განათლება,მთავარი,სიახლეები

ხულოს ორ სკოლაში ინგლისურ ენას დისტანციურად შეასწავლიან

26.11.2018 •
ხულოს ორ სკოლაში ინგლისურ ენას დისტანციურად შეასწავლიან

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ხულოს მუნიციპალიტეტის ორი სოფლის – მთისუბნისა და პანტნარის საჯარო სკოლებში ინგლისური ენის დისტანციური სწავლების დანერგვას გეგმავს. პროექტი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ქვეპროგრამის – „ასწავლე საქართველოსთვის“ ფარგლებში ხორციელდება. როგორც ცენტრში „ბათუმელებს“ უთხრეს, დისტანციური სწავლების საჭიროება მაღალმთიან რეგიონებში უცხო ენის სპეციალისტების ნაკლებობამ განაპირობა.

როგორც ქვეპროგრამის – „ასწავლე საქართველოსთვის“ მენეჯერი ლალი წიკლაური ამბობს, პირველი დისტანციური გაკვეთილი ამ ორ სკოლაში დაახლოებით ორ კვირაში ჩატარდება.

„ვაკანსიების ანალიზმა აჩვენა, რომ ყველაზე ხშირად სწორედ ინგლისური ენის ვაკანსიები რჩებოდა შეუვსებელი. მიმდინარე წლის შემოდგომაზე 40 ვაკანსია დარჩა. მოგვიანებით სკოლების ნაწილმა შეავსო ეს ვაკანსიები, მაგრამ  ამ სკოლებში ინგლისურ ენას, ძირითადად, არასპეციალისტები ასწავლიან.

რეალურად, კვალიფიციური კადრის დეფიციტია ქვეყანაში, სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ინგლისურ ენაში დაგვენერგა პირველად დისტანციური სწავლება,“ – გვითხრა ლალი წიკლაურმა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე კონკურსი არ გამოუცხადებია ცენტრს და დისტანციურ გაკვეთილებს ცენტრის კონსულტანტ-პედაგოგები ჩაატარებენ.

„ეს პედაგოგები წლებია ჩართული არიან ჩვენს პროგრამაში და დისტანციურ სწავლებაზეც გარკვეული გამოცდილება აქვთ. თუმცა დღემდე გადიან ისინი ტრენინგებს ამ მიმართულებით“.

ლალი წიკლაურის თქმით, პედაგოგები დისტანციური სწავლების ანაზღაურებას საათების მიხედვით აიღებენ.

„ერთ სკოლაში ინგლისურის 20 საათია, მეორეში – 14 საათი.  პედაგოგებს საათების მიხედვით აუნაზღაურდებათ, დანამატის ნაწილს სკოლა გადაიხდის, ნაწილს კი – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი. ერთ საათში ხელზე 16 ლარს აიღებენ, ასე გვაქვს დაანგარიშებული“.

„ბათუმელები“ სოფელ პანტნარის სკოლის დირექტორს არჩილ მარკოიძეს ესაუბრა. მან თქვა, რომ სატესტო გაკვეთილების შესახებ ინფორმირებულია.

„იყვნენ ჩამოსული თბილისიდან. პერსონალური კომპიუტერით ძნელად გამოგვივა და ლეპტობით შეგვიძლია ვასწავლოთო, ლეპტოპს ვიდეოთვალიც აქვს, ხმაც იოლია უფრო.  გვაქვს ინტერნეტი, მაგრამ ნელია. ვაჩვენე ჩვენს IT მენეჯერებს. არ ვიცით, გამოვა თუ არაო.  ჩვენთან ისეთი მდგომარეობაა ზამთარში, სამი მეტრი თოვლი მოდის. ეს ყველაზე მაღალი სოფელია, გოდერძის უღელტეხილთან ვართ სიმაღლით გათანაბრებული, თოვლის დროს ხან შუქიც არ არის. ვნახოთ, იქნებ გამოვიდეს,“ – ამბობს სკოლის დირექტორი.

სკოლას ინგლისური ენის მასწავლებელი არ ჰყავს. ამ დროისთვის სოფლის საბაზო სკოლაში 9 მოსწავლე სწავლობს, ყველაზე მეტი – სამი მოსწავლე მესამე კლასშია.  სკოლის დირექტორის თქმით, სოფელში ამჟამად 19 ოჯახი ცხოვრობს.

სოფელ მთისუბანში მხოლოდ საბაზო სკოლაა, სადაც ამ დროისთვის 14 მოსწავლე სწავლობს, ორი – პირველ კლასში, დანარჩენ კლასებში კი –  თითო ან ორი მოსწავლე.

მთისუბნის სკოლის დირექტორი ანზორ თურაძე ამბობს, რომ სკოლას ნელი ინტერნეტი მიეწოდება. „იყვნენ ჩამოსული თბილისიდან, მოდემი ჩამოიტანეს და ალბათ ახალ კომპიუტერსაც ვიყიდოთ. თუმცა ცუდ ამინდში ინტერნეტი ძალიან ცუდად მოგვეწოდება,“ – გვითხრა მან.

ლალი წიკლაური ამბობს, რომ ისინი გაეცნენ სკოლებში არსებულ ტექნიკურ პირობებს. „შევამოწმეთ ინტერნეტიც. პანტნარის სკოლა ყველაზე მაღალი სოფელია, თუმცა იქ უფრო კარგი ინტერნეტი იყო, ვიდრე მთისუბანში. თუმცა, მათი პრობლემაც გამოსწორდება, თუკი ახალ კომპიუტერებს შეიძენენ და ახალი პროგრამები ჩაიტვირთება. მთავარია, დენი არ ჩაქრეს. თუკი მსგავსი რამ მოხდება, ჩვენ გაკვეთილებს ავუნაზღაურებთ,“ – ამბობს წიკლაური.

ლალი წიკლაურის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში, დაახლოებით 30 სკოლაში ინგლისურ ენას არასპეციალისტი ასწავლის. მისი თქმით, თუ პილოტი გაამართლებს, შესაძლებელია ინგლისური ენის დისტანციური სწავლება სხვა სკოლებშიც დაინერგოს.

___________

მთავარ ფოტოზე: ზამთარი ხულოში. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: