მთავარი,სიახლეები

ვინ ყიდის და ვინ იყენებს ბათუმის საკანალიზაციო წყლიდან მიღებულ სასუქს

29.06.2018 • 3833
ვინ ყიდის და ვინ იყენებს ბათუმის საკანალიზაციო წყლიდან მიღებულ სასუქს

ბათუმის გამწმენდ ნაგებობაზე გასულ წელს 17 მილიონამდე კუბური მეტრი საკანალიზაციო წყალი გაიწმინდა. საკანალიზაციო წყლების გაფილტვრა-გაწმენდის შედეგად, ყოველწლიურად, დაახლოებით 300 კუბური მეტრი მშრალი მასა – გაუწყლოებული შლამი რჩება, რომელიც ერთგვარი სასუქია. გადამუშავებულ შლამს „ბათუმის წყალი“ ყიდის, მუნიციპალური ორგანიზაციებს კი, მაგალითად „ბათუმის გამწვანებას“, ეს შლამი უფასოდ გააქვს.

გამწმენდი ნაგებობა, რომელიც ზღვისპირას, აეროპორტის ასაფრენ ზოლსა და მდინარე ჭოროხს შორის, ადლიის დასახლებაში მდებარეობს, 2012 წლის მარტიდან 24 საათიან რეჟიმში მუშაობს.

გამწმენდი ნაგებობა დღე-ღამეში დაახლოებით 60 ათას კუბურ მეტრ საკანალიზაციო წყლებს ღებულობს ბათუმის სამი და ასევე ახალისოფელი-გონიო-სარფის შვიდი სატუმბი სადგურიდან.

ადლიის გამწმენდი ნაგებობა / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

„წყალი ჯერ იწმინდება მექანიკურად. პირველი ეს არის – გაცხრილვა. ეს ნიშნავს, რომ მექანიკური დაბინძურება, რაც არის 6-მილიმეტრიან ცხაურზე რჩება. შემდეგ ხდება ქვიშის და ცხიმის მოშორება და წყალი შედის სპეციალურ აუზებში, სადაც ილექება პირველადი შლამი. ფეკალურ შლამს აქვს სუნი, ბაქტერიებით გადამუშავების შემდგომ კი რჩება მიწისებური უსუნო მასა, რომელსაც ვტუმბავთ აუზებიდან, ვაგროვებთ შლამის რეზერვუარში და შემდგომ სპეციალურ პრესსში, სადაც ვაშრობთ სოლარულად“, – გვითხრა მარიკა გვიანიძემ, ადლიის წყალარინების გამწმენდი ნაგებობისა და სატუმბო სადგურების სამსახურის უფროსმა.

მისივე თქმით, აუზებში მექანიკურად გაწმენდილი წყალი იტუმბება ბიოლოგიურად გამწმენდ განყოფილებაში – ბიოფილტრებში, სადაც წყალი 24 საათის განმავლობაში ცირკულირებს.

ბიოლოგიური გაწმენდის შემდეგ წყალი გადადის საბოლოო სალექარში, სადაც ილექება შეწონილი [ბიოფილტრიდან ჩამორეცხილი] ნაწილაკები. ამის შემდეგ წყალი საბოლოოდ იწმინდება და 1090 მეტრი სიგრძის მილის მეშვეობით შავ ზღვაში, 40 მეტრ სიღრმეში ჩაედინება.

გამწმენდ ნაგებობაზე აცხადებენ, რომ ლაბორატორიულად მოწმდება, როგორც შემომავალი, ასევე გამავალი [ზღვაში ჩასაშვები] წყლები, რის მიხედვითაც ადგენენ გაწმენდის ეფექტურობას და ზღვრულ ნორმებს.

მსოფლიოში არაერთი ქვეყანაა, სადაც ზღვაში ჩაშასვებ წყალს ტექნიკურ წყლად იყენებენ. მარიკა გვიანიძე ამბობს, რომ ჩამდინარე წყლის გაწმენდა სასმელ წყლამდეც შეიძლება, თუმცა „გაწმენდილ წყალს იყენებენ იმ ქვეყნებში, სადაც სასმელი წყლის ნაკლებობაა და წყალი ძვირადღირებულია. ჩვენ გვაქვს აქ ჭა და ვაგროვებთ ტექნიკურ წყალს, რომელსაც გარეცხვისთვის ვიყენებთ. საქართველოში არ დგას იმის საჭიროება, რომ ჩამდინარე წყლის გაწმენდაზე, როცა ამდენი მდინარეა, დიდი ხარჯი გასწიო. ეს უფრო ძვირადღირებული ტექნოლოგიაა, ვიდრე მდინარის წყალი გაფილტრო, დეზინფექცია ჩაუტარო და სასმელ წყლად მიაწოდო მოსახლეობას“.

ადლიის გამწმენდი ნაგებობა / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

მარიკა გვიანიძის თქმით, გამწმენდ ნაგებობას ნარჩენი, როგორც ასეთი, თითქმის არ გააჩნია. ერთადერთი არის გაცხრილვითი ნარჩენები და ქვიშა, რომელიც გააქვთ ჩვეულებრივ ნაგავსაყრელზე: „ჩვენ ვატარებთ მძიმე მეტალებზე ანალიზს და რადგანაც ბათუმი არაა ინდუსტრიული ქალაქი, მძიმე მეტალები არ არის შლამში. ეს შლამი გააქვთ დეკორატიულ  მებაღეობაში, გამწვანებაში. ეს არის ძალიან კარგი სასუქი. სასოფლო სამეურნეო ნაკვეთებშიც შეიძლება შეტანა, თუმცა ამას თავისი წესები აქვს, ამიტომ შლამის გამოყენება დეკორატიულ მებაღეობაში უფრო რეკომენდებულია“.

შლამის გატანა ნებისმიერ პირს შეუძლია, ვინც შესაბამის ხელშეკრულებას გააფორმებს შპს „ბათუმის წყალთან“. „ბათუმის წყალში“ გვითხრეს, რომ 1 კუბ/მ შლამის ფასი 30 ლარია. კომპანიის ინფორმაციით, წლის განმავლობაში გამწმენდ ნაგებობაზე საშუალოდ 300 კუბური მეტრი შლამი გროვდება.

„მანქანა მოდის და ვუტვირთავთ ბორტზე. არანაირი დახარისხება-დაფასოება არ ხდება. გამწმენდი ნაგებობა ისედაც ძვირადღირებულია და ახლა კიდევ შლამის ტომრებში დაფასოებისთვის ცალკე ქარხანა უნდა ჩამოაყალიბო, რასაც სჭირდება ძალიან დიდი ტექნოლოგია. ამ ეტაპზე არ დგას დღის წესრიგში საკითხი, რომ ასეთი სახე მიეცეს შლამს“, – ამბობს მარიკა გვიანიძე.

ადლიის გამწმენდი ნაგებობა / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, გამწმენდი ნაგებობისა და კიდევ 10 სატუმბი სადგურის ექსპლუატაციისთვის [ლაბორატორიისა და ელექტროენერგიის ხარჯის ჩათვლით] წელიწადში დაახლოებით 1,5 მილიონი ლარი იხარჯება, რაშიც არ შედის ადმინისტრაციული ხარჯები.

ბათუმში, ადლიის დასახლებაში, გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა 2010 წელს დაიწყო და 2012 წელს დასრულდა. პროექტი ავსტრიულმა კომპანიამ Posch&Partner Hydro Ingenieure შექმნა, ხოლო გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკმა 17 მილიონი ევროთი დააფინანსა.

სწორედ გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტის თანახმად დაიწყო 2007 წელს, ბათუმის წყალარინების ახალი ქსელის გაყვანა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მესამე ფაზის სამუშაოები. დაფინანსებულია მეოთხე ფაზაც.

გამწმენდ ნაგებობაზე ჯერ არ არის დაერთებული ბარცხანის, თამარის, მახინჯაურის დასახლებები და ბათუმს შემოერთებული ტერიტორიები.

რა ეტაპზეა დღეს ბათუმში საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაცია? – იხილეთ ბმული:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/143726/

https://batumelebi.netgazeti.ge/news/11129/

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: