მთავარი,სიახლეები

შეწყალებულმა კაცი მოკლა, მას 20 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

01.03.2018 • 3551
შეწყალებულმა კაცი მოკლა, მას 20 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

განზრახ მკვლელობისთვის 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა სოსო დრობიშევს მიუსაჯა. საუბარია გასული წლის ზაფხულში ქობულეთში მომხდარ მკვლელობაზე. მსჯავრდებული მკვლელობისთვის ერთხელ უკვე გასამართლებულია. მას 1995 წელს სიკვდილით დასჯა შეუფარდეს. სასჯელის ამ სახის გაუქმების შემდეგ კი, ვადიანი პატიმრობა მიუსაჯეს. 2011 წელს სოსო დრობიშევი პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე გაათავისუფლეს.

ლუდის საყიდლად სოფელ ცეცხლაურში მდებარე სუპერმარკეტში სოსო დრობიშევი 29 ივლისს, საღამოს 11 საათზე შევიდა. მაღაზიის ვიდეოსათვალთვალო კამერის ჩანაწერის მიხედვით, მსჯავრდებულს მაღაზიაში მყოფ ორ პირთან შელაპარაკება ჰქონდა, მათ შორის, ზურაბ სურმანიძესთან, რომელიც გარდაიცვალა. შელაპარაკების შემდეგ დრობიშევი მარკეტს ტოვებს და რამდენიმე წუთში დანით ხელში ბრუნდება უკან. კონფლიქტი მაღაზიის გარეთ გრძელდება, სადაც მსჯავრდებულმა 44 წლის გურამ სურმანიძეს მუცლის არეში დანა დაარტყა.

“მაღაზიაში მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, მან ეს ვერ აიტანა და განზრახ მკვლელობა განიზრახა,”- მიმართა მოსამართლეს პროკურორმა ვლადიმერ თურმანიძემ.

“ასე არ ყოფილა,”-  თქვა ადვოკატმა ომარ ხაჯიშვილმა. – „ბრალდებულს არაფერი ჰქონდა საერთო გარდაცვლილთან… თუ კარგად დააკვირდებით კადრებს, ჩანს, რომ კონფლიქტი დაიწყო მაღაზიაში ვინმე ნარიმანის შესვლის მომენტიდან. ის იყო ნასვამ მდგომარეობაში და დაიწყო უმიზეზოდ გინება. ის სოსოს ფიზიკურადაც თავს დაესხა… ბრალდებული ვერ გაუმკლავდა ამ ძალადობას და წავიდა სახლში, რომ საკუთარი ღირსება დაეცვა. რეალურად ეს ამბავი ნარიმანის გამო მოხდა, რომელიც ახლა თავისუფლად დასეირნობს”.

დანის დარტყმის შემდეგ ზურაბ სურმანიძე საკუთარი სახლისკენ წავიდა. გამოძიების ვერსიით, მას უკან გამოედევნა სოსო დრობიშევი, რასაც სასამართლო პროცესზე ბრალდებული უარყოფდა.

„მას ჯერ კიდევ შეეძლო სიარული, სისხლი სდიოდა,” – განაგრძო პროკურორმა. – „სახლთან საკუთარი ბიჭი დახვდა, რომელსაც უთხრა, მომდევენ, დაიმალეთო… ბიჭმა ქვების სროლა დაუწყო ბრალდებულს, რომელიც დანით ხელში მისდევდა დაჭრილს”.

დაჭრილი რამდენიმე წუთში საავადმყოფოში გადაიყვანეს. ორი დღის შემდეგ იგი გარდაიცვალა.

„იგი გარდაიცვალა სისხლნაკლებობის გამო,” – აღნიშნა ადვოკატმა. მისი თქმით, დაჭრილი ექიმების დაუდევრობის გამო გარდაიცვალა და არა დანით მიყენებული ჭრილობის სიმძიმის გამო.

პროკურორმა ვლადიმერ თურმანიძემ ადვოკატს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა შეახსენა, სადაც წერია, რომ “პაციენტი კლინიკაში შოკურ მდგომარეობაში მიიყვანეს და მას სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები ჰქონდა…”

შემთხვევის შემდეგ ბრალდებული მიიმალა. პროკურორმა თქვა, რომ სოსო დრობიშევი თავდაპირველად მდინარის პირას, ხიდის ქვეშ იმალებოდა, შემთხვევიდან 4 დღის შემდეგ კი, მსჯავრდებული ქუთაისში დააკავეს.

„თქვენ მოისმინეთ ბრალდებულის ჩვენება, როცა მან თქვა, რომ მკვლელობის მიზანი არ ჰქონია და ეს მიზანი რომ ჰქონოდა, ამის გამოცდილება ჰქონდა და იოლად გააკეთებდა ამას,“ – დასძინა პროკურორმა. მან ისიც თქვა, რომ ამ ჩვენების შემდეგ გამოძიებამ ექსპერტიზა დანიშნა ბრალდებულის ფსიქიკური ჯანმრთელობის შესამოწმებლად. ბრალდებული ფსიქიკურად ჯანმრთელი აღმოჩნდა.

„პირველ რიგში, განაჩენის სისწორეში თქვენმა ჩვენებამ დამარწმუნა,“ – მიმართა მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა მსჯავრდებულს სხდომის დასრულებამდე.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: