მთავარი,სიახლეები

როცა წყლის მოსაკრებლის გადაუხდელობის გამო შუქს გითიშავენ – საკონსტიტუციო სარჩელი

27.04.2018
როცა წყლის მოსაკრებლის გადაუხდელობის გამო შუქს გითიშავენ – საკონსტიტუციო სარჩელი

მოქალაქე ანა ფირცხალაიშვილის სარჩელს პარლამენტისა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლო დღეს, 27 აპრილს, განიხილავს. მოქალაქე იმ სამართლებრივ ნორმებს ასაჩივრებს, რომლის მიხედვითაც ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და დასუფთავების მომსახურების და მათი საფასურის, მოსაკრებლის გადახდა ერთიანი სისტემით ხორციელდება.

ამ სისტემის ფარგლებში კომუნალური მომსახურების მიმწოდებელი (ადმინისტრატორი) უფლებამოსილია, მომხმარებელს შეუწყვიტოს საკუთარი მომსახურების გაწევა, თუ მომხმარებელი არ გადაიხდის ან არასრულად გადაიხდის ერთ-ერთი სხვა მომსახურების საფასურს/მოსაკრებელს. სადავო ნორმა ითვალისწინებს ელექტროენერგიის მომსახურების შეწყვეტას დასუფთავების მომსახურების ან წყალმომარაგების საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში.

საკონსტიტუციო სარჩელის მიხედვით, ანა ფირცხალაიაშვილს გასულ წელს წყლის მოსაკრებლის გადაუხდელობის გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტეს. სს „თელასი“ დაეყრდნო საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების  მარეგულირებელი ეროვნული კომისიის  2010 წლის გადაწყვეტილებას, აბონენტს ელექტროენერგიის სს „თელასის“ სააბონენტო ანგარიშზე გადახდილი ჰქონდა ელექტროენერგიის საფასური.

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო რეგულაცია ძალაშია 2010 წლიდან დღემდე და, შესაბამისად, მას სამომავლოდაც ემუქრება ანალოგიური შედეგის დადგომა, თუ მას არ სურს ან არ შეუძლია მიიღოს სამივე მომსახურება ერთდროულად და გადაიხადოს სამივე მომსახურების ღირებულება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების  მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 13 ოქტომბრის N 24/3 გადაწყვეტილებით დადგენილი ერთიანი ადმინისტრირების წესით.

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ არაკონსტიტუციურია სადავო ნორმა, რომლის მიხედვითაც მომხმარებელს შეიძლება შეუწყდეს იმ კომუნალური მომსახურების მიწოდება, რომლის საფასურიც მას გადახდილი აქვს და აღნიშნული მომსახურება მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მისი პოზიციით, ამგვარი მოწესრიგება ეწინააღმდეგება ადამიანის პატივისა და ღირსების ხელშეუვალობის უფლებას.

საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: