ამერიკული ორგანიზაცია PH International-ი და „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი“ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებით იწყებს „ინგლისური ენის შესწავლის ხელმისაწვდომობის სასტიპენდიო პროგრამას“ (English Access Microscholarship Program) სოციალურად დაუცველი და შეჭირვებული ოჯახებისთვის.
პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 14-18 წლამდე მოზარდებს, რომლებიც ტესტირების საფუძველზე შეირჩევიან.
პროექტი საქართველოს რეგიონებში – ქუთაისში, ფოთში, ამბროლაურში, ოზურგეთში, თელავში, ბათუმში, მესტიაში, გორში, ყაზბეგში, ზუგდიდში, ახალქალაქში, ნინოწმინდაში, მარნეულში, დუშეთში, საგარეჯოში, რუსთავში, ახალციხესა და სოფელ ბირკიანში ხორციელდება.
პროგრამის ხელმძღვანელების ინფორმაციით, საგრანტო კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ, ხელვაჩაურში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მოზარდებსაც.
თითოეულ ქალაქში 25 მოზარდი შეირჩევა, რომლებიც გადანაწილდება 2 ჯგუფში წინასწარი ტესტირების საფუძველზე, ისე, რომ თითოეულ ჯგუფში მოსწავლეთა რაოდენობა არ აღემატებოდეს 13-ს.
პროგრამის მონაწილეებს ჩაუტარდებათ ინგლისურის სამი ორსაათიანი გაკვეთილი კვირის განმავლობაში. გაკვეთილი ჩატარდება არასასკოლო საათებში.
„პროგრამა მიზნად ისახავს ხელმისაწვდომი გახადოს ინგლისური ენის შესწავლა მოზარდებისთვის სოციალურად დაუცველი და ეკონომიკურად შეჭირვებული ოჯახებიდან. გარდა იმისა, რომ ბავშვები შეისწავლიან ინგლისურ ენას, ისინი, ასევე ეზიარებიან ამერიკულ კულტურასა და წეს-ჩვეულებებს და განავითარებენ ლიდერის თვისებებს,“- ნათქვამია განცხადებაში.
პროგრამა ორწლიანია და მოიცავს სწავლების 4 სემესტრს.
პირველი სემესტრი: ოქტომბერ-დეკემბერი 2018;
მეორე სემესტრი: იანვარ-ივნისი 2019;
მესამე სემესტრი: სექტემბერ-დეკემბერი 2019;
მეოთხე სემესტრი: იანვარ-ივნისი 2020.
აპლიკაციის შემოტანის ბოლო ვადაა 7 ოქტომბერი.
აპლიკაციის შევსების ინსტრუქცია, პროგრამაში მონაწილეობის მოთხოვნათა ჩამონათვალი და სააპლიკაციო ფორმა.