მთავარი,სიახლეები

მოხუცი ქალის დაყაჩაღების საქმე – ბრალდებულია ორი არასრულწლოვანი

02.05.2018 • 2237
მოხუცი ქალის დაყაჩაღების საქმე – ბრალდებულია ორი არასრულწლოვანი

ჩაქვში მომხდარი ყაჩაღობის საქმეზე მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა არასრულწლოვანი ბრალდებული წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლა. მეორე არასრულწლოვან ბრალდებულთან კი საპროცესო შეთანხმება შედგა.

შემთხვევა გასული წლის 6 ნოემბერს მოხდა. მოხუც ქალს, რომელიც სახლში მარტო ცხოვრობს და არაყს ყიდდა, ორი შენიღბული პირი თავს დაესხა და დანის მუქარით 100 ლარი მოსთხოვა. მოხუცმა თავდამსხმელებს 80 ლარი და ძვირფასეულობა მისცა. რამდენიმე დღეში სამართალდამცველებმა 17 წლის ორი ბიჭი დააკავა, მათ შორის, ერთი დაყაჩაღებული მოხუცის მეზობელია.

არასრულწლოვანი, რომელიც მოხუცის მეზობელია, ბრალს არ აღიარებს. მის საქმეს დახურულ პროცესზე მოსამართლე გიორგი გრატიაშვილი განიხილავს. ადვოკატ ზაზა პაპიძეს გამამართლებელი განაჩენის მოლოდინი აქვს, რადგან „მოხუცს თავდამსხმელები არ დაუნახავს, გამამატყუნებელი განაჩენი კი, მხოლოდ ერთი არასრულწლოვნის ჩვენებას არ უნდა დაეყრდნოს, რომელიც ამბობს, რომ ორივე ერთად დაესხა თავს მოხუცს“.

მეორე არასრულწლოვანთან, რომელიც ქობულეთის სხვა სოფელში ცხოვრობს და რომელმაც ბრალი აღიარა, პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას აფორმებს. ამ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას მოსამართლე ლევან გელოვანი მიიღებს 3 მაისის სხდომაზე.

ადვოკატ ზაზა პაპიძის თქმით, არასრულწლოვანი, რომელმაც მოხუცზე ყაჩაღობის შემთხვევა აღიარა, 2 წელს ციხეში გაატარებს, 4 წელი კი, პირობითი მსჯავრის ქვეშ იქნება.

არასრულწლოვნის აღიარებითი ჩვენების გარდა საქმეში დევს ტაქსის მძღოლის ჩვენება, რომელმაც არასრულწლოვნები ჩაქვიდან ქობულეთში წაიყვანა. მან ამ საქმეზე დაკავებული ორივე არასრულწლოვანი ამოიცნო.

საქმეში კიდევ ერთი მტკიცებულება სიგარეტის ნამწვია, რომელიც სამართალდამცველებმა მოხუცის ეზოში იპოვეს. ექსპერტიზის მიხედვით, სიგარეტს მოხუცის ეზოში ის არასრულწლოვანი ეწეოდა, რომელიც ბრალს არ აღიარებს.

„ეს არაა მტკიცებულება. არასრულწლოვანი მოხუცის მეზობელია და ის ხშირად გადადიოდა მასთან, ეხმარებოდა,“ – ამბობს ადვოკატი ზაზა პაპიძე.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: