი ქალია.  ქართულ პოლიტიკურ რეალობაში პოლიტიკოსი ხშირად მხოლოდ იმიტომ ხდება კრიტიკის ობიექტი, რომ ქალია.

ბატონო გრიგოლ, თქვენი დაკვირვებით, რამ ითამაშა გადამწყვეტი როლი არჩევნების მეორე ტურზე, რამ იმუშავა? 

გადამწყვეტი როლი ითამაშა შიშმა, იმის შიშმა, რომ მიხეილ სააკაშვილი დაბრუნდებოდა… ამ შემთხვევაში მეორე ტურზე მივიდა „ოცნების“ ძველი ძალა, რომელიც ბოლო წლებია არჩევნებზე აღარ დადის. მაგრამ დღეს, როცა არჩევანი ეძლევათ სააკაშვილსა და „ოცნებას“ შორის, ისევ აირჩიეს „ოცნება“. ამ ამომრჩევლის გარდა კიდევ არის საკმაოდ დიდი ოდენობა ამომრჩევლების, რომლებიც არჩევნებზე ისევ არ მოსულან. ეს არის მდუმარე, მაგრამ რევოლუციური უმრავლესობა, რომელიც არც ახლა არავის არ უჭერს მხარს. ახლა ვინც მოვიდა არჩევნებზე, მოვიდა არა იმისთვის, რომ სალომე აერჩიათ, არამედ იმისთვის, რომ მიშა გადაერჩიათ კიდევ ერთხელ.

საინტერესო იყო ეს არჩევნები ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ კუთხითაც. გრიგოლ ვაშაძემ არჩევნების შემდეგ თქვა, რომ მას არ სურს დაიწყოს რევოლუციური ქაოსი და ასე შემდეგ. ის პრაქტიკულად არ დაეთანხმა მიხეილ სააკაშვილს. ასეთი რამ  ჩვენ არასდროს გვსმენია აქამდე „ნაციონალური მოძრაობისგან.“ ვფიქრობ, ასე იმიტომ მოხდა, რომ მიხეილ სააკაშვილი გვარიანად აცდენილია დროს და გამოწვევებს, ის ვერ გრძნობს პოლიტიკურ პულსს. არ არის ქვეყანაში იმ გაგებით რევოლუციური წინაპირობა, როგორიც მას უნდა, რომ იყოს. აქ არის რევოლუციური მუხტი, მაგრამ ეს არის მხოლოდ შინაარსობრივი თვალსაზრისით. ამ რევოლუციური მუხტის მოტივაციაა სხვანაირი პოლიტიკა მივიღოთ, სახალხო გახდეს და ასე შემდეგ, მაგრამ ამის გაკეთება არ უნდა ვინმეს ფიზიკური გაგებით. ძალიან გადაიღალა ქვეყანა ომებით და სტაგნაციით. ქაოსისთვის აღარ დარჩა ველი… არეულობას გამოიყენებს ასევე ქვეყნის მტერი. ყველანაირი შიდა პროცესი ამ ჭრილშიც უნდა დავინახოთ.

ამბობთ, რომ ე.წ. გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ნაწილის მიმხრობა შეძლო „ოცნებამ“. რატომ ვერ შეძლო იგივე გაერთიანებულმა ოპოზიციამ? 

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკმაოდ კარგი შედეგი დადო. ვერავინ იტყვის, რომ ისინი არიან არალეგიტიმური, რომ არ აქვთ ხმის ამოღების უფლება და ასე შემდეგ, მე დემოკრატიულ ლეგიტიმურობას ვგულისხმობ… „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რეალურად არაფერი შეცვალა. მათ ისევ ცინიკური დამოკიდებულება ჰქონდათ კრიტიკულად განწყობილ მოქალაქეებთან. „ოცნებასაც“ ანალოგიური დამოკიდებულება ჰქონდა, მაგრამ მან ამის ფასი იწვნია პირველ ტურზე. შიში და უძინარი ღამეები, რაც მათ ახლა ჰქონდათ, სწორედ ამის გამო იყო, რომ არავის უსმენდნენ. „ნაციონალურ მოძრაობას“ არაფერი შეუცვლია თავის დისკურსში, თითქოს ჰქონდა მიხეილ სააკაშვილს ურბანისტულ-მემარჯვენე პოპულიზმი, ამან რაღაც დონეზე იმუშავა, მაგრამ საბოლოოდ ვერა. რეალური განახლება რახან არ ყოფილა, ამიტომაც ვერ შეძლეს, ასე ვთქვათ, ნეიტრალური, მიძინებული ელექტორატის მხარდაჭერა.

პირველადი მონაცემებით, სალომე ზურაბიშვილმა ხმების დაახლოებით 59 პროცენტი მიიღო, გრიგოლ ვაშაძემ -41 პროცენტი. რამდენად შეცვლის ხმების ამგვარი გადანაწილება პოლიტიკურ კულტურას?

ეს ძალიან დიდი სიკეთე მოხდა ამ არჩევნებზე და შეცვლის პოლიტიკურ კულტურას. პირველ ტურში რეალურად მივიღეთ სიტუაცია 50/50-ზე, ერთი პროცენტი არაფერია დემოკრატიულ პოლიტიკაში. პირველად ისტორიაში მივიღეთ სიტუაცია, სადაც მოქალაქეების აზრი ორ ნაწილად გაიყო, მეორე მხრივ კი, არც ერთი არაა ის, რაც ხალხს უნდა ჯამში. მეორე ტურში, ძირითადად, შიშის გამო მივიდა ხალხი ხმის მისაცემად, არჩევანი პირველ და მეორე ტურზეც იყო მხოლოდ ნეგატიური პრინციპით. ნახევარი მილიონი ადამიანი არჩევნებზე მივიდა მხოლოდ იმის გამო, რომ მიშას რეაბილიტაცია არ დაეშვა. მივიღეთ სურათი, რომ სანამ მიხეილ სააკაშვილია მთავარი ოპოზიციური ძალა, „ოცნება“ მყარად იქნება, ისინი ერთმანეთს ამყარებენ. „ოცნებას“ სააკაშვილი რომ არ ჰყავდეს, ის, ფაქტობრივად, დასრულებული იქნებოდა… ამ არჩევნებზე ქართველმა ხალხმა თქვა, რომ არც ერთი და არც მეორე არაა მისთვის მომავლის პარტია.

რამდენად გამოხატა ამომრჩეველმა თავისუფალი არჩევანი, თქვენი დაკვირვებით? იყო განცხადებები ზეწოლაზე, მოსყიდვაზე… 

დარღვევა იყო არაერთი, რაც ძალიან სამწუხაროა, ამას უკვე აღარ ველოდი. ძირითადად არჩევნების პირველი ტური ჩატარდა კარგად. რაც შეეხება საბანკო დავალიანების ჩამოწერას, ეს არაპირდაპირი მოსყიდვა იყო ნამდვილად… ზეწოლა იყო სკოლის და საბავშვო ბაღების მასწავლებლებზე, ეს ვიცი მათთან უშუალო კომუნიკაციით. იყო ზეწოლა ასევე ბიზნესზე, რომ მათ ფული უნდა ჩაერიცხათ, თუმცა გაურკვეველია, რა საფრთხე ელოდათ მათ, თუკი ისინი ამას არ გააკეთებდნენ. იმედია, რეკეტის შიში აღარ ჰქონდათ და აქ აღარ დავბრუნდებით.

რეალურად ჩვენ ვცხოვრობთ ფასადური, მოსყიდული დემოკრატიის პირობებში, სადაც პოლიტიკოსები იდეების ნაცვლად პოპულისტურ დაპირებებს ჰყიდიან. ეს არ არის პოლიტიკა. ჩვენ რაღაც დაკოპირებულ ვარიანტში ვცხოვრობთ, სადაც გვგონია, რომ გვაქვს დემოკრატია.

საბანკო დავალიანების ჩამოწერა, რაც ამომრჩევლის ირიბ მოსყიდვად შეაფასა მესამე სექტორმა, შეეხო ნახევარ მილიონ ადამიანს. ამის მიუხედავად 900 ათასმა ადამიანმა დაახლოებით „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუჭირა მხარი. ამან რა აჩვენა? 

საბანკო დავალიანების ჩამოწერაში გარანტირებულ ელექტორალურ ეფექტს მაინც ვერ ვხედავდი, რადგან მარტივად შესაძლებელია, რომ ამ 600 ათასში ყოფილიყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“, ან სხვა პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერები. გარდა ამისა, ეს ვალები მაინც იყო უიმედო ვალები და მის გადახდას ისედაც ბევრი არ აპირებდა… მთავარი ამ პროცესში არის ივანიშვილის დამოკიდებულება, რომ ხალხს ფულს გადაუგდებ და ისინი აგირჩევენ. ბიძინა ივანიშვილი ფიქრობს, რომ რასაც ვერ შეძლებს დარწმუნებით, იმას იყიდის. ის არ უყურებს პოლიტიკას, როგორც ცოცხალი და ცვლადი ინტერესებით შედგენილ დინამიურ პროცესს, რაც არის რეალურად პოლიტიკა. ახლა მას ამის გადაფასება აუცილებლად მოუწევს. რეალურად ახლა ბიძინამ კი არ მოიგო, მიშამ წააგო კიდევ ერთხელ. კარგი იქნება, თუკი მიხვდება, რომ ფულით ვერ იყიდი დემოკრატიას. დემოკრატიას იყიდი ხალხით და პროგრამებით. არც ერთი არ ჰქონდა „ქართულ ოცნებას“ ახლა, მაგრამ 2020-ში ასე ვეღარ იქნება, როცა რაღაც ვიდეოებს განათავსებ სოციალურ ქსელში და მის რეკლამირებაში დახარჯავ ფულს.

კიდევ ერთ საკითხზე მინდა გკითხოთ: იმ შეხედულებების გათვალისწინებით, რაც არსებობს ჩვენს საზოგადოებაში, რატომ არ გახდა მსჯელობის საგანი ის, რომ სალომე ზურაბიშვილი ქალია? ჩვენ გვახსოვს თინა ხიდაშელის კრიტიკა მარტო იმის გამოც, რომ ის ქალი თავდაცვის მინისტრი გახდა. 

ეს საინტერესოა. რეალურად ყველაფერზე გაკეთდა აქცენტი: სალომე ზურაბიშვილის მეტყველებაზე, მენტალიტეტზე, წინაპრებზე, კონტრავერსულ პოზიციებზე, მაგრამ არ ყოფილა იმაზე საუბარი, რომ ის ქალია. ვფიქრობ, რომ ქალი პრეზიდენტის იდეალი ჩვენთან დიდი ხანია არსებობს და ამის კულტურული მოლოდინი არსებობდა. მეორე ფაქტორი არის ის, რომ სალომე ზურაბიშვილი არის ხანშიშესული, სოლიდური ქალი და ის კონსერვატიულ განცდებს მოერგო. ის აღიქვეს კონსერვატიულ დედად და არ აღიქვეს ქალად მარტივი გაგებით. ის აღიქვეს ქალად, რომელიც ცნობილი ქართველი კაცის შვილიშვილია და დაბრუნდა სამშობლოში.

არის კიდევ ერთი მომენტიც: ზურაბიშვილმა იმდენი უპრეცენდენტო რაღაც თქვა, იმდენად უხვი მენიუ მიაწოდა ამომრჩევლებს უცნაური შემთხვევების, რომ ამის დრო აღარ დარჩა.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი