დღეს, 2 ნოემბერს, ბათუმის პორტში ნატოს ხუთი ხომალდი შემოვიდა.
შავ ზღვაზე, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთი [SNMCMG2] II რანგის კაპიტან ფრანკ მაგინსკის ხელმძღვანელობით არის შემოსული. შენაერთის შემადგენლობაში სულ ხუთი ხომალდია – საფლაგმანო ხომალდი FGS RHEIN [გერმანია], ხომალდები: TCG ERDEMLI [თურქეთის რესპუბლიკა], BRG STIBAR [ბულგარეთი], ROS DIMITRIE NICOLESCUE [რუმინეთი] და SPS TURIA [ესპანეთი].
ხომალდების ეკიპაჟს ბათუმში საზეიმო დახვედრა მოუწყვეს, რომელსაც სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის, ადგილობრივი ხელისუფლების და ბათუმში თურქეთის საკონსულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„ამ ვიზიტით დაჯგუფება [ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთი] ახდენს ნატოს ინტერესების დემონსტრირებას და მხარს უჭერს შავ ზღვაზე უსაფრთხო ნაოსნობას. შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების მიმართულებით მნიშვნელოვანია აღნიშნული ვიზიტების ინტენსივობის ზრდა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს მსგავსი ვიზიტები გაორმაგდა და ეს ტენდენცია მომავალ წელშიც გაგრძელდება. სანაპირო დაცვის დეპარტამენტის პირად შემადგენლობასთან და აღნიშნული დაჯგუფების შემადგენლობასთან ერთობლივად დაგეგმილია სხვადასხვა სახის აქტივობა, ერთობლივი მანევრები ზღვაზე, რაც ხელს უწყობს საქართველოს სანაპირო დაცვის თავსებადობის ამაღლებას ნატოს საზღვაო ძალების ხომალდებთან. ამ აქტივობებით ჩვენ ვაგრძელებთ იმ ამოცანების შესრულებას, რაც გათვალისწინებულია ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგით,” – თქვა ჟურნალისტებთან საუბრისას სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თემურ კვანტალიანმა.
ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის ხომალდები ბათუმის ნავმისადგომში 5 ნოემბრამდე დარჩება. ისინი, შსს-ს სანაპირო დაცვის დეპარტამენტთან ერთად, სხვადასხვა სწავლებასა და წვრთნებში მიიღებენ მონაწილეობას.