მთავარი,სიახლეები

რა ვერ შეცვალეს ყოფილ სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის შემდეგ – ჟურნალისტები შენობაში

10.07.2018 • 3218
რა ვერ შეცვალეს ყოფილ სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის შემდეგ – ჟურნალისტები შენობაში

იმის სანახავად, თუ რა შეცვალეს შენობაში უსაფრთხოების გაძლიერების თვალსაზრისით ხანძრის შემდეგ, ყოფილი სასტუმრო „ლეოგრანდის“ მენეჯერმა ალბერ ფინაშმა დღეს, 10 ივლისს, სასტუმროში  ჟურნალისტები დაპატიჟა. სასტუმრო უკვე რამდენიმე თვეა „ველმონდის“ სახელით ფუნქციონირებს და როგორც დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადეს, დღეის მდგომარეობით 280 სტუმარი ჰყავს.

ჟურნალისტების დაპატიჟების გადაწყვეტილება სასტუმროში მას შემდეგ მიიღეს, რაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა გაავრცელა განცხადება იმის შესახებ, რომ სასტუმროში უსაფრთხოების ზომები დაცული არ არის და სასამართლოს სასტუმროსა და სამორინეს ექსპლუატაციის შეჩერების თხოვნით მიმართა.

სასტუმროს მენეჯერმა, ალბერ ფინაშმა, დღეს ჟურნალისტებს აჩვენა რამდენიმე ახალი გასასვლელი, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ახალ გასასვლელზე სპა სალონიდან, რომელიც საევაკუაციო კიბეს უკავშირდება და იქვე არსებულ ცეცხლმაქრ ბალონებზე.

სახანძრო კიბე, რომელიც მანამდე მხოლოდ ორ სართულს წვდებოდა, ამჯერად ექვს სართულს ფარავს და უკავშირდება შენობის სახურავს. სასტუმროს მენეჯერმა ისაუბრა ასევე სახურავის ქვეშ დამონტაჟებულ სიგნალიზაციაზე, რომელიც დაკვამლიანების შემთხვევაში უნდა ჩაირთოს. გარდა ამისა, სართულებზე დამონტაჟებული კამერებით აკვირდებიან, რა ხდება სართულების ფოიეში.

სასტუმროში დარწმუნებულები არიან, რომ  დღეს სასტუმრო უსაფრთხოების თვალსაზრისით სრულიად გამართულია, ამიტომაც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მოთხოვნის მიუხედავად, მუშაობის შეჩერებას არ გეგმავენ. სასტუმროს იურისტი სარჩელს ამზადებს, რომლითაც სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინებას სასტუმროსა და სამორინე „ველმონდის“ ექსპლუატაციის შეჩერების თაობაზე.

სააგენტოს ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სპეციალისტებმა, 2018 წელს სასტუმროსა და სამორინეში სახანძრო უსაფრთხოების მიზნით, სამჯერ განახორციელეს [დეტალური, საკონტროლო და მიზნობრივი] სახანძრო-ტექნიკური შემოწმება. გაიცა 43 რეკომენდაცია, რომელთა უმეტესობა არ შესრულებულა.

სასტუმროში აღიარებენ, რომ სააგენტოს 43 მოთხოვნიდან, მხოლოდ ნახევარი შეასრულეს და ამბობენ, რომ სხვა მოთხოვნების შესასრულებლად გონივრული ვადა აქვთ, 2018 წლის დეკემბრამდე. შეუსრულებელი მოთხოვნების ჩამონათვალშია კიდევ ერთი ალტერნატიული სახანძრო კიბის მოწყობა და კვამლის გამწოვი სისტემის დამონტაჟება…

სპეციალისტების დასკვნით, ის, რომ შენობაში არ არის დამონტაჟებული კვამლსაწინააღმდეგო დაცვის სისტემები, ხანძრის შემთხვევაში შენობაში მყოფ ადამიანებს არ უტოვებს უსაფრთხო ადგილას ევაკუაციისა და გადარჩენის შესაძლებლობას. ​

გასული წლის ხანძრის შეფასების შედეგებმა აჩვენა, რომ ადამიანთა დაღუპვის ძირითადი მიზეზი სწორედ კვამლსაწინააღმდეგო სისტემების არარსებობა გახდა.

გარდა ამისა, სააგენტოს სპეციალისტების დასკვნებით კვლავ ვერ ხერხდება სამშენებლო კონსტრუქციების ცეცხლმედეგობისადმი დადგენილი ნორმების რეალიზება, რაც ხანძრის შემთხვევაში ცეცხლის სწრაფად გავრცელების საშიშროებას ქმნის. შენობაში არ შექმნილა საევაკუაციო გზებისთვის დამატებითი ინფრასტრუქტურა და გაურკვეველია, როდის დამონტაჟდება სართულების დამაკავშირებელი გარე საევაკუაციო კიბე.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, სპეციალისტების დასკვნის საფუძველზე, სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე, დაუშვებლად მიიჩნევდა სასტუმრო და სამორინე “ველმონდის” შენობის ექსპლუატაციაში შესვლას. თუმცა სასტუმროს ადმინისტრაციამ მიმდინარე წლის 17 მაისს, სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის სამსახურის მოთხოვნისა და 2017 წლის 24 ნოემბერს სასტუმროში მომხდარი ხანძრის შედეგების სრული იგნორირებით, განაახლა შენობის ექსპლუატაცია.

დღეს სასტუმროს იურისტმა კახა წერეთელმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ სააგენტოს 17 მაისის განცხადება სასტუმროს ადმინისტრაციას არ ჩაჰბარებია. გარდა ამისა, მისივე თქმით, სასტუმროს გახსნის შესახებ ინფორმაცია ადმინისტრაციას მერიასთან ან სხვა რომელიმე სტრუქტურასთან არ შეუთანხმებია, რადგან ასეთი საჭიროება დღის წესრიგში არ იდგა.

ალბერ ფინაში

გადაბეჭდვის წესი


ასევე: