„ბათუმი ფოტოდღეები“ 31 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება

წელს პირველად ჩატარდება „ბათუმი ფოტოდღეების“ ფესტივალი განახლებული და მრავლისმომცველი კონცეფციით.

ფესტივალი 2014 წლიდან ცნობილია საერთაშორისო საზოგადოებისთვის სახელწოდებით – „ოდესა//ბათუმი ფოტოდღეები“. ფოტოდღეების თემა და, შესაბამისად, მთავარი გამოფენის სახელწოდებაც არის se@ experience – რომელიც შეიძლება ითარგმნოს, როგორც „ნახე გამოცდილება“ ან „ზღვა გამოცდილება“.

ეს იდეა დაფუძნებულია განსხვავებული ხედვისა და ღრმა განცდის უნარზე, ზღვა – როგორც სუბსტანციის სიმბოლო, გარემოს ან პირადი ჰორიზონტის. გამოცდილება ყოველთვის ინდივიდუალურია, მაგრამ ამავდროულად იგი ყოველთვის საზოგადოებასთანაა გაზიარებული და როდესაც ის პასუხობს საერთო მოთხოვნას, მას მოსდევს მოსალოდნელი ზემოქმედება და შედეგი.

ფოტოდღეების ფარგლებში გაიმართება 4 გამოფენა: მთავარი გამოფენა ბათუმის ბულვარში, კოკა რამიშვილისა (საქართველო/ჟენევა) და გიორგი ნებიერიძის (საქართველო/ბერლინი) გამოფენები ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში და MADE IN PHOTO (პოლონეთი) გამოფენა აჭარის ხელოვნების მუზეუმში.

ღამის ჩვენება: საქართველო და სამხრეთ კავკასია; აღმოსავლეთი ევროპა; აზია, აფრიკა და ახლო აღმოსავლეთი. შეხვედრები ხელოვანებთან: გიორგი ნებიერიძე და კოკა რამიშვილი – ფოტოლაბში გამარჯვებული მონაწილეები მიიღებენ მხარდაჭერას 2019 წელს საკუთარი პროექტის რეალიზებისთვის ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში.

მთავარ გამოფენაში მონაწილეობს 26 კონკურსანტი 14  ქვეყნიდან, მათ შორისაა: საქართველო, უკრაინა, გერმანია, ისრაელი, სამხრეთ კორეა, ტაილანდი და სხვა. ეს გამოფენა კონცეპტუალური ფოტოგრაფიული გამოსახულების ინსტალაციაა, რომლის მიზანია ახალი პლატფორმის შექმნა საერთაშორისო სახელოვნებო საზოგადოებისთვის. გამოფენა ეძღვნება ინდივიდებს, რომლებმაც ზეგავლენა იქონიეს ან შეცვალეს ისტორია და მათ, რომლებიც მომავალში გააგრძელებენ ცვლილებებს.

ორგანიზატორები მიზნად ისახავენ საფუძველი ჩაუყარონ არა მხოლოდ მონაწილეებთან მომავალ თანამშრომლობას, არამედ ინსპირაციულ პროექტებს, რომლებიც შემდგომ შეიძლება გადაიზარდოს მხატვრულ ან დოკუმენტურ ფოტოპროექტებში, რაც მოგვიანებით განხორციელდება ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში. ასევე სრულიად ახალ ექსპერიმენტებსა და სექტორთაშორის თანამშრომლობას.

პროექტი აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანადაფინანსებით ხორციელდება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი