მთავარი,სიახლეები

კოკოტაურში მაღალი ძაბვის გადამცემ ანძასთან ტერიტორიას იკვლევენ

04.03.2018 • 2560
კოკოტაურში მაღალი ძაბვის გადამცემ ანძასთან ტერიტორიას იკვლევენ

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკოტაურში, ტერიტორიაზე, სადაც მაღალი ძაბვის 220 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის ანძა მდებარეობს, გეოლოგები მუშაობენ და ანძის მიმდებარე ტერიტორიას სწავლობენ. 

საქართველოს ელექტროსისტემის მმართველთა საბჭოს წევრის, გიორგი შარკოვის ინფორმაციით, გეოლოგიური შესწავლის საჭიროება მიწაზე გაჩენილმა ბზარებმა გამოიწვია:

„ტერიტორიის გეოლოგიური კვლევის ჩატარების ვალდებულება ჩვენს კონტრაქტორ მშენებელ კომპანიას აქვს, რომელმაც ქსელი ააშენა და ანძების განთავსებამდე ტერიტორია გეოლოგიურად შეისწავლა. იმ დასკვნების თანახმად შესაძლებელი იყო ანძების განთავსება. 

ჩემი ინფორმაციით, სოფელ კოკოტაურში ანძის მიმდებარე ტერიტორია დაბზარულია და სწორედ ამან განაპირობა გეოლოგიური შესწავლის საჭიროება, როგორც აღნიშნე, ამ ეტაპზე მოკვლევა მიმდინარეობს, სავარაუდოდ, ერთ კვირაში გახდება ცნობილი კვლევის შედეგები”. 

გიორგი შარკოვის ინფორმაციით, გეოლოგიური შესწავლა მხოლოდ ერთ ანძასთან გახდა საჭირო. კითხვაზე, იმ შემთხვევაში, თუ ანძის გადატანის საჭიროება დადგება, სად განათავსებენ მას, გიორგი შარკოვი ადგილს ვერ აკონკრეტებს, თუმცა ამბობს, რომ მოკვლევის შემდეგ ყველა საჭირო ღონისძიება გატარდება, რაც უზრუნველყოფს ხაზისა და კონკრეტული ანძის უსაფრთხოებას. 

მთავარ ფოტოზე: ელექტროგადამცემი ანძა კოკოტაურში. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: