სიახლეები

”ოჯახში ძალადობა სახელმწიფოს პრობლემაა”

06.10.2015 • 1968
”ოჯახში ძალადობა სახელმწიფოს პრობლემაა”

 

გვანცა ლომაია

 

სიახლეა ის, რომ ქუთაისის ქუჩის შვიდ ნომერში არსებული ორგანიზაცია “იდენტობა” უფასო სამართლებრივ დახმარებას გაუწევს ყველა იმ ადამიანს ბათუმში, ვინც ოჯახში ძალადობის მსხვერპლია. იურისტები თბილისში, ქუთაისსა და ახლა უკვე ბათუმშიც მსხვერპლ ქალებს უფასოდ დაეხმარებიან პოლიციასთან ურთიერთობაში, სარჩელის დაწერასა და სასამართლოში წარდგენაში, ასევე ალიმენტის დაკისრების თაობაზე სასამართლო პროცესებზე იქნებიან მსხვერპლის წარმომადგენლები. ორგანიზაციამ ბათუმში მუშაობა მესამე თვეა რაც დაიწყო და ამ ხნის განმავლობაში ათამდე კონსულტაცია გაუწია ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალებს.

 

მსხვერპლებთან მუშაობის გამოცდილების შემდეგ ორგანიზაციის იურისტი გვანცა ლომაია “ბათუმელებთან” ამბობს, რომ ოჯახში ძალადობა მიიჩნევა ტაბუდადებულ თემად, ამიტომაც მისი შეფასებით, ოჯახში ძალადობის ფაქტების თითქმის 80% საზოგადოებისთვის უცნობია: “ხალხი, მათ შორის პოლიციის თანამშრომლები მიიჩნევენ, რომ ოჯახში ძალადობა ოჯახის პრობლემაა და მათი მოსაგვარებელია. ოჯახში ძალადობის დროს არ გვყავს ერთი დაზარალებული, როცა მამა ურტყამს დედას, იქვე მყოფი არასრულწლოვანი ბავშვები ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი ხდებიან. ოჯახში ძალადობა არის სახელმწიფოს პრობლემა, თუ სახელმწიფოს უნდა, რომ ჰყავდეს ჯანსაღი საზოგადოება, უნდა იზრუნოს ჯანსაღი გარემოს შექმნაზე”.

 

გვანცა ამბობს, რომ არსებობს კვლევა ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის საკითხებზე. კვლევის მიხედვით, ყველა მე-11 დაოჯახებული ქალი ოჯახში ძალადობის მსხვერპლია. კვლევის მიხედვით, რესპონდენტთა დაახლოებით 31% ფიზიკური ძალადობის მსხვერპლია, ხოლო რესპონდენტთა 35%-ის თქმით, მეუღლეები აკონტროლებენ მათ საქმიანობას.
ამავე კვლევის მიხედვით, რესპონდენტთა 78%-ს მიაჩნია, რომ ოჯახში ძალადობა ოჯახის პრობლემაა და ოჯახშივე უნდა მოგვარდეს. კიდევ ერთი პრობლემა კი არის სამართლებრივი ბერკეტების არ ცოდნა. მსხვერპლმა არ იცის, თუ რა სამართლებრივი მექანიზმი არსებობს ძალადობის თავიდან ასაცილებლად: “მათ არ იციან, რომ აქვთ თავშესაფარში განთავსების, დამცავი და შემაკავებელი ორდერების მოთხოვნის უფლება. არის კიდევ ეკონომიკური პრობლემები, როგორც წესი, ძალადობის მსხვერპლი ქალები ეკონომიკურად ოჯახში კაცებზე არიან დამოკიდებულები. მათ მარტო დარჩენა იმის გამო ეშინიათ, რომ ბავშვები შიმშილით დაეღუპებათ. ამიტომაც თავს არიდებენ რადიკალური ნაბიჯების გადადგმას”.

 

გვანცა ამბობს, რომ მსხვერპლ ქალებს ძირითადად აინტერესებთ, რა სავარაუდო შედეგი შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივ დავას, აინტერესებთ, როგორი იქნება შვილის მემკვიდრეობითი უფლებები განქორწინების შემთხვევაში: `ერთი ქალი იყო მოსული, რომელსაც ოთხი წლის წინ შვილი წაართვა მეუღლემ. არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც შვილი მიკუთვნებული ჰყავს დედას, თუმცა ეს გადაწყვეტილება ვერ სრულდება. მამამ წაიყვანა შვილი და შეაზიზღა დედა. იმდენად აქვს დედის მიმართ აგრესია გამჯდარი მოზარდს, რომ მან დედის დანახვაზე ყვირილი დაიწყო, ბავშვი ახლა ცხრა წლისაა და მამასთან ცხოვრობს”.

 

მეორე მსხვერპლს, რომელმაც ორგანიზაცია “იდენტობას” ბათუმში მიაკითხა, პირობით ელენა ჰქვია. ელენას ქმარი ალკოჰოლზეა დამოკიდებული. ელენა ბათუმში ორ მცირეწლოვან შვილთან და ქმართან ერთად ცხოვრობს. ის “იდენტობის” იურისტს მოუყვა, რომ მისი ქმარი ალკოჰოლის გარეშე უფრო აგრესიული იყო, მას ბავშვების თანდასწრებით სცემდა, ამტვრევდა საყოფაცხოვრებო ნივთებს, ცოლი იძულებული იყო კრედიტებით აღებული ფულით ქმრისთვის ალკოჰოლი ეყიდა. ერთხელაც ძალადობის დროს, 15 წლის შვილი ჩაერია. მამამ ამჯერად მოზარდიც სასტიკად სცემა, სახეში შეაფურთხა და შეურაცხყო. ელენა ბავშვებთან ერთად მშობლების სახლში წავიდა, დახმარებისთვის კი “იდენტობას” მიაკითხა. როგორც ელენა “იდენტობის” იურისტს მოუყვა, მისი ქმარი, შინ მარტო დარჩენის შემდეგ, ყიდის საყოფაცხოვრებო ნივთებს, მაგალითად, მაცივარი გაყიდა 50 ლარად:

 

“ელენას დავუწერე განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, რომელიც გულისხმობს ყადაღის დადებას ნივთებზე. ქმარს აღარ ექნება ბინიდან ნივთების გაყიდვის შესაძლებლობა. კანონით დადგენილია, რომ ამ განცხადებიდან 10 დღის შემდეგ სარჩელი უნდა შეიტანოს ცოლმა განქორწინებაზე. მაშინ, როცა განცხადება უნდა წარგვედგინა სასამართლოში, დამირეკა და მითხრა, რომ სხვა, არასამართლებრივი გზით აპირებდა პრობლემის მოგვარებას. მას არ სურდა შემაკავებელი ან დამცავი ორდერის გამოყენება, ვინაიდან ეს იყო დროებითი ღონისძიება. როცა მისი ქმარი ადრე 30 დღით წაიყვანეს ციხეში, შინ დაბრუნებულმა კიდევ უფრო მეტად იძალადა ცოლზე. მას ამიტომაც აღარ უნდოდა სასამართლოს გზით წასვლა”.

 

გვანცა ლომაია ამბობს, რომ მზადდება კანონპროექტი, რომელიც ძალაში მომავალ წელს შევა – ციხიდან მოძალადის გათავისუფლების შემდეგ უბნის ინსპექტორს დაევალება, გააკონტროლოს ადამიანის ქცევა, რომელიც სასჯელს ძალადობის გამო იხდიდა. გვანცას შეფასებით, ეს იქნება ეფექტური ღონისძიება სახელმწიფოს მხრიდან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს 2015 წლის 16 სექტემბრის მონაცემებით, მიმდინარე წელს ოჯახში ძალადობის 634 ფაქტი დაფიქსირდა, დევნა დაიწყო 564 პირის მიმართ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: