Batumelebi | ”ტურავა, მოდი სამსახურში” – აქცია საკონსტიტუციო სასამართლოსთან ”ტურავა, მოდი სამსახურში” – აქცია საკონსტიტუციო სასამართლოსთან – Batumelebi
RU | GE  

”ტურავა, მოდი სამსახურში” – აქცია საკონსტიტუციო სასამართლოსთან

 

16 სექტემბერს ბათუმის საკონსტიტუციო სასამართლოსთან არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი ზონას“ წევრებმა აქცია გამართეს. „მექრთამე მოსამართლე“,  „ტურავა მოდი სასამართლოში“ – ამ და სხვა ტრანსფარანტებით აქციის მონაწილეებმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის,  მერაბ ტურავას გადაწყვეტილება გააპროტესტეს. 15 სექტემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გიგი უგულავას საქმეზე გადაწყვეტილება ვერ გამოაცხადა, რადგან სხდომას არ ესწრებოდა საქმის არსებით განხილვაში მონაწილე მოსამართლე მერაბ ტურავა. როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებაშია ნათქვამი, „გადაწყვეტილების ხელმოწერის დროისთვის მერაბ ტურავა, მისივე განცხადებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ გამოცხადდა საკონსტიტუციო სასამართლოში.“ 

აქცია საკონსტიტუციო სასამართლოსთან

„ჩვენ ვაპროტესტებთ იმას, რომ მოსამართლე გაურბის მის პირდაპირ მოვალეობას, არ მოდის სასამართლოში და მოვუწოდებთ ტურავას, ნუ იმალება, მოვიდეს და მიიღოს გადაწყვეტილება გიგი უგულავას პროცესთან დაკავშირებით. მოვედით, რათა  შევახსენოთ მას მისი უფლებები და ვალდებულებები“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ ორგანიზაცია „თავისუფალი ზონას“ ხელმძღვანელმა თორნიკე ხალვაშმა.  მისი თქმით, ამ დროისათვის ორგანიზაცია „თავისუფალი ზონა“ 50-მდე ახალგაზრდას აერთიანებს.

აქციაზე იყვნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის წევრებიც.

„ჩვენ  ვითხოვთ მოსამართლე მერაბ ტურავამ აღასრულოს თავისი სამსახურეობრივი მოვალეობა,  გაეცნოს არსებულ საქმეს და ხელი მოაწეროს, რასაც მას კანონი და კონსტიტუცია ავალდებულებს. სამწუხაროა, რომ კონსტიტუციის გარანტი საქართველოში, არღვევს კონსტიტუციას, ის კვლავ მოქმედებს შევარდნაძისეული მეთოდებით, როცა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებისგან თავს იკავებდა  და ყოველთვის „ავად ხდებოდა“ – განაცხადა ირაკლი თავართქილაძემ.  

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები"