მთავარი,რეკლამა,სიახლეები

რამ შეჭამა თხილი?!

02.03.2018 • 3268
რამ შეჭამა თხილი?!

თხილი, როგორც საექსპორტო საქონელი

53%-იანი კლების მიუხედავად, საქართველოს 10 მთავარ საექსპორტო საქონელში თხილი ჯერ კიდევ ინარჩუნებს პოზიციას. საქსტატის მონაცემებით, 2017 წელს თხილისა და კაკლის ექსპორტმა 82 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს მთლიანი საექსპორტო მაჩვენებლის 3%-ია.

მიუხედავად მნიშვნელობისა, ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში თხილის ოდენობა იკლებს. თუკი 2015 წელს 19 ტონამდე თხილი იქნა წარმოებული, შემდეგ წელს მოსავალი, თითქმის, 3 ტონით შემცირდა. ჯერ უცნობია 2017 წლის მონაცემები, თუმცა ვარაუდობენ, რომ  თხილის რაოდენობამ, გასულ წელს მნიშვნელოვნად იკლო.

რამ შეჭამა თხილი?

აზიური ფაროსანა – ასე ჰქვია ბაღლინჯოს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში  2015 წელს გამოჩნდა და რომლის მავნებლობასაც უკავშირებენ ფერმერები მოსავლის განადგურებას. თხილის გარდა, აზიური ფაროსანა სხვადასხვა კურკოვანი და თესლოვანი კულტურით იკვებება, აზიანებს ციტრუსსა და  ბოსტნეულს.

,,თხილის გაფუჭების ერთადერთი მიზეზი აზიური ფაროსანაა. დაავადებები ჩვენთან გავრცელებული არ არის“, – ამტკიცებს სოფელ შრომაში მცხოვრები ოთარ გოგოძე. ამბობს, რომ თანასოფლელების უმრავლესობის მსგავსად, შარშან იგი შემოსავლის ძირითადი წყაროს, თხილის გარეშე დარჩა.

სოფლის მეურნეობის უწყებაში მიიჩნევენ, რომ მოსავლის გაფუჭება აზიურ ფაროსანას უბრალოდ ,,დაბრალდა“. სოფლის მეურნეობისა და სურსათის დეპარტამენტის უფროსი, თენგიზ კალანდაძე ამბსობს, რომ მავნებლის წილი კულტურის დაზიანებაში მაქსიმუმ 10%-ია და თხილის გაფუჭების მიზეზი ბაქტერიულ და სოკოვან დაავადებებთან ერთად, არასწორი აგროტექნოლოგიური სამუშაოები გახდა.

ოთარ გოგოძე ამბობს, რომ თხილი ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატით შეწამლა, თუმცა დაზიანებისგან მაინც ვერ გადაარჩინა.

მოსავალი დანაკარგის გარეშე

ოთარ გოგოძისგან  განსხვავებით,  მოსავლის, თითქმის, სრულად აღება მოახერხა მერაბ ნადარაიამ. თხილი კომპლექსურად – სოკოვანი დაავადებებისა და აზიური ფაროსანას წინააღმდეგ შეწამლა. პროცესი სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ მარტიდან დაიწყო და ივლისის ჩათვლით, ღონისძიებას ყოველთვიურად აწარმოებდა. რაც შეეხება აზიური ფაროსანას წინააღმდეგ წამლობას, ფერმერმა თხილის პლანტაცია ორჯერ – ივნისსა და ივლისში შეწამლა.

აგროტექნიკური სამუშაოების სრული ციკლის დაცვზე საუბრობენ სოფლის მეურნეობის უწყებაშიც. თენგიზ კალანდაძის თქმით,  მცენარეების მოვლის კულტურა მოსავლის შენარჩუნებისთვის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა.

როდის შევწამლოთ თხილი

სწორი აგროტექნოლოგიური სამუშაოების ჩატარება თხილის კულტურაში მარტის დასაწყისში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სწორედ ამ დროს ხდება სხვადასხვა დაავადებისა და მავნებლის გავრცელება, შესაბამისად, ნაყოფის ჯერ კიდევ ყვავილობისას დაზიანება. მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის კვლევების დეპარტამენტის უფროსი  ზურაბ ხიდაშელი ამბობს, რომ პირველი შესხურება თხილის გულის სიდამპლის გამომწვევი ბაქტერიული-სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ – სპილენძისშემცველი პრეპარატებით უნდა მოხდეს.  მეორე შეწამვლა თხილნარში კვირტის გახსნისას ხდება, თუმცა აქ უკვე კომბინირებულ წამლობასთან გვაქვს საქმე, სპილენძის შემცველ პრეპარატებს ინსექტიციდები ემატება. ეს კი იმ შემთხვევაშიი, თუ თხილის ტკიპის გავრცელების ალბათობა 5%-ზე მეტია.

როდის ვწამლავთ კულტურას აზიური ფაროსანასაგან დასაცავად?

მესამე წამლობა თხილის ნაყოფის ფორმირების პერიოდში ხდება – მაისის ბოლო-ივნისის დასაწყისი. აქ პროცესის დაწყება, რა თქმა უნდა, ტემპერატურასა და შესაბამისად, აზიური ფაროსანას აქტიურობაზეა დამოკიდებული.

დარგის სპეციალისტი ამბობს, რომ თხილის კულტურის დაცვა ხშირად იმიტომ ჭირს, რომ ფერმერები შეწამვლის ღონსძიებების განრიგს არ იცავენ. ხიდაშელი აღნიშნავს, რომ  ბუკლეტი თხილის შესაწამვლ პერიოდებში მოსახლეობას უკვე დაურიგდა და ფერმერებს აგროვადების მიხედვით მოქმედებას სთხოვს.

პირველი წამლობის დროა

აგროკალენდრის მიხედვით, პირველი შეწამვლისთვის ემზადება მერაბ ნადარაია.

,,გასულ წელს მოსავალი სწორი შეწამვლებით შევინარჩუნე. მეზობლებსაც ვურჩევდი, მაგრამ ძველი, შეჩვეული მეთოდებით ამჯობინეს მოქმედება… ფიქრობენ, რომ თხილს მოვლა არ სჭირდება. ზოგმა ფაროსანას წინააღმდეგ  კი შეწამლა, მაგრამ სოკოზე აღარ“, – გვიყვება ფერმერი.

2017 წელს ნადარიამ 50 ჰექტარზე 45 ტონა თხილის მოსავალი აიღო.

თხილის კულტურა დასავლეთ საქართველოშია პოპულარული, განსაკუთრებით კი სამეგრელოში, გურიასა და იმერეთში. საქსტატის 2016 წლის მონაცემებით, შესაბამისად აქ 15.3; 7.2 და 3,4 ათასი ტონა თხილი მიიღეს.

სტატია მომზადებულია ,,ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ EBRD-ის მხარდაჭერით ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც,,ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ –  JRC პარტნიორმედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.

ეკატერინე მამამთავრიშვილი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: