მთავარი,სიახლეები

ადვოკატი: ბათუმის ციხეში ბრალდებულს ვერ შემახვედრეს

12.06.2020 • 1856
ადვოკატი: ბათუმის ციხეში ბრალდებულს ვერ შემახვედრეს

„დაახლოებით სამი საათი ველოდი ბრალდებულთან შეხვედრას. ბათუმის ციხე მას შემდეგ დავტოვე, როცა ციხის ადმინისტრაციამ ვერ მიპასუხა კონკრეტულად, როდის მოხერხდებოდა ბრალდებულთან ჩემი  შეხვედრა,“ – ამბობს ადვოკატი დავით ჯაფარიძე. მისი თქმით, პრობლემები პანდემიის დროს გაჩნდა, როცა ადვოკატები თავიანთი დაცვის ქვეშ მყოფებს შეხვედრების ოთახში ვეღარ ხვდებიან და ამისთვის ე.წ. პაემნების ოთახს იყენებენ, რომელიც მინითაა გადატიხრული. ასეთი ოთახი ბათუმის მე-3 დაწესებულებაში სულ სამია.

„პრობლემა ისაა, რომ პაემნების ოთახს ხან სხვა პატიმრის ოჯახის წევრი იკავებს, ხან გამომძიებელი, სახალხო დამცველის წარმომადგენელი… არ მაქვს პრობლემა, მაგრამ გაურკვეველია, როდის უნდა ისარგებლოს ბრალდებულმა ადვოკატთან შეხვედრის უფლებით, რისი უფლებაც მას კანონით აქვს?“ – კითხულობს ადვოკატი და დასძენს, რომ ის ბათუმის ციხეში სპეციალური აღჭურვილობით მივიდა, რომლითაც შეხვედრების ოთახში ბრალდებულთან შეხვედრაც უსაფრთხო იქნებოდა, თუმცა ადმინისტრაციისგან უარი მიიღო.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის პრესცენტრიდან მოგვწერეს, რომ 25 მაისიდან აღადგინეს ხანმოკლე პაემნები, თუმცა მხოლოდ მინის ბარიერის პირობებში. უწყებაში განმარტეს, რომ იმ ოთახების ადაპტირებას, სადაც ადვოკატები ხვდებოდნენ დაცვის ქვეშ მყოფებს, რამდენიმე კვირა დასჭირდება.

„სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელობაც დადგა ფაქტის წინაშე, რომ შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნასთან ერთად, სისტემის იმგვარად ადაპტირება გახდა საჭირო, რომ პრევენციული ზომები პრაქტიკულად მუდმივ ხასიათს უნდა ატარებდეს, ვინაიდან ეპიდემიოლოგები გვაფრთხილებენ, რომ გარკვეული დროის განმავლობაში ახალ კორონავირუსთან თანაცხოვრება მოგვიწევს. შესაბამისად, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, ისევე როგორც სხვა უწყებებს, საკმაოდ ცოტა დრო აქვს იმისთვის, რომ სისტემის ადაპტირება მოხდეს არსებულ რეალობასთან.

მას შემდეგ, რაც ოჯახის წევრებთან ხანმოკლე პაემნები აღდგა, ადვოკატებთან და ოჯახის წევრებთან შეხვედრისათვის მორიგეობით გამოიყენება ხანმოკლე პაემნების ოთახები, სადაც არის მინის ბარიერები დამონტაჟებული, რამაც შექმნა გარკვეული შეფერხება და ზოგ შემთხვევაში ადვოკატებს უწევთ გარკვეული დროით ლოდინი მათ დასაცავ პირებთან შესახვედრად.

პენიტენციური სამსახური აცნობიერებდა, რომ მსგავსი პრობლემის წინაშე დადგებოდა, მაგრამ პრიორიტეტი პატიმრებისთვის პაემნების უფლების აღდგენა იყო.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს იმ ოთახების კაპიტალური რემონტი და შესაბამისი ინვენტარით აღჭურვა (რასაც რამდენიმე კვირა დასჭირდება), სადაც ვირუსის გავრცელებამდე ადვოკატები ხვდებოდნენ მათ დასაცავ პირებს, რათა შექმნილი მდგომარეობა გაუმჯობესდეს და ადვოკატებს კვლავ მიეცეთ მათ დასაცავ პირებთან დროულად და დაუბრკოლებლად შეხვედრის საშუალება ეპიდემიოლოგების მიერ რეკომენდებული წესების დაცვით.

სპეციალური პენიტენციური სამსახური მიმართავს ადვოკატებს, გაგებით მოეკიდონ ამ დროებით შეფერხებას, რის აღმოფხვრაზეც მუშაობა უკვე დაწყებულია,“ – მოგვწერეს სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: